ტრეიდინგი
December 22, 2021

ეკონომიკის გზამკვლევი

ეკონომიკა არის სოციალური მეცნიერება, რომელიც მოიცავს საქონლისა და მომსახურების წარმოების, განაწილებისა და გამოყენების საკითხებს. ის შეისწავლის პროცესებს თუ როგორ არჩევენ საკუთარი რესურსების გადანაწილებას ინდივიდები, ბიზნესები, მთავრობები და ერები. ეკონომიკა ფოკუსირებულია ადამიანთა ქმედებებზე, დაფუძნებული ვარაუდებზე, რომ ადამიანები მოქმედებენ რაციონალური ქცევით, ეძებენ სარგებლიანობის ყველაზე ოპტიმალურ დონეს. ეკონომიკის სამშენებლო მასალა შრომისა და ვაჭრობის შესწავლაა. ვინაიდან ადამიანის შრომის მრავალი შესაძლო გამოყენება და რესურსების მოპოვების მრავალი განსხვავებული გზა არსებობს, ეკონომიკის ამოცანაა განსაზღვროს თუ რომელი მეთოდები იძლევა საუკეთესო შედეგებს.

ეკონომიკა ზოგადად შეიძლება დაიყოს მაკროეკონომიკად, რომელიც კონცენტრირებულია მთლიანობაში ეკონომიკის ქცევაზე და მიკროეკონომიკად, რომელიც ფოკუსირებულია ცალკეულ ადამიანებსა და ბიზნესზე.

საკვანძო საკითხები

  • ეკონომიკა არის სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ ანაწილებენ ადამიანები მწირ რესურსებს წარმოების, განაწილებისა და მოხმარებისათვის როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად.
  • ეკონომიკის ორი ძირითადი ტიპია მიკროეკონომიკა, რომელიც ფოკუსირებულია ინდივიდუალური მომხმარებლებისა და მწარმოებლების ქცევაზე და მაკროეკონომიკა, რომელიც განიხილავს მთლიან ეკონომიკას რეგიონული, ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით.
  • ეკონომიკა განსაკუთრებით ეძიებს ეფექტურობის საკითხს წარმოებასა და გაცვლაში და იკვლევს მოდელებსა და ვარაუდებს იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა შექმნას სტიმული და პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის ეფექტურობის დონეს.
  • ეკონომისტები აყალიბებენ და აქვეყნებენ უამრავ ეკონომიკურ ინდიკატორს, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI).
  • კაპიტალიზმი, სოციალიზმი და კომუნიზმი ეკონომიკური სისტემების ტიპებია.

ეკონომიკის შესახებ

ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ეკონომიკურად მოაზროვნე პიროვნება იყო ძველი წელთაღრიცხვით Vlll საუკუნეში მცხოვრები ფერმერი/პოეტი ჰესიოდე, თუმცა თანამედროვე დასავლური ეკონომიკის დაარსება მოხდა ბევრად უფრო გვიან, რაც შოტლანდიელი ფილოსოფოსის, ადამ სმიტის მიერ 1776 წელს გამოქვეყნებული წიგნის “ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების” დამსახურებაა.

ეკონომიკის პრინციპი (და პრობლემაც) არის ის, რომ ადამიანებს აქვთ შეუზღუდავი სურვილები და ცხოვრობენ შეზღუდულ სამყაროში. ამ მიზეზით ეკონომისტების მიერ დასახული ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ცნებები უმთავრესია. მათი მტკიცებით პროდუქტიულობის გაზრდამ და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებამ შესაძლოა ცხოვრების უფრო მაღალი დონე გამოიწვიოს.

მიუხედავად ამისა ეკონომიკა აღქმულია როგორც "სავალალო მეცნიერება". ეს ცნება ეკუთვნის მიერ შოტლანდიელ ისტორიკოს ტომას კარლაილს (1849), რომელმაც ეს ტერმინი გამოიყენა იმ თანამედროვე ეკონომისტების კრიტიკისათვის, რომლებიც რასისა და სოციალური თანასწორობის შესახებ ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩეოდნენ (მაგალითად ჯონ სტიუარტ მილი), თუმცა ზოგიერთი კომენტატორი ვარაუდობს, რომ კარლაილი მხოლოდ რეალურად აღწერდა თომას რობერტ მალტუსის პირქუშ პროგნოზებს იმის შესახებ, რომ მოსახლეობის ზრდა ყოველთვის აჭარბებდა საკვები პროდუქტების მიწოდებას.

ეკონომიკის სახეები

ეკონომიკის ზოგადი შესწავლა იყოფა ორ დისციპლინად.

მიკროეკონომიკა ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალური მომხმარებლები და ფირმები; ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიმღები ერთეული შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, ოჯახი, ბიზნესი/ორგანიზაცია ან სამთავრობო სააგენტო. ადამიანის ქცევის გარკვეული ასპექტების გაანალიზებით მიკროეკონომიკა ცდილობს ახსნას თუ როგორ რეაგირებენ ერთეულები ფასების ცვლილებებზე და თუ რატომ ითხოვენ რაღაცას ფასების კონკრეტულ დონეზე. მიკროეკონომიკა ცდილობს ახსნას თუ როგორ და რატომ ფასდება სხვადასხვა საქონელი განსხვავებულად, როგორ იღებენ ინდივიდები ფინანსურ გადაწყვეტილებებს და როგორ ვაჭრობენ უკეთ, კოორდინირებენ და თანამშრომლობენ ერთმანეთთან. მიკროეკონომიკის თემები მერყეობს მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკიდან საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან დაკავშირებულ ეფექტურობასა და ხარჯებამდე. ისინი ასევე მოიცავს შრომის განაწილებას: თუ როგორ არის ორგანიზებული და ფუნქციონირებს ბიზნეს ფირმები, ასევე რისკები და სტრატეგიული თამაშის თეორიები.

მაკროეკონომიკა სწავლობს მთლიან ეკონომიკას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ეკონომიკის მოდელირებისთვის უაღრესად აგრეგირებული ეკონომიკური მონაცემებისა და ცვლადების გამოყენებით. მისი აქცენტი შესაძლოა მოიცავდეს ცალკეულ გეოგრაფიულ რეგიონს, ქვეყანას, კონტინენტს ან თუნდაც მთელ მსოფლიოს. მისი შესწავლის ძირითადი სფეროა განმეორებადი ეკონომიკური ციკლები, ფართო ეკონომიკური ზრდა და განვითარება. შესწავლილი თემებია: საგარეო ვაჭრობა, მთავრობის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, უმუშევრობის დონე, ინფლაციის დონე და საპროცენტო განაკვეთები, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ცვლილებებით ასახული მთლიანი პროდუქციის ზრდა და ბიზნეს ციკლები, რომლებიც იწვევს გაფართოებას. ბუმი, რეცესია და დეპრესია.

მიკრო და მაკროეკონომიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მთლიანი მაკროეკონომიკური ფენომენები აშკარად და ფაქტიურად მხოლოდ მიკროეკონომიკური ფენომენების ჯამია. თუმცა ეკონომიკის ეს ორი განხრა იყენებს ძალიან განსხვავებულ თეორიებს, მოდელებსა და კვლევის მეთოდებს, რომლებიც ზოგჯერ ეწინააღმდეგება კიდეც ერთმანეთს. მიკროეკონომიკის საფუძვლების ინტეგრირება მაკროეკონომიკურ თეორიასა და კვლევაში მრავალი ეკონომისტის შესწავლის მთავარი სფეროა.

ეკონომიკური თეორიის სკოლები

ეკონომიკაში ბევრი კონკურენტი, ურთიერთსაწინააღმდეგო ან ზოგჯერ ერთმანეთის შემავსებელი თეორია და აზროვნების სკოლაა.

ეკონომისტები იყენებენ კვლევის მრავალ განსხვავებულ მეთოდს ლოგიკური დედუქციიდან სუფთა მონაცემთა მოპოვებამდე. ეკონომიკური თეორია ხშირად პროგრესირებს დედუქციური პროცესების მეშვეობით, მათ შორის მათემატიკური ლოგიკის ჩათვლით, სადაც კონკრეტული ადამიანის აქტივობების შედეგები განიხილება „საშუალება-მიზნების“ ჩარჩოში. ამ ტიპის ეკონომიკა ასკვნის, რომ მაგალითად, უფრო ეფექტურია თუ ინდივიდები ან კომპანიები სპეციალიზირდებიან შრომის კონკრეტულ ტიპებში და შემდეგ განახორციელებენ თავიანთ სხვა საჭიროებებსა და სურვილებს, ვიდრე სცადონ დამოუკიდებლად აწარმოონ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ ან სურთ. ეს ასევე აჩვენებს, რომ ვაჭრობა ყველაზე ეფექტურია როდესაც კოორდინირებულია გადაცვლის ან ფულის საშუალებით. ამ გზით მიღებული ეკონომიკური კანონები როგორც წესი ძალიან ზოგადია და არ იძლევა კონკრეტულ შედეგებს: მათ შეუძლიათ თქვან, რომ მოგება ასტიმულირებს ახალ კონკურენტებს და შეჰყავს ისინი ბაზარზე, მაგრამ ეს მათი აუცილებელი მოქმედება არ არის. მიუხედავად ამისა ისინი უზრუნველყოფენ საკვანძო ცნებებს ფინანსური ბაზრების, მთავრობების, ეკონომიკის ქცევისა და მათ მიღმა მყოფი ერთეული ადამიანების გადაწყვეტილებების გასაგებად.

ეკონომიკური აზროვნების სხვა დარგები ხაზს უსვამენ ემპირიზმს და არა ფორმალურ ლოგიკას - კონკრეტულად ლოგიკურ პოზიტივისტურ მეთოდებს, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული პროცედურული დაკვირვებები და ფალსიფიცირებადი ტესტები. ზოგიერთი ეკონომისტი თავის კვლევაში ექსპერიმენტულ მეთოდებსაც კი იყენებს, სადაც სუბიექტებს სთხოვენ იმიტირებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას კონტროლირებად გარემოში. ვინაიდან ნამდვილი ექსპერიმენტები შეიძლება იყოს რთული, შეუძლებელი ან მათი გამოყენება ეკომომიკაში ითვლებოდეს არაეთიკურად, ემპირიული ეკონომისტები ძირითადად ეყრდნობიან გამარტივებულ ვარაუდებს და მონაცემთა რეტროაქტიულ ანალიზს. თუმცა ზოგიერთი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ ეკონომიკა არ არის შესაფერისი ემპირიული ტესტირებებისათვის და რომ ასეთი მეთოდები ხშირად იწვევს არასწორ ან არათანმიმდევრულ პასუხებს.

მაკროეკონომიკაში ორი ყველაზე გავრცელებული მეთოდია მონეტარისტული და კეინზის (ცნობილი როგორც “დიდი დეპრესიის ეკონომიკა”). მონეტარისტები არიან კეინსის ეკონომიკის განხრა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საუკეთესო გზა ეკონომიკის მართვისათვის სტაბილური მონეტარული პოლიტიკაა. მათ ხშირად აქვთ ზოგადი ხელსაყრელი შეხედულებები თავისუფალ ბაზრებზე, როგორც რესურსების განაწილების საუკეთესო გზაზე. ამის საპირისპიროდ კეინზის მიდგომები ხელს უწყობს აქტივისტი მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას ბაზრის ირაციონალური რყევების და რეცესიის სამართავად და მათ მიაჩნიათ, რომ ბაზრებს ხშირად კარგად არ გამოსდით რესურსების დამოუკიდებლად განაწილება.

ეკონომიკური ინდიკატორები

ეკონომიკური ინდიკატორები არის ანგარიშები, რომლებიც დეტალურად ასახავენ ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს რომელიმე კონკრეტულ სფეროში. ეს ანგარიშები როგორც წესი პერიოდულად ქვეყნდება სამთავრობო უწყებების ან კერძო ორგანიზაციების მიერ და ისინი წარმოდგენისას ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ აქციებზე, ფიქსირებულ შემოსავალზე და ფორექსის ბაზრებზე. ისინი ასევე შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო ინვესტორებისათვის, რათა მათ განსაჯონ, თუ როგორია ეკონომიკური მდგომარეობა და როგორ წარიმართება სიტუაცია ბაზრებზე, შემდეგ კი მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

ქვემოთ მოცემულია აშშ-ს ძირითადი ეკონომიკური ანგარიშები და ინდიკატორები, რომლებიც გამოიყენება ფუნდამენტური ანალიზისათვის.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ბევრის აზრით ითვლება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მთავარ საზომად. იგი წარმოადგენს ქვეყანაში წარმოებული ყველა მზა საქონლისა და მომსახურების მთლიან საბაზრო ღირებულებას მოცემულ წელს ან სხვა მითითებულ პერიოდში (ეკონომიკური ანალიზის ბიურო გამოსცემს რეგულარულ ანგარიშს ყოველი თვის ბოლოს). ბევრი ინვესტორი, ანალიტიკოსი და მოვაჭრე რეალურად არ ფოკუსირება საბოლოო წლიური მშპ-ს ანგარიშზე, არამედ ორ მოხსენებაზე რომელიც ვრცელდება ამ ანგარიშამდე რამოდენიმე თვით ადრე: ადრეული მშპ ანგარიში და წინასწარი ანგარიში. ეს იმიტომ ხდება, რომ მშპ-ს საბოლოო მაჩვენებელი ხშირად ჩამორჩენილ ინდიკატორად განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია დაადასტუროს ტრენდი, თუმცა არ შეუძლია მისი პროგნოზირება. საფონდო ბირჟასთან შედარებით მშპ-ს ანგარიში გარკვეულწილად მსგავსია შემოსავლის ანგარიშგებასთან, რომელსაც წლის ბოლოს ყველა საჯარო კომპანია აქვეყნებს.

საცალო ვაჭრობა

კომერციული დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ყოველი თვის შუაში საცალო გაყიდვების მონაცემები აღირიცხება. ეს ანგარიში ერთიანად აფასებს გაყიდულ საქონელს მთელი ქვეყნის მასშტაბით საცალო ვაჭრობის მონაცემების დათვლით - ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს სამომხმარებლო დანახარჯების დონეს. იმ ფაქტის გამო, რომ სამომხმარებლო ხარჯები წარმოადგენს მშპ-ს ორ მესამედზე მეტს, ეს ანგარიში ძალიან სასარგებლოა ეკონომიკის ზოგადი მიმართულების შესაფასებლად. ასევე, იმის გამო, რომ ანგარიშის მონაცემები ეფუძნება წინა თვის გაყიდვებს, ეს არის დროული მაჩვენებელი. საცალო გაყიდვების ანგარიშის შინაარსმა შეიძლება ბაზარზე ნორმალურად მაღალი ცვალებადობა გამოიწვიოს. ანგარიშში მოცემული ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფლაციის მაჩვენებლის გასაზომადაც, რომელიც გავლენას ახდენს Fed-ის განაკვეთებზე.

სამრეწველო წარმოება

ყოველთვიურ ფედერალურ სარეზერვო მოხსენებაში სამრეწველო წარმოების შესახებ მოცემულია წარმოების ქარხნების, მაღაროებისა და წიაღისეულის მოპოვების ანგარიშები. ამ მონაცემს აშშ-ში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, რადგანაც აქ მოცემულია სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი, რომელიც აფასებს პროდუქტიული სიმძლავრის იმ ნაწილს, რომელიც გამოიყენება ეკონომიკაში, უმოქმედობის ნაცვლად. ქვეყნისათვის სასურველია წარმოებისა და სიმძლავრის გამოყენების მაღალ დონეზე აყვანა. როგორც წესი, სიმძლავრის გამოყენება 82-85%-ის დიაპაზონში განიხილება "მჭიდროდ" და უახლოეს პერიოდში შესაძლოა ფასების ზრდის ან მიწოდების დეფიციტის ალბათობა გაზარდოს. 80%-ზე დაბალი დონეები როგორც წესი განიმარტება, როგორც „მოდუნების“ ჩვენება ეკონომიკაში, ეს კი ზრდის რეცესიის ალბათობას.

დასაქმების მონაცემები

დასაქმების ბიუროს სტატისტიკა (BLS) დასაქმების მონაცემების ანგარიში ქვეყნდება ყოველი თვის პირველ პარასკევს. ზოგადად, დასაქმების მკვეთრი ზრდა წარმატებულ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს. ანალოგიურად, პოტენციური შეკუმშვა შეიძლება იყოს გარდაუვალი, თუ მნიშვნელოვანი შემცირება მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგადი ტენდენციებია, მნიშვნელოვანია ეკონომიკის ამჟამინდელი პოზიციის გათვალისწინება. მაგალითად, დასაქმების ძლიერმა მონაცემებმა შეიძლება ვალუტის გამყარებაც გამოიწვიოს თუ ქვეყანას ბოლო დროს ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა, რადგან ზრდა შეიძლება იყოს ეკონომიკური სიჯანსაღისა და აღდგენის ნიშანი. პირიქით, გადახურებულ ეკონომიკაში მაღალი დასაქმების ინდექსმა შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციაც, რამაც ამ სიტუაციაში შეიძლება ვალუტა გაუფასურდეს.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI)

სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) , ასევე BLS-ს მიერ გამოცემული, ზომავს საცალო ფასი ცვლილებების დონეს (მომხმარებელთა ხარჯები) და არის ინფლაციის საზომი. კალათის გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს საქონლისა და მომსახურების ეკონომიკას, CPI ადარებს ფასების ცვლილებებს თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე. ეს ანგარიში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჯაროდ ხელმისაწვდომი ეკონომიკური მაჩვენებელია და მისი წარმოდგენის შემდეგ შესაძლოა გაიზარდოს სანდოობა, ფიქსირებული შემოსავლი და ფორექსის ბაზარი. ფასების ზრდა მოსალოდნელზე მეტად ითვლება ინფლაციის ნიშნად, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს ძირითადი ვალუტის გაუფასურებას.

ეკონომიკურ სისტემათა სახეები

ისტორიის მანძილზე ერებმა თავიანთი რესურსები სხვადასხვა გზით ააწყეს, გადაწყვიტეს რა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენება ინდივიდუალური და საერთო მიზნების მიღწევისათვის. მოდით განვიხილოთ ისინი.

პრიმიტივიზმი

პრიმიტიულ აგრარულ საზოგადოებებში ადამიანები მიდრეკილნი არიან თვითმმართველობის სახით აწარმოონ ყველა მათი მოთხოვნილება და სურვილი სახლის ან ტომის დონეზე. ოჯახები და ტომები აშენებდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს, მოჰყავდათ საკუთარი მოსავალი, ნადირობდნენ საკუთარი საჭიროებისათვის, ქმნიდნენ ტანსაცმელს, აცხობდნენ საკუთარ პურს და ა.შ. ეს ეკონომიკური სისტემა განისაზღვრება შრომის ძალიან მცირე დანაწილებით და შედეგად დაბალი პროდუქტიულობით, თუმცა ვერტიკალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხით წარმოების პროცესების ფარგლებში საყოფაცხოვრებო და სოფლის მასშტაბით საქონლის წარმოებაში, ურთიერთობების საფუძველზე ორმხრივი გაცვლით ოჯახებს ან ტომებს შორის და არა საბაზრო ტრანზაქციებზე. ასეთ პრიმიტიულ საზოგადოებაში კერძო საკუთრების და რესურსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ცნებები ხშირად გამოიყენება პროდუქტიული რესურსების და სიმდიდრის საერთო ოჯახური ან ტომობრივი საკუთრების უფრო კოლექტიურ დონეზე.

ფეოდალიზმი

მოგვიანებით, როდესაც ცივილიზაციები განვითარდა, გაჩნდა ისეთი ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებულია სოციალური კლასის წარმოებაზე, როგორიცაა ფეოდალიზმი და მონობა. მონობა მოიცავდა დამონებული პირების მიერ წარმოებას, რომლებსაც არ გააჩნდათ პირადი თავისუფლება ან უფლებები და განიხილებოდნენ, როგორც მათი მფლობელის საკუთრება. ფეოდალიზმი იყო სისტემა, სადაც თავადაზნაურთა კლასი, რომელიც ცნობილია როგორც ბატონები, ფლობდა მთელ მიწებს და იჯარით აძლევდა მცირე ნაკვეთებს გლეხებს ფერმერებისათვის, გლეხები კი თავიანთი პროდუქციის დიდ ნაწილს ბატონს გადასცემდნენ. სანაცვლოდ ბატონმა გლეხებს შესთავაზა შედარებითი უსაფრთხოება, მათ შორის საცხოვრებელი ადგილი და საჭმელ-სასმელი.

კაპიტალიზმი

კაპიტალიზმი წარმოიშვა ინდუსტრიალიზაციის მოსვლასთან ერთად. კაპიტალიზმი განსაზღვრულია, როგორც წარმოების სისტემა, რომლის დროსაც ბიზნესის მფლობელები (მეწარმეები ან კაპიტალისტები) ორგანიზაციას უკეთებენ პროდუქტიულ რესურსებს, მათ შორის ხელსაწყოებს, მუშებს და ნედლეულს, რათა აწარმოონ საქონელი გასაყიდად, მოგების მისაგებად და არა პირადი მოხმარებისათვის. კაპიტალიზმში მუშებს ქირაობენ ხელფასების სანაცვლოდ, მიწისა და ბუნებრივი რესურსების მფლობელებს უხდიან რენტას ან ჰონორარს რესურსების გამოყენებისათვის, ხოლო ადრე შექმნილი სიმდიდრის მფლობელებს უხდიან პროცენტს, რომ მათ უარი თქვან თავიანთი სიმდიდრის გარკვეული ნაწილის გამოყენებაზე. მეწარმეებს შეუძლიათ სესხის აღება, რათა გადაიხადონ ხელფასები და ქირა და შეიძინონ დაქირავებული მუშების მიერ გამოსაყენებელი ინსტრუმენტები. მეწარმეები იყენებენ შეფასებას მომავალი ეკონომიკური პირობების შესახებ, რათა გადაწყვიტონ, თუ რა საქონელი აწარმოონ და მიიღებენ მოგებას, თუ სწორად გადაწყვეტენ ამ პრობლემას განიცდიან ზარალს, თუ ცუდად გამოუვათ ეს განხილვა. მოცემული სისტემა: საბაზრო ფასები, მოგება და ზარალი, როგორც შერჩევის მექანიზმი იმის შესახებ, თუ ვინ გადაწყვეტს, როგორ გამოიყოფა რესურსები წარმოებისათვის არის ის, რაც განსაზღვრავს კაპიტალისტურ ეკონომიკას.

ეს როლები (მუშები, რესურსების მფლობელები, კაპიტალისტები და მეწარმეები) წარმოადგენს ფუნქციებს კაპიტალისტურ ეკონომიკაში და არა ადამიანთა ცალკეულ ან ურთიერთგამომრიცხავ კლასებს. როგორც წესი ინდივიდები ასრულებენ განსხვავებულ როლებს სხვადასხვა ეკონომიკურ ტრანზაქციებთან, ურთიერთობებთან, ორგანიზაციებთან და კონტრაქტებთან მიმართებაში, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ. ეს შეიძლება მოხდეს ერთ კონტექსტშიც კი, როგორიცაა თანამშრომლების საკუთრებაში არსებული კოოპერატივი, სადაც მუშები ასევე არიან მეწარმეები ან მცირე ბიზნესის მფლობელები. ასეთი ადამიანი საკუთარ ფირმას აფინანსებს პირადი დანაზოგებიდან და მუშაობს სახლის ოფისიდან. ამგვარად მოქმედებს როგორც მეწარმე, კაპიტალისტი, მიწის მესაკუთრე და მუშა ერთდროულად.

შეერთებული შტატები და დღეს განვითარებული მსოფლიოს დიდი ნაწილი შეიძლება შეფასდეს, როგორც კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკა .

სოციალიზმი

სოციალიზმი კოოპერატიული წარმოების ეკონომიკის ფორმაა. ეკონომიკური სოციალიზმი არის წარმოების სისტემა, სადაც არის შეზღუდული ან ჰიბრიდული კერძო საკუთრება წარმოების საშუალებებზე (ან სხვა სახის საწარმოო საკუთრებაზე) და ფასების, მოგების და ზარალის სისტემა არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი, რომელიც გამოიყენება იმის დასადგენად, თუ ვინ არის ჩართული წარმოებაში, რა ვაწარმოოთ და როგორ ვაწარმოოთ. ამ ფუნქციების გასაზიარებლად საზოგადოების სეგმენტები გაერთიანებულია.

წარმოების გადაწყვეტილებები მიიღება კოლექტიურად და ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა ეკონომიკური ფუნქცია არის ყველასათვის გაზიარებული. ეს შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ სტრატეგიულ ეკონომიკურ ფუნქციას, რომელიც გავლენას ახდენს ყველა მოქალაქეზე. ეს მოიცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას (პოლიცია, სახანძრო, EMS), ეროვნულ თავდაცვას, რესურსების განაწილებას (კომუნალური მომსახურება, როგორიცაა წყალი და ელექტროენერგია), განათლება და სხვა. ისინი ხშირად იხდიან საშემოსავლო ან გამოყენების გადასახადებს, რომლებიც ტაქტიკურადაა დაწესებული დამოუკიდებელ ეკონომიკურ ფუნქციებზე (ინდივიდუალური მოქალაქეები, დამოუკიდებელი ბიზნესები, საგარეო სავაჭრო პარტნიორები და ა.შ.).

თანამედროვე სოციალიზმი შეიცავს კაპიტალიზმის გარკვეულ ელემენტებს, როგორიცაა საბაზრო მექანიზმი და ასევე გარკვეული ცენტრალიზებული კონტროლი ზოგიერთ რესურსზე. თუ უფრო მეტი ეკონომიკური კონტროლი ცენტრალიზდება მზარდი გზებით, ის საბოლოოდ შეიძლება უფრო მეტად დაემსგავსოს კომუნიზმს. გაითვალისწინეთ, რომ სოციალიზმი, როგორც ეკონომიკური სისტემა არსებობს მმართველობის სხვადასხვა ფორმებში, დაწყებული სკანდინავიური ქვეყნების დემოკრატიული სოციალიზმით და დამთავრებული სხვაგან ნაპოვნი უფრო ავტორიტარული მიმართულებებით.

კომუნიზმი

კომუნიზმი არის ბრძანებული ეკონომიკის ფორმა, რომლის დროსაც თითქმის ყველა ეკონომიკური აქტივობა ცენტრალიზებული და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია ცენტრალური დამგეგმავების კოორდინაციის გზით. საზოგადოების თეორიული ეკონომიკური სიძლიერე შეიძლება მთლიანად საზოგადოების სასარგებლოდ იყოს მორგებული. ამის განხორციელება რეალურად ბევრად უფრო რთულია ვიდრე თეორიაში, რადგან ის მოითხოვს საზოგადოების არაკონფლიქტურ და არაკონკურენტ სუბიექტებს რესურსების განაწილების გამოწვევისათვის. გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე ეპოქაში ეკონომიკური კომუნიზმის მაგალითები ასევე დაკავშირებულია მმართველობის ავტორიტარულ ფორმასთან, თუმცა ეს არ არის აუცილებელი თეორიულად ასე იყოს.