Ripple v. SEC
(მიმდინარე საქმის ახალი, საინტერესო დეტალები)
- 2012 წელს იურიდიულმა კომპანიამ ჩაატარა XRP-ის ორი ანალიზი.
- ერთ-ერთი ანალიზის ფარგლებში კომპანიამ კრიპტო ვალუტაში ფასიანი ქაღალდის „ნიშნები“ ვერ აღმოაჩინა.
- აღნიშნული შეფასება მხარს უჭერს რიპლის პოზიციას SEC-ის წინააღმდეგ საქმეში.
18 თებერვალი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე SEC vs. Ripple-ის საქმეში. მაშინ, სასამართლოში 2012 წლის ორი სამართლებრივი მემორანდუმი გამოაშკარავდა, სადაც ნათქვამია, რომ კრიპტო ვალუტა XRP არ მიიჩნევა ფასიან ქაღალდად აშშ-ს ფედერალური კანონების გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ SEC-ის საქმე Ripple-ის წინააღმდეგ 2020 წლის 22 დეკემბერს იღებს სათავეს, როდესაც მარეგულირებელმა კრიპტო კომპანია ისევე როგორც მისი დამფუძნებელი კრის ლარსენი და აღმასრულებელი დირექტორი ბრედ გარლინგჰაუსი დაადანაშაულა $1.3 მილიარდზე მეტი ღირებულების დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში.
მარეგულირებლის განცხადებით, ბლოქჩეინ კომპანია 2013 წლიდან უკანონოდ ახდენდა კაპიტალის მოზიდვას თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად, XRP-ის გაყიდვით ინვესტორებზე.
აღნიშნულიდან რამდენიმე დღის შემდეგ რიპლმა ოფიციალური პასუხი გასცა, სადაც SEC-ის ქმედებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდებები დაუსაბუთებელი იყო.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ Ripple-ის მთავარი არგუმენტი აღნიშნულ საქმეში არის ის, რომ კომპანიამ არამარტო არ იცოდა, რომ XRP შეიძლება კლასიფიცირებული იყოს როგორც ფასიანი ქაღალდი, არამედ მათ გადადგეს ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ კრიპტო ვალუტა არ განხილულიყო ასეთ აქტივად. 18 თებერვალს, სასამართლოში 2012 წლის ორი იურიდიული მემორანდუმი გამოაშკარავდა, რომლებიც მხარს უჭერენ რიპლის პოზიციას.
ამრიგად, პირველ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2012 წლის დასაწყისში, საერთაშორისო იურიდიულმა ფირმამ Perkins Coie-მ ურჩია Ripple-ს, არ გაეყიდა NewCoin (XRP-ის ადრეული სახელი) ICO-ს (მონეტების საწყისი შეთავაზება) მსგავსი პროცედურის გამოყენებით, რადგან ამ შემთხვევაში მარეგულირებელს შესაძლოა აღნიშნული პროცედურა დაენახა, როგორც ფასიანი ქაღალდების უკანონო შეთავაზება.
შედეგად, კომპანია Ripple-მა გადაწყვიტა გადაეხედა საკუთარი ბიზნეს მოდელისთვის და შეემუშავებინა ახალი გეგმა, რომელიც ხელახლა გადაეგზავნა Perkins Coie-ს განსახილველად 2012 წლის ოქტომბერში. მეორე მემორანდუმში, იურიდიული ფირმა ამბობს, რომ ახალი XRP ნაკლებად სავარაუდოა, რომ განიხილებოდეს, როგორც ფასიანი ქაღალდი, მაგრამ „არსებობს რისკი, რომ SEC შეიძლება არ დაეთანხმოს ამგვარ შეფასებას“.
ადვოკატმა ჯეიმს ფილანმა, რომელიც საქმეს ყურადღებით ადევნებდა თვალს, თავის Twitter-ზე პოსტების სერია გამოაქვეყნა, სადაც მან გააზიარა Perkins Coie-ს ოფიციალური დოკუმენტები და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გამოქვეყნება შეიძლება დაეხმაროს კრიპტო კომპანიას გამარჯვებაში.
„ვფიქრობ, Ripple-მა დაიკავა პროაქტიული პოზიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მემორანდუმებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ კომპანია დაუფიქრებლად მოიქცა ან რაიმე რისკი უგულებელყო. პირიქით, ეს მემორანდუმები სხვაგვარად ამბობს: რიპლი სიფრთხილით მოქმედებდა“, - წერს ჯეიმს ფილანი თავის Twitter-ზე.
როგორც ცნობილია, მაგისტრატმა მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება სათათბირო პროცესის პრივილეგიის (DPP) საკითხზე, რომელიც Ripple-ის მისამართით დადებითი შედეგებით დასრულდა, აღნიშნული მნიშვნელოვანია, როგორც Ripple-ის, ასევე XRP მფლობელებისთვის.
19 თებერვალს, დოკუმენტების გამოქვეყნების ფონზე, XRP-ის ფასი 10%-ით გაიზარდა და მისი მონეტის ღირებულება $0,79-ის ფარგლებში მერყეობდა.