ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში გადაწყვეტილებები 2021 წლის 12 მაისი
მინისტრთა კომიტეტი
2021 წლის 12 მაისი
ევროპისსაბჭოდაკონფლიქტისაქართველოში
გადაწყვეტილებები
მინისტრთა მოადგილეებმა
1. გაითვალისწინეს 2014 წლის 29-30 აპრილის და 2 მაისის (1198-ე შეხვედრა), 2015 წლის 12 მაისის (1227-ე შეხვედრა), 2016 წლის 4 მაისის (1255-ე შეხვედრა), 2017 წლის 3 მაისის (1285-ე შეხვედრა), 2018 წლის 2 მაისის (1315-ე შეხვედრა), 2019 წლის 2 მაისის (1345-ე შეხვედრა) და 2020 წლის 21 ოქტომბრის (1386-ე შეხვედრა) გადაწყვეტილებები - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“; დაადასტურეს ევროპის საბჭოს წევრი სახელწიფოების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
2. განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტიდან 12 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელ რეგიონში ისეთი ქმედებების განხორციელებით, როგორიცაა: საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის მუდმივი სამხედრო ყოფნა, გახშირებული სამხედრო წვრთნები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, მათ შორის ჩორჩანა/წნელისის არეალში ახალი პოზიციების შექმნა და ბარიერების გავლება, ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის/ინტეგრაციის შესახებ ე.წ ხელშეკრულებების იმპლემენტაცია, საქართველოს რეგიონის -ცხინვალის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობასთან შერწყმა, აფხაზეთის რეგიონში ე.წ „შეიარაღებული ძალების ერთობლივი ჯგუფის“ ჩამოყალიბება, ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების საინფორმაციო და საკოორდინაციო გაერთიანებული ცენტრების“ შექმნა, ე.წ. „საბაჟო პუნქტების“ ფუნქციონირება საქართველოს ორივე რეგიონში, რაც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის საბაჟო სივრცეში ამ რეგიონების ინტეგრირებას, აგრეთვე, რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციო-ეკონომიკურ სივრცის შექმნის შესახებ ე.წ პროგრამის მიღება; დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ არცერთ უკანონო ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, მათ შორის რუსული პასპორტების და ე.წ „ბინადრობის ნებართვების“ გაცემას, რასაც თავის მხრივ შემოაქვს ე.წ „უცხოელი რეზიდენტის სტატუსი“, არ ექნება სამართლებრივი ძალა და კიდევ უფრო გაართულებს ადგილზე არსებულ მდგომარეობას; მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დაგააუქმოს ეს უკანონო პროცესი და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, საქართველოს რეგიონებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან სამხედრო და უსაფრთოების ძალების გაყვანა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნის დაშვება;
3. მიესალმნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენს საქმეზე საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (II), რომელმაც დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა, წამება, არასათანადო მოპყრობა და უკანონო დაკავება, ქართველების სახლების ძარცვა და დაწვა, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოპყრობა, იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფა;
4. განაცხადეს, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის თანახმად, ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო თავის რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, კვლავაც ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას ამ რეგიონებში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად დაბრკოლების შექმნის, მათ შორის, ადგილზე მისი სამხედრო ნაწილების უწყვეტად ყოფნის გამო;
5. გამოხატეს ღრმა წუხილი, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიმართ მუდმივი მოწოდებებისა შეწყვიტოს პროცესი, ის განაგრძობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვას, ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებას, არღვევს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარებას;
6. გამოხატეს წუხილი საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონეში/სამხრეთ ოსეთში „გამშვები პუნქტების“ ხანგრძლივი პერიოდით დახურვის გამო, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია;
7. გამოხატეს უკიდურესი შეშფოთება, რომ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში - კიდევ უფრო უარესდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, მათ შორის ირღვევა სიცოცხლის უფლება, თავისუფალი გადაადგილების უფლება, ჯანდაცვის უფლება, საკუთრების უფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოდ ყოფნის უფლება;
8. გამოთქვეს განსაკუთრებული შეშფოთება ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ქართველების დისკრიმინაციის გახშირებული ფაქტების გამო საქართველოს ორივე რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში, თავისუფალ გადაადგილებაზე, ბინადრობის უფლებაზე, მუშაობის უფლებასა და საკუთრების უფლებაზე დაწესებული დამატებითი შეზღუდვების გზით, გაიარონ იძულებითი რეგისტრაცია უცხოელი რეზიდენტის სტატუსით, ან შეიცვალონ გვარები და ეთნიკური იდენტობა;
9. გამოხატეს ღრმა შეშფოთება ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ქართველი იძულებით გადაადგილებულ პირების კუთვნილი სახლების განადგურების გამო, მათი საკუთრების უფლების დარღვევით;
10. გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები კვლავ მოკლებულნი არიან საკუთარ ფუნდამენტურ უფლებების განხორციელებას, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს;
11. გამოხატეს განსაკუთრებული შეშფოთება ადმინისტრაციული სასაზღვროს ხაზების გასწვრივ ადგილობრივი მაცხოვრებლების უწყვეტი თვითნებური დაკავებების გამო;
12. გამოხატეს განსაკუთრებული შეშფოთება საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო, რომელსაც ესროლეს და დაჭრეს დაკავების დროს.
13. გამოხატეს განსაკუთრებული შეშფოთება იმ დაუსჯელობის გამო, რაც ახლავს ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის ფაქტებს და გამოხატეს შეშფოთება აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ძალების სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილის გამო.
14. კვლავ აღნიშნეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია“ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დააწესოს ეროვნული შემზღუდავი ზომები იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე;
15. მკაცრად დაგმეს აფხაზეთის რეგიონში მიღებული გადაწყვეტილება, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, ე.წ. ”ნარკოტიკების ექსპორტის, იმპორტისა და/ან ტრანზიტის” შემთხვევაში სიკვდილით დასჯის შემოღებასთან დაკავშირებით;
16. კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხელშესახები შედეგების მისაღწევად მაღალი პრიორიტეტულობა აქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რუსეთსა და საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტით გამოწვეული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოსაგვარებლად;
17. გამოხატეს შეშფოთება გალში 2018 წლის ივნისიდან, ხოლო ერგნეთში 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის ივნისის პერიოდში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფუნქციონირების შეჩერებასთან დაკავშირებით; მიესალმნენ 2020 წლის 30 ივლისს ერგნეთის IPRM–ის აღდგენას და მოუწოდეს ყველა მონაწილეს დაუყოვნებლივ განაახლონ და უზრუნველყონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამართული ფუნქციონირება დამფუძნებელი პრინციპების პატივისცემით;
18. გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და პროგრამის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიმართ, რაც წარმოადგენს საქართველოს მტკიცე ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის შერიგებასა და თანამშრომლობას;
19. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ყველა შესაბამისი სახელმწიფოს მიერ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს:
- შექმნას იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილებისთვის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობები;
- შეწყვიტოს ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმა საქართველოს რეგიონების მაცხოვრებელების მიმართ, უპირველესად, გალისა და ახალგორის რაიონების ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური ნიშნით დაწესებული დისკრიმინაციურლი ღონისძიებები, მათ შორის, სრულ სამოქალაქო უფლებებზე წვდომის მისაღებად დადგენილი უცხოელ რეზიდენტად რეგისტრაციისა ან გვარის შეცვლის მოთხოვნა;
- მოხსნას ყველა წინააღმდეგობა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების მკვლელობის შემთხვევების დაუსჯელობის დასასრულებლად და დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად;
- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ორივე რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევისკენ მიმართული პოლიტიკა;
- მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება, აკრძალვა ან შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებაზე, სამედიცინო და საგანმანათლებლო მიზნების ჩათვლით; შეწყვიტოს სამედიცინო ევაკუაციის აკრძალვა და/ან დაყოვნება, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში;
- შეწყვიტოს ადამიანთა თვითნებური დაკავებები, მათ შორის ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ კუთხით და გახსნას ე.წ. „გამშვები პუნქტები“;
- დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ზაზა გახელაძე და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული;
- შეწყვიტოს სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების უფლების დარღვევა, მათ შორის საქართველოს ორივე რეგიონში მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების ხელყოფა;
- აღკვეთოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება საქართველოს რეგიონებში;
20. მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი საქმეზე საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (II);
21. გამოხატეს ღრმა წუხილი, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მონიტორინგის ორგანოებს, ასევე გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადებაზე პასუხისმგებელ სამდივნოს დელეგაციას არ მიეცათ საქართველოს შესაბამის რეგიონებში შესვლის ნებართვა; მიმართეს გენერალურ მდივანს, აწარმოოს დიალოგი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოსთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად; მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს რეგიონებში;
22. მიმართეს ადამიანის უფლებათა კომისარს, მისი დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, დააკვირდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში იმ გზით, როგორც თავად მიიჩნევს მართებულად, მისი მანდატის შესაბამისად;
23. მიმართეს გენერალურ მდივანს, განაგრძოს წელიწადში ორჯერ მინისტრთა კომიტეტისათვის საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენა.