September 1, 2023

ბიბლიის კვლევის საუკეთესო მეთოდი: შეკითხვების დასმა და პასუხების ძიება ღვთის სიტყვაში

იეჰოვას თაყვანისმცემლობაში კითხვების დასმისა და პასუხების ძიების დაუოკებელი წყურვილი ფუნდამენტურ სათნოებად დგას. პირდაპირი ჭეშმარიტებაა, რომ მათ, რომლებიც არ კითხულობენ და არ იკვლევენ რწმენის სიღრმეებს ბიბლიაში, აღარ უჩნდებათ შეკითხვები. ამის საპირისპიროდ, ნამდვილი მაძიებელი, მგზნებარე თაყვანისცემელი აღიარებს, რომ ღმერთთან მეგობრობა სულიერი საკითხების ღრმა კვლევის პროცესია.

ძიებისა და აღმოჩენის პროცესი არ არის რწმენის შეურაცხყოფა, არამედ მისი სიმდიდრის დადასტურებაა. რწმენა კვლევის გარეშე არის ღრუ, ხოლო რწმენა, რომელიც მოიცავს კითხვებს, მიდის იეჰოვასთან ღრმა და მნიშვნელოვან ურთიერთობამდე. ერთადერთი რაც გასათვალისწინებელია არის ის, რომ როგორც მწყურვალი არ ეძებს წყალს დაბინძურებულ ან დამშრალ ჭაში, ასევე არ ვეძებოთ რელიგიურ კითხვებზე პასუხები სატანის ქვეყნიერებაში, ეს მხოლოდ წმინდა წერილებსა და ღვთის ორგანიზაციის პუბლიკაციებში გავაკეთოთ.

„თავად ბიბლიაში უნდა ვეძებოთ პასუხები. თითოეული პასუხი მას უნდა ეფუძვნებოდეს და არა ქვეყნიურ შეხედულებებს“. ჩარლზ ტეიზ რასელი, „ბიბლიის მკვლევართა საზოგადოების“ დამფუძვნებელი.
„ნუ მიაქცევთ ყურადღებას ყველა სწავლების ქარს, რომელიც შექმნილია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც შეიძლება ბრძენებად და სწავლულებად გამოიყურებოდნენ. უძველესი ჭეშმარიტებები, უძველესი სწავლებები, ყველაფრის ბიბლიაში კვლევა, თქვენი ერთადერთი უსაფრთხოებაა“. ჯოზეფ რუტერფორდი, „საგუშაგო კოშკის საზოგადოების მეორე პრეზიდენტი“.
„კარგად გამოიყენეთ თქვენი გონების ძალა და აზროვნების უნარი, მაგრამ არ დაუშვათ ამან ხელი შეგიშალოთ მთელი გულით წმინდა წერილებში ჩაწერილისადმი მორჩილებაში“. ნათან ჰ. ნორი „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ მესამე პრეზიდენტი.
„კითხვებზე პასუხების ძიება და კვლევა მართებულია, თუ იგი გამოწვეულია ჭეშმარიტების მიღების გულწრფელი სურვილით. მაგრამ კვლევა არ არის სწორი, თუ ის მომდინარეობს ბოროტი, შეცდომის აღმოჩენის, კრიტიკული და სკეპტიკური დამოკიდებულებიდან“. ფრედ ფრენცი, ხელმძღვანელი საბჭოს ყოფილი წევრი.

მოსეს აინტერესებდა როგორ შეძლებდა მისთვის, როგორც ადამიანისთვის შეუძლებელი დავალების შესრულებას. „მოსემ ღმერთს უთხრა: „მე ვინა ვარ, რომ ფარაონთან წავიდე და ეგვიპტიდან ისრაელი გამოვიყვანო?!“ (გამოსვლა 3:11).

მოსეს აინტერესებდა როგორ მოეპოვებინა საკვები რესურსი ისრაელების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. „საიდან მოვუტანო ხორცი ამდენ ხალხს?“ (რიცხვები 11:13).

გედეონს აინტერესებდა რატომ იტანჯებოდა ღვთის ხალხი. „გედეონმა მიუგო: „მომიტევე, ჩემო ბატონო, მაგრამ, თუ იეჰოვაა ჩვენთან, რატომ დაგვატყდა თავს ეს ყოველივე?! სადღაა ის საოცარი საქმეები, რომლებზეც ჩვენი მამები გვიყვებოდნენ?! გვეუბნებოდნენ, განა იეჰოვამ არ გამოგვიყვანა ეგვიპტიდანო?! ახლა კი მიგვატოვა იეჰოვამ და მიდიანის ხელში ჩაგვყარა“ (მსაჯულები 6:13).

სამუელს აინტერესებდა როგორ შეესრულებინა დავალება ისე, რომ ცოცხალი დარჩენილიყო. „სამუელმა მიუგო: „როგორ წავიდე?! გაიგებს საული და მომკლავს“ (1 სამუელი 16:2).

იობს აინტერესებდა თუ რატომ აღიზიანებდა ღმერთს ადამიანის დანაშაული. „მე თუ შევცოდე, შენ რას გიშავებ, ადამიანთა მეთვალყურევ?“ (იობი 7:20).

დავითს აინტერესებდა რატომ უშვებდა იეჰოვა ადამიანთა ტანჯვას. „იეჰოვა, რატომ გამდგარხარ განზე?! რატომ იმალები, როცა გვიჭირს?“ (ფსალმუნი 10:1).

დავითს, რომელიც იეჰოვას მსახური იყო, აინტერესებდა რატომ არ ეხმარებოდა იეჰოვა. „იეჰოვა, როდემდე გეყოლები დავიწყებული? სამუდამოდ? როდემდე მომარიდებ პირს?“ (ფსალმუნი 13:1).

ესაიას აინტერესებდა რატომ უშვებდა იეჰოვა თავის თაყვანისცემლებში რწმენის დაკარგვას და განდგომილებას. „რატომ გადაგვახვევინე, იეჰოვა, შენი გზიდან? რატომ გაგვიქვავე გული, რომ აღარ გვეშინოდეს შენი“ (ესაია 63:17).

იერემიას აინტერესებდა რა იყო ბოროტ ადამიანთა წარმატების საიდუმლო. „რატომღა ემართებათ ხელი ბოროტებს?! რატომ არიან უდარდელად ვერაგები?!“ (იერემია 12:1).

აბაკუმს აინტერესებდა რატომ არ პასუხობდა იეჰოვა ლოცვებზე, რატომ უშვებდა ადამიანთა შორის ძალადობას და ბოროტებას და როდის დასრულებოდა ეს ყველაფერი. „როდემდე უნდა გთხოვდე შველას, იეჰოვა, და არ ისმენდე?! როდემდე უნდა გთხოვდე ძალადობისგან ხსნას და არ გვშველოდე?! რატომ მაყურებინებ ბოროტებას და რატომ იწყნარებ ჩაგვრას?! რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ?! რატომაა ირგვლივ შუღლი და დავა?!“ (აბაკუმი 1:2, 3).

იოანე ნათლისმცემელს აინტერესებდა იესო ნაზარეველი იყო თუ არა ქრისტე. „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთო“ (იოანე 11:3).

იესოს მიმდევრებს აინტერესებდათ ელიაზე წინასწარმეტყველების განმარტება. „მოწაფეებმა ჰკითხეს: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, ჯერ ელია უნდა მოვიდესო?“ (მათე 17:10).

იესოს მიმდევრებს აინტერესებდათ რას გააკეთებდა იესო მათ დასახმარებლად სტიქიური უბედურების დროს. „გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, ნუთუ შენთვის სულერთია, რომ ვიღუპებით?!“ (მარკოზი 4:38).

კანონის მცოდნეს აინტერესებდა იესოს აზრი მოყვასის შესახებ. „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ (ლუკა 10:29).

იუდეველთა ერთ-ერთ მმართველს, ნიკოდემეს აინტერესებდა როგორ ხდება ადამიანი ღვთის წმინდა სულით ცხებული . „ნიკოდემემ ჰკითხა მას: „მოხუცი კაცი ხელახლა როგორ დაიბადება?“ (იოანე 3:4).

იესოს მიმდევრებს აინტერესებდათ რა იყო ადამიანის ავადმყოფობისა და ტანჯვის მიზეზი, პირადი ცოდვა თუ წინაპრის მიერ ჩადენილი შეცდომა. „მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რაბი, ვინ შესცოდა, ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა, უსინათლო რომ დაიბადა?“ (იოანე 9:2).

იესოს მიმდევრებს აინტერესებდათ მესიანური სამეფოს დამყარების თარიღი. „სხვა დროს, როცა შეიკრიბნენ, მას ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ აპირებ ისრაელისთვის სამეფოს აღდგენას?“ (საქმეები 1:6).

იეჰოვასა და იესო ქრისტეს რწმენისთვის დაღუპულ ადამიანებს სიმბოლური ენით აინტერესებდათ რატომ არ ანადგურებდა მათ მტრებს იეჰოვა. „ისინი ღაღადებდნენ: „უზენაესო უფალო, წმინდავ და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს დედამიწის მკვიდრთა გასამართლებისა და მათზე შურისძიებისგან?! მათ ხომ ჩვენი სისხლი დაღვარეს!“ (გამოცხადება 6:10).

თუ რა არის კითხვების დასმის და ძიების შედეგი, ჩარლზ რასელი დამამშვიდებელი, შთამაგონებელი, დამარწმუნებელი და მოქმედებისკენ აღმძვრელი სიტყვებით წერს თავის ნაშრომში „მოვიდეს შენი სამეფო“ (ელექტრონული წიგნის ბმული):

„ღვთის გეგმა არ ითვალისწინებს დიდი ცოდნით ადამიანის გადარჩენას. ცოდნა მოვა „განკუთვნილ დროს“. . . ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ყველა სირთულე მოგვარდება, ყველა წინააღმდეგობა გადაილახება, ყველა მართლის ვედრება შესრულდება „იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“. დაპირებული ცოდნისა და კურთხევის მოსაპოვებლად, მადლის ტახტს თამამად, თავდაჯერებულად დღესვე უნდა მივუახლოვდეთ. . . ჩვენ უნდა ვილოცოთ ამისთვის, უნდა გამოვიკვლიოთ წმინდა წერილები, რათა დავინახოთ ასეა თუ არა ეს ყველაფერი; ჩვენ მივიღებთ შუქს და უნდა ვიაროთ მასში, ამგვარად მოგვეფინება მეტი სინათლე. ასეთი შესწავლით, ლოცვით და მორჩილებით, ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტს გავიგებთ ბიბლიური სწავლებების შესახებ. იეჰოვა მზად არის უპასუხოს მაძიებლის შეკითხვებს, რომელიც წრფელი გულით, მონდომებული გონებით და ურყევი სიყვარულით ელოდება. გაგების კარიბჭის ერთადერთი გასაღები ქრისტეს მსგავსი თავმადაბლობაა“.