საბაზრო ციკლის ფსიქოლოგია
რა არის ბაზრის ფსიქოლოგია?
საბაზრო ფსიქოლოგია არის იდეების ერთობლიობა, რომელიც შეისწავლის ფასების მოძრაობას ბაზრის მონაწილეების ემოციური მდგომარეობის ზეგავლენის მიხედვით. ის ასევე არის ქცევითი ეკონომიკის ერთ -ერთი მთავარი საკითხი, უფრო სწორად მისი კვლევის პარალელური სფერო. იგი შეისწავლის ფაქტორებს, რომლებიც წინ უძღვის სხვადასხვა ეკონომიკურ გადაწყვეტილებას.
ბევრს მიაჩნია, რომ ემოცია მთავარი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს აქტივების ფასების მერყეობაზე. თავის მხრივ, ინვესტორთა შორის განწყობის ცვალებადობა ქმნის ეგრეთწოდებულ ფსიქოლოგიურ საბაზრო ციკლებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზრის განწყობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას განიცდიან ინვესტორები და მოვაჭრეები აქტივების ფასების დინამიკასთან დაკავშირებით. როდესაც განწყობა დადებითია და ფასები სტაბილურად იზრდება, ბაზრის მონაწილეები ამბობენ, რომ არსებობს აღმავალი ტენდენცია (ხშირად მას ასევე უწოდებენ ბულ [ხარების] ბაზარს). საპირისპირო მდგომარეობას, როდესაც ხდება ფასების ტენდენციური შემცირება, ეწოდება ბეარ (დათვების) ბაზარი.
ამრიგად, ზოგადი განწყობა არის მოცემული ბაზრის ყველა ტრეიდერისა და ინვესტორის ინდივიდუალური მოსაზრებებისა და ემოციების ერთობლიობა. ის ასევე შეიძლება ჩაითვალოს ბაზრის მონაწილეთა საერთო განცდად.
თუმცა როგორც ნებისმიერ საზოგადოებაში, არც ერთი აზრი არ გახლავთ მთლიანად დომინანტი. ბაზრის ფსიქოლოგიის თეორიების თანახმად, აქტივების ფასი იცვლება ზოგადი საბაზრო განწყობის საპასუხოდ, რაც ასევე დინამიურია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთული იქნებოდა წარმატებულად ვაჭრობა.
პრაქტიკაში, როდესაც ბაზარი იზრდება, ის უფრო მეტად არის დაკავშირებული ტრეიდერთა ნდობასთან და ბაზრისადმი კარგ დამოკიდებულებასთან. პოზიტიური განწყობა იწვევს მოთხოვნის ზრდას და მიწოდების შემცირებას. თავის მხრივ, მზარდმა მოთხოვნამ შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერი რეაქცია გამოიწვიოს. ანალოგიურად ვარდნის ტენდენცია ახდენს ნეგატიური განწყობის გავრცელებას, რაც იწვევს მოთხოვნის შემცირებას და აქტივების არსებული მიწოდების ზრდას.
განწყობის ცვლილებები საბაზრო ციკლის ცვლილებების დროს
აღმავალი ტენდენცია
ყველა ბაზარი გადის აღმავალ და დაღმავალ ციკლს. როდესაც ბაზარი აღმავალ ფაზაშია (ხარის ბაზარი), ჩნდება ოპტიმიზმის, რწმენის და სიხარბის ატმოსფერო. როგორც წესი ესენია მთავარი ემოციები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ შესყიდვების ზრდაზე. საკმაოდ ხშირია საბაზრო ციკლების დროს რაიმე სახის ციკლური ან უკუქცევითი ეფექტის დანახვა. მაგალითად, განწყობა უფრო პოზიტიური ხდება, როდესაც აქტივების ღირებულება იზრდება და თავის მხრივ, ფასის ზრდა გავლენას ახდენს ამ ტენდენციის იმპულსურ გავრცელებაზე ყველა ტრეიდერს შორის, რაც კიდევ უფრო ზრდის ბაზარს.
ზოგჯერ ბაზრის სამომავლო ქცევის მოვაჭრეების სიხარბის და ნდობის ძლიერი გრძნობა აფუჭებს მას, რაც იწვევს ე.წ. “ფინანსური ბუშტის” გაჩენას. ამ შემთხვევაში ბევრი ინვესტორი ხდება ცდუნების მსხვერპლი, არ აცნობიერებს აქტივის რეალურ ღირებულებას და თვლის, რომ ბაზარი აუცილებლად განაგრძობს იმავე ტემპით ზრდას.
ამ მიზეზით მოვაჭრეები ხდებიან ხარბები და მომავალი იმპულსით შეპყრობილნი იმ იმედით, რომ მაქსიმალურ მოგებას მიიღებენ. როდესაც ფასი იზრდება, იქმნება ადგილობრივი პიკი და ეს არის ფინანსური რისკის უმაღლესი წერტილი.
ზოგიერთ შემთხვევაში, ბაზარი განიცდის მცირე რყევებს, სანამ აქტივები თანდათან არ გაიყიდება. ამ მდგომარეობას გადანაწილების ეტაპი ეწოდება. თუმცა ზოგიერთი ციკლის განმავლობაში არ არსებობს გადანაწილების მკაფიო ეტაპი და ღირებულების ვარდნა შესაძლოა მალევე დაიწყოს ფასის მაქსიმუმის მიღწევიდან.
დაღმავალი ტენდენცია
როდესაც ბაზარი სხვა მიმართულებით იწყებს შემობრუნებას, ეიფორია სწრაფად გადაიზრდება ისეთ ეტაპზე, როდესაც ზოგიერთი მოვაჭრე იწყებს თავის დამშვიდებას, ვინაიდან ბევრი უარყოფს იმ იდეას, რომ ზრდის ტენდენცია დასრულებულია. ფასების ვარდნისას ბაზრის განწყობა სწრაფად იძენს ნეგატიურ იმპულსს. ეს ხშირად ემთხვევა შფოთვის, უარყოფისა და პანიკის გრძნობებს.
ამ კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ შფოთვა, როგორც პერიოდი, როდესაც ინვესტორები იწყებენ ფასების ვარდნის მიზეზების ძიებას, რაც მალე იწვევს ბაზრის არსებული მდგომარეობის ფაქტის უარყოფის სტადიას. ამ მიზეზით, ბევრი მოვაჭრე აგრძელებს პოზიციების დაკავებას ზარალით (რადგან უკვე გვიანია აქტივების გაყიდვა) იმ იმედით, რომ ბაზარი მალე მობრუნდება.
მაგრამ როდესაც ფასები კიდევ უფრო ეცემა, გაყიდვების ტალღაც იმატებს. ამ დროს შიში და პანიკა ხშირად იწვევს ეგრეთ წოდებულ “ბაზრის დანებებას” (როდესაც მფლობელები თმობენ საკუთარ პოზიციებს და ყიდიან თავიანთ აქტივებს ადგილობრივ ფსკერთან ახლოს).
საბოლოო ჯამში, ვარდნის ტენდენცია მთავრდება ფასების სტაბილიზაციით და არასტაბილურობის შემცირებით. როგორც წესი ბაზარი მოძრაობს მცირე დიაპაზონში სანამ იმედისა და ოპტიმიზმის განცდები გაჩნდება. ეს პერიოდი გრაფიკზე ასევე ცნობილია, როგორც დაგროვების ეტაპი.
როგორ სარგებლობენ ინვესტორები ამით?
თუ დავუშვებთ, რომ ეს თეორია სწორია, ბაზრის ფსიქოლოგიის საფუძვლების შესწავლა შესაძლოა დაეხმაროს ტრეიდერს იპოვოს სწორი შესვლის და გასვლის წერტილები წარმატებული ვაჭრობისათვის. ვინაიდან ბაზრის ზოგადი დამოკიდებულება კონტრპროდუქტიულია, ყველაზე დიდი ფინანსური შესაძლებლობის მომენტი (მყიდველისთვის) ჩვეულებრივ დგება მაშინ, როდესაც მონაწილეთა უმრავლესობა სასოწარკვეთილია და ბაზარი ძლიერაა დაცემული. პირიქით, ყველაზე დიდი ფინანსური რისკის მომენტი ხშირად ხდება მაშინ, როდესაც მოვაჭრეების უმეტესობა გრძნობს ეიფორიას და ზედმეტად დარწმუნებულია შემდგომი ზრდის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მოვაჭრე და ინვესტორი ცდილობს განსაზღვროს ბაზრის განწყობა, რათა გააცნობიეროს, თუ რომელი ფსიქოლოგიური ციკლის ეტაპი მიმდინარეობს ამჟამად. იდეალურ შემთხვევაში, ისინი ამ ინფორმაციას იყენებენ აქტივების შესაძენად ზოგადი პანიკის დროს (დაბალ ფასად) და ყიდიან მათ სიხარბის დროს (მაღალ ფასად). თუმცა პრაქტიკაში არ არის ადვილი ასეთი ოპტიმალური შესვლის და გამოსვლის წერტილების პოვნა. ვინაიდან ადგილობრივმა ფსკერმა (დამხმარე ზონა) შეიძლება ვერ გაუძლოს გაყიდვის ზეწოლას, რაც იწვევს კიდევ უფრო დაბალ ფსკერს.
ტექნიკური ანალიზი და ბაზრის ფსიქოლოგია
საკმაოდ ადვილი გასაგებია, თუ როგორ შეიცვალა მოვაჭრეთა ფსიქოლოგია საბაზრო ციკლების გაცნობის შემდეგ. წინა მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, თუ რომელი ქმედებები და გადაწყვეტილებები იქნება ყველაზე უკეთესი.
თუმცა, ძნელია იმის გაგება, თუ როდის იცვლება ბაზარი და მით უმეტეს პროგნოზირება, თუ რა მოხდება შემდეგ. ბევრი ინვესტორი ტექნიკურ ანალიზს (TA) იყენებს მომავალი მოძრაობის პროგნოზირების მიზნით.
ტექნიკური ანალიზის ზოგიერთი ინდიკატორი ასევე არის ინსტრუმენტი, რომელიც ნაწილობრივ ზომავს ბაზრის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მაგალითად, შედარებითი სიძლიერის ინდექსი (RSI) ინდიკატორი შეიძლება მიუთითებდეს როდის ხდება აქტივის ზედმეტი ყიდვა ძლიერი პოზიტიური განწყობისა და ზედმეტი სიხარბის გამო.
MACD არის ინდიკატორის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საბაზრო ციკლის სხვადასხვა ფსიქოლოგიური სტადიის დასადგენად. ეს შეიძლება განისაზღვროს მის ხაზებს შორის რყევებით, რაც მიუთითებს ბაზრის დინამიკის ცვლილებებზე (მაგალითად, მოთხოვნის ვარდნა).
ბიტკოინი და ბაზრის ფსიქოლოგია
ბიტკოინის ბულ რანი, რომელიც მოხდა 2017 წელს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს ფსიქოლოგია მონეტის ღირებულებაზე. იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, ბიტკოინი 900$-დან გაიზარდა თავის რეკორდულ მაჩვენებელზე - 20,000$-ზე. ზრდის პერიოდში ბაზრის განწყობა სულ უფრო პოზიტიური გახდა. ათასობით ახალი ინვესტორი შემოვიდა ბაზარზე ძალიან გვიან, ბულ რანის დროს თანხის გამოსამუშავებლად. მოსალოდნელი მოგების დაკარგვის სინდრომმა (ინგლისური FOMO-დან, Fear of missing out), გადაჭარბებულმა ოპტიმიზმმა და სიხარბემ სწრაფად გაზარდა ფასი, სანამ შემდგომში პირიქით არ მოხდა.
ტენდენცია 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისში შეიცვალა. შემდგომმა კორექციამ მრავალი გვიანი ინვესტორი აზარალა. მაშინაც კი, როდესაც დაღმავალი ტენდენცია მოქმედებდა, ცრუ ნდობამ და თვითკმაყოფილებამ გავლენა მოახდინა ბევრ ადამიანზე, რომ თავი არ დაენებებინათ და შეენახათ საკუთარი აქტივი.
რამდენიმე თვის შემდეგ ბაზრის განწყობა უკიდურესად ნეგატიური გახდა, რადგან ინვესტორების ნდობა მცირდებოდა და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს. FUD-მა (fear, uncertainty, doubt) და პანიკამ ბევრი მოვაჭრე, რომელთაც პირველად იყიდეს კრიპტოვალუტა პიკზე, აიძულა ისინი გაეყიდათ ფსკერთან ახლოს, დიდი ზარალის განცდით. ბევრი ადამიანი იმედგაცრუებული დარჩა ბიტკოინით, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით იგი მუდმივად იხვეწებოდა.
შემეცნებითი დამახინჯება
შემეცნებითი მიკერძოება არის საერთო აზროვნების ნიმუში, რომელიც ხშირად აიძულებს ადამიანებს მიიღონ ირაციონალური გადაწყვეტილებები. ასეთ მოდელს შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც ცალკეულ ტრეიდერებზე, ასევე მთლიან ბაზარზე.
რამდენიმე პოპულარული მაგალითი:
დადასტურების მიკერძოება: ინფორმაციის გადაჭარბების ტენდენცია, რომელიც ადასტურებს ჩვენს რწმენას, ხოლო იგნორირებას უკეთებს ან უარყოფს ფაქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მას. მაგალითად, ბულ რანის დროს ინვესტორებმა შესაძლოა მეტი ყურადღება მიაქციონ პოზიტიურ სიახლეებს, ხოლო იგნორირება გაუკეთონ ცუდ ამბებს, ასევე იმის ნიშნებს, რომ ბაზრის ტენდენცია შეიძლება მალე შეიცვალოს.
დანაკარგის შიში: ადამიანებს აქვთ საერთო ტენდენცია უფრო მეტად იდარდონ თავიანთ დანაკარგებზე, ვიდრე სარგებლის მიღების შესაძლებლობაზე, თუნდაც მოგება მოსალოდნელზე მეტი იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანაკარგის შიში ჩვეულებრივ უფრო მტკივნეულია, ვიდრე მოგების სიხარული. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტრეიდერების მიერ ფულის გამომუშავების კარგი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება და სავარაუდოდ პანიკური გაყიდვები გამოიწვიონ ბაზრის კაპიტულაციის პერიოდში.
საკუთრების ეფექტი: ეს არის ადამიანების ტენდენცია, რომ გადაჭარბებულად შეაფასონ ის, რაც მათ აქვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფლობენ მას. მაგალითად, ინვესტორი, რომელიც ფლობს კონკრეტულ კრიპტოვალუტას, უფრო მეტად სჯერა მისი ღირებულების, ვიდრე მას, ვინც არ ფლობს.
დასკვნა
მოვაჭრეებისა და ინვესტორების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ფსიქოლოგია გავლენას ახდენს აქტივების ღირებულებებზე და ბაზრის ციკლურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ციკლის ფსიქოლოგია ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მასთან გამკლავება ყოველთვის ადვილი არ არის. 1600-იანი წლების ჰოლანდიური ტიტების მანიიდან 90-იან წლებში dot-com ბუშტამდე, გამოცდილ მოვაჭრეებსაც კი გაუჭირდათ საკუთარი მოსაზრებების გამოყოფა საერთო ბაზრის განწყობიდან. ამრიგად, ინვესტორებს უჭირთ გაარჩიონ ერთმანეთისგან ბაზრის და საკუთარი ფსიქოლოგიური განწყობა, ასევე გააანალიზონ არსებული ფაქტები და მიზეზები, რაც გავლენას ახდენს მათი მხრიდან რთული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.