April 27, 2023

მოღალატეები და სოციალური კომპლექსები

რატომ იკავებს სიტყვა „მოღალატე“ ესოდენ მნიშვნელოვან ადგილს ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში?

ისევ საფრანგეთის რევოლუციით დავიწყოთ. ბევრი ფრანგი, რომელიც არისტოკრატიას არ მიეკუთვნებოდა, განმანათლებლობის ეპოქაში ეზიარა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ოცნებას წარმატებაზე მეცნიერების თუ ხელოვნების ასპარეზზე; მათ ვოლტერისა და დიდროს დაფნის გვირგვინები ხიბლავდა. დღეს რომ იტყვიან, სოციალური ლიფტის კარი გაიღო, თუმცა, ბუნებრივია, ყველა მსურველს ვერ დაიტევდა. ბევრი მათგანი პარიზის დასაპყრობად გაემართა, მაგრამ ე. წ. ლიტერატურულ ფსკერზე დაეშვა, რომელსაც საინტერესოდ აღწერს ამერიკელი ისტორიკოსი რობერტ დარნტონი: „...რათა გადარჩენილიყვნენ ხელს ბინძურ საქმეებს ჰკიდებდნენ - პოლიციის აგენტები ხდებოდნენ, პორნოგრაფიულ ნაწარმოებებს ქმნიდნენ და თავის თხზულებებში წყევლიდნენ მაღალ საზოგადოებას, რომელმაც დაამცირა და გარყვნა“. სწორედ „ლიტერატურულ ფსკერზე“ შეიძინა რევოლუციამ ყველაზე ერთგული და რადიკალური მხარდამჭერები, რაც მის მნიშვნელობას, ცხადია, არ აკნინებს. სოციალურ კონკურენტებს ძველი ელიტიდან ისინი მოღალატეებსა და ხალხის მტრებს უწოდებდნენ, იყენებდნენ შანსს, რათა ახალი, უფრო მაღალი სტატუსი შეეძინათ და დამხობილი ავტორიტეტების ადგილი დაეკავებინათ.

თუმცა, აღნიშნავს დარნტონი, „შეცდომა იქნებოდა ყოველივე ამის მიღმა მხოლოდ დასაქმების წყურვილის ან წარჩინებულთა მიმართ სიძულვილის დანახვა. იაკობინელ პამფლეტისტებს საკუთარი პროპაგანდის სჯეროდათ. მათ სურდათ ძველი, გარყვნილი „მე“-სგან გათავისუფლებულიყვნენ, ახალი ადამიანები გამხდარიყვნენ და კეთილშობილების რესპუბლიკაში ახალი შესასვლელიდან შეეღწიათ. მათ, როგორც კულტურულ რევოლუციონერებს, „გონების არისტოკრატიის“ განადგურება სურდათ“. დარნტონს მოჰყავს რევოლუციური მოვლენების ერთ-ერთი თვითმხილველის საგულისხმო ციტატა: „საიდან გაჩნდა ეს ავადმყოფური აღგზნება? წვრილი ჩინოვნიკები და ადვოკატები, მწერლები, რომელთაც არავინ იცნობდა, მშიერი დემაგოგები კაფეებსა და კლუბებში - სწორედ ამ გარემოში გამოიჭედა იარაღი, რომლითაც მასები შეიარაღდნენ“.

„ჰუმანიტარული ფსკერის“ გადაქცევა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფაქტორად შეგვიძლია დავაფიქსიროთ 1917 წლის რევოლუციის და გვიანდელი სსრკ-ს კონტექსტშიც. ურბანიზაციამ, თანმდევი კულტურულ-ცივილიზაციური განვითარებით, თბილისში უამრავი ადამიანი ჩამოიყვანა. ისინი ხედავდნენ, როგორ იპყრობენ მწვერვალებს იღბლიანი და მონდომებული პიროვნებები, იმეორებდნენ მათ სიტყვებსა და ჟესტებს, მაგრამ არ გააჩნდათ საკმარისი ცოდნა, ნიჭი და კავშირები. საუკეთესო შემთხვევაში მათ ელოდათ მასწავლებლის ან, მაგალითად, კორექტორის, დამონებული უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის კარიერა, ოროთახიანი ბინა გარეუბანში და შესაბამისი საურთიერთობო წრე. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ და რეჟიმების მომდევნო ცვლამ უნიკალური შანსი აჩუქა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მათ კონკურენტების მარკირება დაიწყეს და მოღალატეებსა თუ მტრებს უწოდებდნენ, რათა მათ წინააღმდეგ მასების მობილიზება მოეხდინათ და ამ დროს ახალი პოლიტიკის ენასა და ეთიკას ქმნიდნენ. რა სწყუროდათ - თავისუფლება თუ თვითდამკვიდრება? და სად გადის ზღვარი?

დროთა განმავლობაში ბევრი მათგანი დამშვიდდა, „აითვისა საბაზრო ნიშა“ და შემოქმედებით წარმატებასაც კი მიაღწია. მაგრამ იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც კვლავინდებურად ვაჭრობს საკუთარი სიძულვილით და ცდილობს სოციალური მდგომარეობა გაიუმჯობესოს ან, როგორც მინიმუმი, საზოგადოებაზე შური იძიოს, კვლავინდებურად არაპროპორციულად დიდია. მათ, ვინც წამდაუწუმ ახსენებს მტრებსა და მოღალატეებს, როგორც წესი, ისეთივე ზიზღით უყურებენ როგორც შტატიან პროვოკატორებს, ხოლო საზოგადოების ნაწილი ოცნებობს ახალ პოლიტიკურ ენაზე, რომელიც უფრო თანამედროვე, მოქნილი, ღრმა და მრავალმნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ ძველი პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ენა კვლავინდებურად მოთხოვნადია, შესაძლოა იმიტომ, რომ სოციალური კონფლიქტი, რომელმაც ის წარმოშვა, დაძლეული არ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის, ვინც გამუდმებით ეძებს მოღალატეებს, დიდი ალბათობით საკუთარ სოციალურ კომპლექსებს გაურბის.

დიმიტრი მონიავა