February 25, 2023

სამშობლოს კულტი: კერპები და ქურუმები

თანამედროვე ქართული პოლიტიკა კვაზირელიგიის ნიშნებს შეიცავს.

1988 წლის 11 ივლისს გიორგი ჭანტურიამ „მოამბეში“ გამოაქვეყნა წერილი „ახალი ძალა“. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს უპირველესად სურდა განემარტა, რატომ დატოვა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება". ჭანტურია ნიჭიერი პიროვნება იყო, კალამი უჭრიდა და შედეგად რადიკალების ერთგვარი მანიფესტი გამოუვიდა. საგულისხმო ციტატა: „ნიკოლო მაკიაველი წერს: „როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი უნდა შევიკავოთ იმაზე მსჯელობისაგან, სამართლიანია ესა და ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქების თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და და თავისუფლების შენარჩუნებას. ეს, რა თქმა უნდა, სრულებით არ ნიშნავს მორალის უარყოფას და ეროვნული პოლიტიკის, როგორც უზნეობის, აპოლოგიას. უბრალოდ დიდს, ყველაზე მთავარს ემორჩილება შედარებით მეორეხარისხოვანი და ეს ქრისტიანულიცაა და გონივრულიც. „თეთრხელება“ და ყბედ ადამიანებს არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ ერისათვის, ხოლო საკუთარი უნიათობით კი ბევრი რამ წაუხდენიათ“ [ციტატის დასასრული].

ეს წერილი ბევრს დაამახსოვრდა; რაღაც მსგავსს აცხადებდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალური ფრთის სხვა ლიდერებიც. სავარაუდოდ, სწორედ იმ პერიოდში „თეთრხელება და ყბედმა ადამიანებმა“ იგრძნეს, რომ საქმე მთლად კარგად ვერ მიდის და აფუსფუსდნენ. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ხვდებოდა, რომ რადიკალური პარტიების ლიდერები მათ თვალწინ ახდენენ სამშობლოს კულტის რეფორმირებას, რომელსაც ადრე ე.წ. წითელი ინტელიგენცია განაგებდა და ქმნიან ქურუმების ერთგვარ კასტას, რომელიც მიტინგებზე ათიათასობით ნეოფიტის წინაშე ექსტაზში ვარდება, განმარტავს რა სურს ღვთაებას და რაში მდგომარეობს ყბადაღებული „ინტერესები“. მაგრამ მომხდარის სრული და ზუსტი აღწერა მხოლოდ მერაბ მამარდაშვილმა მოახერხა.

მისი ცნობილი ფრაზა სამშობლოსა და ჭეშმარიტებაზე 90-იანების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლია, რადგან ის უხეშად ამოგლიჯეს კონტექსტიდან და დღესაც ასე ეპყრობიან. ადამიანების უმრავლესობამ, რომელიც მას იმეორებს, არ იცის, რა ითქვა მანამდე და მოგვიანებით, მაგრამ მიუხედავად ამისა იწყებს უთავბოლო მსჯელობას ჭეშმარიტების (ან სამშობლოს) არსზე და ფილოსოფოსის მიერ ნაგულისხმევ ქვეტექსტზე. ბევრი მათგანი ამ დროს გულმოდგინედ ცდილობს გვერდი აუაროს სიუჟეტს „სოკრატე პოლისის წინააღმდეგ“ და ამბობს, რომ პოლისიც კარგია და სოკრატეც, ანუ მერაბიც შესანიშნავია და ერთად ქვევრი რომ დაგვეცალა, ცხოვრებაც გაგვიხალისდებოდა. თან მიანიშნებენ, რომ სუფრა შეგვიძლია დაუყონებლივ გავშალოთ, რადგან ქვევრი დროის მარწუხებისგან თავისუფალი ფენომენია, ამასთან ინტელექტუალურ სიმხდალეს კარგად ნიღბავს. თუმცა ყოველივე თქმულთან დაკავშირებით მთავარია გავიგოთ, რომ 1989 წლის ივნისში, „სახალხო ფრონტის“ ყრილობაზე მამარდაშვილი უაღრესად კონკრეტული იყო. სიტყვის წარმოთქმა უჭირდა; სიზიფეს ჰგავდა, რომელიც ლოდს მიაგორებდა. [გამოსვლის ვიდეოჩანაწერი]

„ჩვენი ადგილი არ არის დასატოვი, ვინც გადალახა ეს სახიფათო წერტილი და ჩამოყალიბდა როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს ერთი მხოლოდ კანონი თვის ზევით - ეს პირადი სინდისია. და ეს პირადი სინდისი გვიკარნახებს, თუ ქრისტიანები ვართ, რომ ყველაზე მაღლა დგას ამ სინდისის ნათელი წერტილი, ანუ ჭეშმარიტება, სამშობლოზეც მაღლა დგას. იმიტომ რომ ხანდახან, ჩვენ სამშობლოს ინტერესად მიგვაჩნია რაღაცა, რომელიც სინამდვილეში არ არის სამშობლოს ინტერესი. ამას მხოლოდ მის ინტერესად დანახვას გვიკარნახებს ვნება, სისხლის ჩქეფა ჩვენში ან მშობლიური ნიადაგი, ამის იქეთ არ ვიხედებით, და ამის იქით გახედვა შეიძლება მხოლოდ ჭეშმარიტების ვარსკვლავის ქვეშ, მისი სხივის ქვეშ. ეს არის სხვათა შორის ელემენტარული ქრისტიანული მრწამსი. ვიმეორებ, ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას, ვიდრე სამშობლო. ამიტომ საქართველო არ შეიძლება იყოს ფეტიში, ქრისტიანობაში საერთოდ კერპები და ფეტიშები არ არსებობენ“ [ციტატის დასასრული].

მამარდაშვილი მიუთითებდა მეთოდზე, რომლის გამოყენებით აპირებდნენ მართვას ახალი ლიდერები, მაგრამ ინდობდა მათ ან უბრალოდ არ შეეძლო გამანადგურებელი იერიშის მიტანა. ის საუბრობდა ვნებებზე და არა ბელადების გათვლებზე, რომელნიც სამშობლოს და ერის ინტერესებს წამდაუწუმ ახსენებდნენ. სპეციფიური პოლიტიკური სისასტიკის გარეშე, პროცესის სხვა კალაპოტში მოქცევის ნულოვანი შანსი ჰქონდა.

ლეგენდის საპირისპიროდ, ხმაური დარბაზში არა ამ ცნობილი ფრაზის, არამედ სხვა რეპლიკის შემდეგ, მოგვიანებით დაიწყო. თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ ზვიად გამსახურდიამ და რადიკალური ფრთის სხვა ლიდერებმა ყველაფერი გაიგეს. მამარდაშვილზე მასირებული საინფორმაციო იერიში მიიტანეს. მისი პოლიტიკური ანდერძი (სხვა რა ვუწოდოთ?) დაჩეხილია, დაყვანილია ერთ ფრაზამდე, რომელიც აგერ უკვე 30 წელია უნაყოფო და დამღლელ კამათს წარმოშობს. კომენტატორები იშვიათად ახსენებენ ამ კონტექსტში იდეებსა და კერპებს, პლატონსა და ბეკონს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შესახებ არაფერი იციან - უბრალოდ ეს ოთხი სიტყვა „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“ ყოველივე დანარჩენს თითქოსდა სადღაც შორს, ბნელი გამოქვაბულის ფარგლებს გარეთ დევნის.

სამშობლოს კულტი, როგორც პატრიოტიზმის ჩიხური შტო, განვითარებას განაგრძობდა და კოორდინატების მისეულ სისტემაში მამარდაშვილი გამოიყურებოდა როგორც ღვთის მგმობი ერეტიკოსი. იყო ყველაფერი - განხეთქილება „ქურუმთა კოლეგიაში“, საქართველოს სასწაულებრივი სახეცვლილების რწმენის გავრცელება, დოგმატი ლიდერის უცოდველობის შესახებ, ლტოლვა დისიდენტების რიტუალური დამცირების, ან სულაც განადგურებისაკენ. და ამასთან ერთად - სისხლით მორწყული სამსხვერპლოები, მიტოვებული კერები და უთვალავი მსხვერპლი. დაღუპულთა ფოტოები ჩვენს ნიუსფიდებში მხოლოდ დროდადრო ჩნდება - ყველა ერთდროულად რომ გამოქვეყნებულიყო, თავს გაცილებით უარესად ვიგრძნობდით, ვიდრე ნერვული ტურისტები იმ კართაგენელი ბავშვების სასაფლაოზე, რომლებიც დავიწყებულ ღმერთებს და ჯერ კიდევ აქტუალურ ვნებებს შესწირეს მსხვერპლად.

სახელწმიფო ჰიმნის პირველსავე სტრიქონში სამშობლოს ხატს უწოდებენ. ციტატა აკაკი წერეთლის 1894 წლის ლექსიდან 110 წლის შემდეგ ახალი ჰიმნის ნაწილად იქცა. ამაღლებულ და არცთუ მარტივ მეტაფორას და შემთხვევით, მაგრამ საკმაოდ სახასიათო თანხვედრას მამარდაშვილი, სავარაუდოდ, გვერდს ვერ აუვლიდა.

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს სამშობლოს ინტერესები უპირველესად იმაში მდგომარეობს, რომ ესა თუ ის ლიდერი და მისი თანამეინახეები ხელისუფლებაში უნდა იყვნენ, თან მხოლოდ იმიტომ რომ მათი სჯერათ (თუ სწამთ). მსგავსი „პოლიტიკური პოზიციის“ წარმოუდგენელი სიჩლუნგე გათიშული კრიტიკული აზროვნების პირობებში პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. გაცილებით უარესია ნებისმიერი საზიზღრობის გამართლების მზადყოფნა, იმ შემთხვევაში თუ ის „ნათელმა ძალებმა“ ჩაიდინეს.

ქართულმა პოლიტიკამ პათოლოგიური ნიშნები მას შემდეგ შეიძინა, რაც იმ ცნობილ სიტყვაში ნახსენებ სინდისს ისე მიუდგნენ, თითქოს რაღაც მეორეხარისხოვანს წარმოადგენდა სამშობლოს ინტერესებთან ან რთულ პოლიტტექნოლოგიურ მექანიზმებთან შედარებით. შესაძლოა, საქართველოს სწორედ „სინდისის რევოლუცია“ სჭირდება, ან, თუ გნებავთ, „სინდისის რესტავრაცია“ და არა მორიგი გადატრიალება პოლიტიკოსთა (განხილულ კონტექსტში - ქურუმთა) ახალი დაჯგუფების სასარგებლოდ. დღესდღეობით სიტყვები „სინდისი“ და „ჭეშმარიტება“ ხშირად შორეული ეპოქის, მკვდარი ენის რელიქტებს მოაგონებენ, რომელთაც ლათინური მაქსიმების თუ ქართული სადღეგრძელოების მსგავსად, პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვთ, მაგრამ ლამაზი ჟღერადობა შემორჩათ. საზოგადოებამ გაათავისუფლა პოლიტიკა „ქიმერისაგან, რომელსაც სინდისი ეწოდება“ და საკუთარ თავს უდიდესი უბედურება დამართა.

დიმიტრი მონიავა

გამოქვეყნდა აქ; ამონარიდია