საფულეები
November 15, 2021

კრიპტო საფულე და მისი ნაირსახეობები

კრიპტოსამყაროში საკუთარი აქტივის შენახვის საკითხი დღევანდელი ჰაკერული შეტევების პირობებში მეტად მნიშვნელოვანია. განვიხილოთ კრიპტო საფულე და მისი სხვადასხვა ვარიანტი თავისი უპირატესობებითა და ნაკლით რათა უკეთ ვიყოთ ინფორმირებული და გადავწყვიტოთ მათგან რომელია ჩვენთვის ყველაზე მისაღები.

კრიპტო საფულე საშუალებას გვაძლევს შევინახოთ, მივიღოთ და გავგზავნოთ სხვადასხვა მონეტები, ზოგ მათგანს ყიდვა-გაყიდვის ფუნქციაც აქვს. თუმცა საფულეების უმეტესობაში მოცემული პროექტების რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ საფულეს ერთდროულად წარმოდგენილი აქვს რამოდენიმე სახის ვარიანტიც.

ონლაინ საფულე

ონლაინ საფულე არის ონლაინ სერვისი, რომელსაც შეუძლია კრიპტოვალუტის შენახვა და გაგზავნა. ასეთი საფულეების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი მოწყობილობიდან. თუმცა ვინაიდან უსაფრთხოება მეტად მნიშვნელოვანია, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახის საფულე ყველაზე დიდი რისკის შემცველია.

ასეთ საფულეებში პოპულარულია Coinbase, Blockchain და Gemini.

მობილურის საფულე

მობილურის საფულე საშუალებას გვაძლევს ჩვენი სმარტფონით ვაწარმოოთ სასურველი ოპერაციები. საფულეების აპლიკაციების უმეტესობა თავსებადია როგორც ios, ისე android ოპერაციულ სისტემებთან. ვინაიდან დღეს საზოგადოება აქტიურად იყენებს მობილურ ტელეფონს, ბუნებრივია ასეთი საფულე მეტად კომფორტულია, თუმცა ასევე დიდი რისკის შემცველიც.

ამ სახის საფულეებში პოპულარულია Mycelium, Exodus, Trust, Metamask, Edge და ასე შემდეგ.

აპარატული საფულე

აპარატული საფულეები დღეს ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად მიიჩნევა, რადგან ისინი ინახავენ პირად გასაღებებს, რომელსაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. ეს მოწყობილობები წააგავს USB ფლეშ დრაივს. როდესაც მომხმარებელს სურს ტრანზაქციის განხორციელება, იგი აერთებს საფულეს და პირდაპირ მისით ახდენს ოპერაციის დადასტურებას. ასეთი საფულეები პრაქტიკულად იმუნურია ვირუსის შეტევებისგან და წარმატებული ქურდობა იშვიათია.

Ledger და Trezor ასეთი სახის საფულეების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები არიან.

დესკტოპის საფულე

დესკტოპ საფულეები დამონტაჟებულია კომპიუტერზე და მომხმარებელს აძლევს საფულეზე სრულ კონტროლს. ზოგიერთი დესკტოპის საფულე ასევე შეიცავს დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა კვანძების პროგრამული უზრუნველყოფა ან გაცვლის ინტეგრაცია. ეს საფულეები უფრო უსაფრთხოა ვიდრე მობილურისა და მეტად სარისკო ვიდრე აპარატული საფულეები.

ასეთ საფულეებში პოპულარულია Exodus, Electrum, Bitcoin Core და Armory.

ქაღალდის საფულე

კრიპტოვალუტის მომხმარებლები, რომლებსაც სურთ შეინახონ თავიანთი ქონება ქაღალდის საფულეში ახორციელებენ პირადი გასაღების ფურცელზე დაბეჭდვის პროცესს, რომლითაც წვდომა აქვთ საკუთარ მონეტებთან. მათთვის, ვინც დაინტერესებულია ქაღალდის საფულის გამოყენებით უნდა შევიდეს სპეციალურ საიტზე, რომელიც შექმნის შემთხვევით გასაღებებს და შესაბამის QR კოდებს. ასეთი საფულეები საკმაოდ უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს გზა, რომელიც გასაღების დაკარგვის შემთხვევაში უკან დაგიბრუნებთ თქვენს აქტივებს. ქაღალდის საფულე პოპულარული იყო წლების წინ, დღეს მომხმარებლები სხვა ვარიანტებს ამჯობინებენ.

ამრიგად თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ კრიპტო საფულეების სახეები და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი.