March 6, 2023

გაყოფილი ქალაქი: შუღლი და შერიგება 

როდესაც ისტორია XVII საუკუნეში იწყება, ის, როგორც წესი, ჭკუის სასწავლებელია. ოცდაათწლიანი ომის კოშმარისაგან გამოქცეული ჩეხი გრავიორი ვაცლავ ჰოლარი მისდა მოულოდნელად ინგლისში, ძმათამკვლელი ომის შუაგულში აღმოჩნდა. 1643 წელს პარლამენტის რაზმებით ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში მან შექმნა ნახატი „სამოქალაქო შუღლი“. მასზე გამოსახულია ამფისბენა - შემზარავი ორთავიანი გველი. თავის დროზე ეს უხსენებელი ახსენეს ესქილემ, პლინიუსმა, აპოლოდორმა, თუმცა სწორედ ჰოლარმა დაუკავშირა მას სამოქალაქო ომისთვის დამახასიათებელი ერთობისა და დაპირისპირების პარადოქსული შეხამება.

ქართველები შეეჩვივნენ ე. წ. ცივ სამოქალაქო ომს და ბევრ მათგანს არ სჯერა, რომ სიტუაცია ოდესმე შეიცვლება. ზოგიერთმა ახლობელმა ნახატის დანახვისთანავე თქვა: „ერთი თავი - „ქართული ოცნებაა“, ხოლო მეორე - „ნაცმოძრაობა““ და უცენზუროდ განმარტა რატომ სჭირდება ეს ორი, თითქოსდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული პარტია ერთმანეთს. ეს მეტაფორა მართლაც ზედაპირზე დევს, თუმცა ასეთი შედარება ზერელეა, ხოლო პრობლემა - გაცილებით ღრმა. მნიშვნელოვანია დავადგინოთ, როგორ გაჩნდა სამოქალაქო შუღლის ამფისბენა, ხოლო მისი თავების სახელებს კონკრეტულ ისტორიული პერიოდში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ნიკოლ ლორო შესანიშნავ წიგნში „გაყოფილი ქალაქი: დავიწყება ათენის მეხსიერებაში“ მოგვითხრობს როგორ დავობდნენ ძველი ბერძნები პირველმიზეზზე, რომელიც აიძულებს მოქალაქეებს ერთმანეთი ლანძღონ, ქალაქიდან გააძევონ და დახოცონ. ალკეოსისთვის „ჭირი, რომელიც გულს ხრავს“ მოდიოდა ღმერთებისგან, ცუდი მმართველებისგან და გარე მტრებისგან. სხვებისთვის ის წარმოადგენდა პოლისის, თვით პოლიტიკური საწყისის თანდაყოლილ თვისებას, რომელიც მუდამ თვლემდა მასში და გარკვეულ პირობებში იღვიძებდა. ლორო წერდა: „ანთროპოლოგებისთვის ესოდენ მიმზიდველი მოდელი - კონსენსუსის ეგალიტარული პოლისი, რომლის საბაზო პროპორციები მიმოფანტულია მთელს ბერძნულ დისკურსში არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურ ქალაქებში ადგილი აქვს განხეთქილებას... გაყოფილი ქალაქისთვის ეგალიტარული პოლისი იდეოლოგიის როლს ასრულებს, რადგან მისი ხატი გვამშვიდებს და რეალურ განხეთქილებაზე ფიქრის შესაძლებლობასაც კი უარყოფს“. ის, რასაც ხშირად საბჭოთა ან უფრო ადრინდელი, ფრიად უგვანო პერიოდების ნოსტალგიად აღვიქვამთ, ხანდახან საზოგადოების არაპოლიტიკური (პრეპოლიტიკური), პრენატალური მდგომარეობის დატირებაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ბრძოლას ადგილი წარსულშიც ჰქონდა, თუმცა დღეს ის დავიწყებულია და ერთიანი, მთლიანობაში გაბრწყინებული და არასდროს არსებული თბილისის აჩრდილი შუღლისაგან გაველურებულ სულებს ათბობს.

ვინ გააღვიძა ამფისბენა საქართველოში? თუ ქვეყნის მდგომარეობის აღსაწერად იდეალური ინსტრუმენტის შექმნას დავაპირებდით, შესაძლოა, საფუძვლად ავიღებდით დეკარტის კოორდინატთა სისტემას სამგანზომილებიან სივრცეში და X-ღერძს დავაწერდით „აქტივები“, Y-ღერძს - „ურთიერთობა ხელისუფლებასთან“, ხოლო Z-ღერძს „საზოგადოებრივი სტატუსი“. თითოეული მოქალაქე ფერად წერტილად გადაიქცეოდა, მათ ერთმანეთთან ნათესაური, მეგობრული, ზოგჯერ კორუფციული ურთიერთობა დააკავშირებდა, ისინი შექმნიდნენ ერთგვარ ღრუბლებს და კოორდინატებს ნელ-ნელა შეიცვლიდნენ. მაგრამ თუ ეს ჯადოსნური სოციოლოგიური აპარატი 90-იანი და „ნულოვანი“ წლების მოვლენებს გვიჩვენებდა, დავინახავდით როგორ ახტა მაღლა ათასობით წერტილი შემდეგ კი (ძირითადად) ისევ დაბლა დაეშვა. სავარაუდოდ, მივიდოდით დასკვნამდე, რომ სამოქალაქო შუღლი საქართველოში საბჭოთა აქტივების დანაწილებამ და მათ საფუძველზე მოგების მიღების ახალი ზონების შექმნამ წარმოშვა - ანუ, პრივატიზაციამ და მისი შედეგების „ჩასწორების“ მცდელობებმა, ხოლო ძალაუფლება უპირველესად ამ პროცესის მარეგულირებელი ინსტრუმენტი იყო.

ამაზე ცოტას საუბრობენ, თითქოს რაღაც სამარცხვინო, ბინძური, უკადრებელი იყოს. არაერთ ქართველს სჯერა, რომ მხოლოდ დიადი პრინციპებისთვის და ნათელი მიზნებისთვის იტანჯებოდა. ყველამ იცის, რომ მსხვილი საქმოსნები აფინანსებდნენ ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა რაზმებს, როდესაც ის პრივატიზაციის დაწყებას არ ჩქარობდა („ბელორუსული ვარიანტის“ რეალიზებას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებდა, თუმცა ეს ცალკე თემაა). ყველას ახსოვს, როგორ იცვლებოდა რაღაც ჯადოსნური ხერხებით ზეღირებული ობიექტები ფარატინა კუპონებზე, ვაუჩერებზე შევარდნაძის დროს, ხოლო პათანატომები ყველა წარმოსადგენი კალიბრის ტყვიების კოლექციებს აგროვებდნენ. ისიც ახსოვთ, როგორ ატერორებდნენ სააკაშვილის ძალოვნები ბიზნესმენებს და ავადსახსენებელი „ღამის ნოტარიუსების“ დახმარებით აიძულებდნენ საკუთრებაზე უარი ეთქვათ, რომელიც შემდეგ პოლიტიკურად (და, სხვათა შორის, სოციალურად) დაახლოებული პირების ხელში გადადიოდა. და როგორ დაიწყო ბულდოზერს დამსგავსებულმა სახელმწიფო მანქანამ ივანიშვილის დროს ოლიგარქიული კაპიტალისთვის მოედნის დასუფთავება შეყოვნებულთა თავებზე გადავლით. ყველა ეს პროცესი საქართველოში აღიქმება როგორც ფონური, პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში როგორც განმსაზღვრელი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დაძაბული, ხშირად სასიკვდილოდ საშიში ბრძოლა სწორედ აქტივების გადანაწილებისთვის წარმოებდა. სწორედ მან გახადა ქართველი პოლიტიკოსები ისეთი, როგორიც დღეს არიან და შექმნა პარტიები, რომლებიც მუდამ ცდილობენ კანონზე მაღლა დადგნენ. ისინი იმდენად საშიშნი არიან, რომ მოქალაქეები ნახატზე ორთავიანი გველის დანახვისთანავე შესაბამისი მეტაფორების ფრქვევას იწყებენ.

გამოჩენილმა არქეოლოგმა და ელინისტმა ანრი ვან ეფენტერმა ანტიკური ხანის საკვანძო ტერმინზე მსჯელობისას თქვა: „ქალაქში ჯანყის, რევოლუციის აღსაწერად ბერძნები იყენებენ სიტყვა stasis-ს (στάσις), მისი ფუძე კი ნებისმიერ სხვაზე მეტად ასოცირდება მდგრადობასთან, მუდმივობასთან, სტაბილურობასთან, ისე თითქოს stasis-ი მათთვის ერთგვარი ინსტიტუტია! (ეს პარადოქსი შეიძლება საკვანძო აღმოჩნდეს ხანგრძლივი შუღლის ბუნების გასაგებად, მათ შორის საქართველოშიც). ჯორჯო აგამბენმა თავის ერთ-ერთ წიგნს სწორედ „Stasis: სამოქალაქო ომი როგორც პოლიტიკური პარადიგმა“ უწოდა. მან განავითარა ლოროს იდეები და მასთან პოლემიკის დროს განიხილა მოქალაქეთა დაპირისპირება არა როგორც პოლიტიკური წესრიგის საპირისპირო ფენომენი, არამედ როგორც პროცესი, რომელიც მას წარმოშობს. შუღლის დასრულება მხარეთა გამოფიტვით გამოწვეული ზავი არაა - არსებითად, ეს სახელმწიფოს ხელახალი დაფუძნებაა სუვერენიტეტის ახალი დაბედებით. თქმულიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ახალი წესრიგი უსაზღვროდ სამართლიანი იქნება, მაგრამ ის ნებისმიერ შემთხვევაში დათრგუნავს პირველყოფილ ქაოსს.

დღესდღეობით, აქტივების დანაწილება (ან, თუ გნებავთ - დატაცება) მთლიანობაში დასრულებულია, ხოლო მათ უხეშ, კანონსაწინააღმდეგო დაუფლებასთან დაკავშირებული რისკები მოსალოდნელ ამონაგებს ბევრად აღემატება. მდიდარ ადამიანებს თავზეხელაღებული რეიდერობა აღარ იზიდავს, არამედ სტაბილური წინსვლა პირობით ღერძებზე X და Z. მარტივად რომ ვთქვათ, მათ სჭირდებათ მყუდრო ოლიგარქიული რესპუბლიკა მოთვინიერებული მოსამართლეებით, მინისტრებით, დეპუტატებით და გარანტიებით მემკვიდრეებისთვის. ბოლო დროს ისინი, ისევე როგორც მაღალი ფენის სხვა წარმომადგენლები, ხშირად ლაპარაკობენ პოლიტიკოსებზე ცუდად შენიღბული ზიზღით ისე, თითქოს საუბარი ქვეწარმავლებს ეხება, სურთ, რომ ისინი უფრო მართვადები გახდნენ, ხოლო, ასე ვთქვათ, „თერმიდორის მონაპოვარი“ განმტკიცდეს. სიმშვიდე საშუალო ფენის ბევრ წარმომადგენელსაც სურს და დაბალი ფენისაც კი - ურჩევნიათ გზა სოციალური ლიფტისაკენ ნელ-ნელა, თანმიმდევრულად გაიკაფონ, რევოლუციური რღვევის და ტოტალური განადგურების გარეშე.

ქართველები ხშირად აღწერენ პოლიტიკურ პროცესს როგორც „ცივ სამოქალაქო ომს“ და ბოლო დროს ამ მეტაფორას ის უცხოელებიც იყენებენ, რომელნიც შეაძრწუნა ადგილობრივი პოლიტიკოსების პათოლოგიურმა ქცევამ, წყევლა-კრულვამ და მრისხანე მუქარებმა, რომლის შესასრულებლად არც ძალა ეყოფათ, არც რესურსები, არც გამბედაობა მაშინაც კი თუ ხელისუფლებაში მოვლენ, მითუმეტეს რომ დასავლეთი ნაკლებად ტოლერანტული იქნება პოლიტიკური და მითუმეტეს ეკონომიკური ველის „გასუფთავების“ მცდელობის მიმართ. ისინი ძალიან ანაქრონულად გამოიყურებოდნენ და ცუდად უსმენდნენ უცხოელ პარტნიორებს, როდესაც ისინი მოუწოდებდნენ ძველი წყენა დაევიწყებინათ და, ბოლოს და ბოლოს, მომავლისკენ გაეხედათ. ბევრმა მათგანმა ვერ გაიგო, რატომ მოუწოდებდნენ ევროპელები შეეტანათ „მიშელის შეთანხმებაში“ პუნქტი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების მონაწილეების (როგორც დემონსტრანტების, ისე ძალოვნების) ამნისტიის შესახებ და ხედავდნენ მასში რაღაც ტაქტიკურ დათმობას ან ხრიკს, მაგრამ არა ნაბიჯს სამოქალაქო დაპირისპირების დასრულებისკენ და „სიძულვილის, როგორც stasis-ში ადამიანთა შორის ურთიერთობის ფორმის უარყოფას“ (ნ. ლორო).

გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, სამოქალაქო შერიგება არ ეფუძნება ემოციურ იმპულსს, საფუძველს მისთვის პრაგმატული გათვლები ქმნიან, ისევე როგორც იმ პლუსებისა და მინუსების აწონვა, რომელსაც კონფლიქტის გაგრძელება მოიტანს. თუმცა მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური შემადგენელიც - ხალხის დაღლილობა, განაწყენება უცხოელებზე, რომლებიც დასცინიან გახლეჩილ, ფულისა და დროის მფლანგველ ერს, ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი და ა. შ. ხშირად შერიგებას ხელს მესამე ძალა უწყობს. ძვ. წ. 403 წელს ათენის დამშვიდებას ხელი ნებსით თუ უნებლიეთ სპარტის მეფემ შეუწყო, ხოლო თანამედროვე საქართველოში მხარეებზე გავლენას ევროპელი პარტნიორები ახდენენ.

თუმცა, სამოქალაქო შუღლის დასრულების ქვაკუთხედს ორმხრივი ამნისტია წარმოადგენს. ათენის მოქალაქეები დებდნენ ფიცს: „უბედურებას აღარ გავიხსენებ“, ზოგიერთი მათგანი კი, შესაძლოა, გულში იმეორებდა სიტყვებს, რომელიც აქილევსმა აგამემნონს უთხრა:

„მაგრამ რაც მოხდა, მწუხარენი დავეხსნათ ახლა,

გული დავიცხროთ, ვით მოითხოვს გარდუვალობა!

მეცა ვთმობ რისხვას უცილობლად. როდი ვაპირებ,

რომ განუწყვეტლად ვმრისხანებდე...“

დღეს ქართული პოლიტიკა ეფუძნება წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის შურისგების იდეას და სწორედ ამ გადასახედიდან განიხილება 2019 წლის 20 ივნისის, 2011 წლის 26 მაისის, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები, გირგვლიანის მკვლელობა, გამსახურდიას დამხობა, საკუთრების წართმევა და კონტრ-წართმევა, რეპრესიები და ათასობით სხვა შემზარავი ფაქტი, რომელიც დაფლულია ინტერპრეტაციების გროვის ქვეშ. სიძულვილის გენერირებას სწორედ შურისგების იდეა ახდენს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მას საკუთარი დაბადების გამო თუ არა, არსებობის გახანგრძლივებისთვის მაინც უნდა უმადლოდნენ. მოლაპარაკებამ „მიშელის შეთანხმებაზე" აჩვენა, რომ ეს პარტიები და მათი სატელიტები შუღლის დასრულებისთვის საიმედო საფუძველს ვერ შექმნიან არა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების შუამავლობის, არამედ მათი ზეწოლის შემთხვევაშიც კი. აქვე ჩნდება „ქალაქის ერთი ნაწილის მეორეზე გამარჯვების რატიფიკაციის პრობლემა“, რომლიდანაც, ლოროს აზრით, გამომდინარეობს უარი „ოცნებაზე ერთიან და განუყოფელ ქალაქზე“. მართლაც, ათენში განხილულ პერიოდში დემოკრატებმა გაიმარჯვეს, ხოლო „ოცდაათ ტირანზე“ ამნისტია არ გავრცელებულა. ამნისტიის აქტი (სიტყვა „Oblivion“ მის სათაურში ასევე შეიძლება ითარგმნოს როგორც „დავიწყება“), რომელიც სტიუარტების რესტავრაციის პერიოდში გამოიცა და ინგლისში სტაბილურობა უზრუნველყო, არ ვრცელდებოდა ადამიანებზე, რომლებმაც ჩარლზ I-ს სიკვდილი მიუსაჯეს. სხვათა შორის, ვაცლავ ჰოლარმა სიცოცხლე სიღატაკეში დაასრულა და ევედრებოდა სასამართლოს აღმასრულებლებს არ წაეღოთ საწოლი, რომელზეც კვდებოდა, თუმცა იქამდე 17 წელი ჯერ კიდევ მშფოთვარე, თუმცა უკვე მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრა და არაერთი შესანიშნავი ნახატი შექმნა. მართალია, ერთხელ ეს შრომისმოყვარე ადამიანი, მისთვის მოულოდნელად, ინგლისელების და ალჟირელების ხომალდების შეტაკების შუაგულში აღმოჩნდა - როგორც ჩანს, ბედი ჰქონდა ასეთი და ეპოქაც შესაბამისი იყო.

ზოგი ჩათვლის, რომ ადამიანების მცირე ჯგუფის გადაქცევა განტევების კოლექტიურ ვაცად, საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს გადალახოს ფსიქოლოგიური ბარიერები, რომელიც შერიგებას ხელს უშლის. თანამედროვე საქართველოში ასეთი მიდგომა სავსებით ბუნებრივად ითვლება. თუმცა ლათინოამერიკული და აფრიკული ქვეყნების უახლესი ისტორია ცხადყოფს: იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსები პასუხისმგელობას ავლენენ, ხოლო ჭეშმარიტების დამდგენი კომისიები (მათი სახელწოდება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია) ხელს უწყობენ განხეთქილების დაძლევას და ვნებების დაცხრომას, მოქალაქეები ძნელად, თანდათანობით, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ეგუებიან საყოველთაო ამნისტიის იდეას, თუკი ის აბსოლუტურად მონსტრუოზულ ჯალათებზე არ ვრცელდება.

დაპირისპირების ეპოქამ წარმოშვა უამრავი ლიდერი და პროპაგანდისტი, რომელთაც მხოლოდ ძლიერი სიძულვილის ატმოსფერო, „ამფისბენას შხამი“ ასულდგმულებთ. მათ აგიჟებთ ფიქრი იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რაზეც ევროპელი პარტნიორები მიუთითებენ. შესაძლოა, სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარდებოდნენ ლანდსკნეხტები, როდესაც იგებდნენ, რომ ომი მალე დასრულდება და მათი შემოსავალი მკვეთრად შემცირდება. სამოქალაქო შუღლმა „სიძულვილის ინდუსტრია“ შექმნა, რომელმაც ასობით ადამიანი უზრუნველყო არა მხოლოდ შემოსავლით, არამედ სამყაროს ბიპოლარული სურათით და ძალაუფლების აღქმით დათრგუნვისა და ძარცვის ინსტრუმენტად. მანიქევლური მსოფლმხედველობის გალიაში ჩაკეტილი ინტელექტი მოქნილთან ყოველთვის დამარცხდება, ამიტომ ეს ჯგუფი დროთა განმავლობაში აუცილებლად დატოვებს პოლიტიკურ ასპარეზს დაახლოებით ისე, როგორც ეს საუკუნეთა მიჯნაზე მოხდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არაერთი მონაწილის შემთხვევაში.

დაპირისპირების ობიექტური მიზეზები ამოწურულია, დარჩა მხოლოდ სიმბოლური საბაბები, შესაბამისად, ახლოვდება სამოქალაქო შერიგებაც. ის დაასრულებს ძმათამკვლელ პოსტსაბჭოთა პერიოდს და მას შეცვლის სხვა, შესაძლოა არცთუ ბედნიერი, თუმცა შედარებით მშვიდი და, რომ იტყვიან, „უფრო ევროპული“ პერიოდი, ხოლო ახალი ლიდერები ახალი შეცდომების დაშვებას დაიწყებენ. სიტყვამ მოიტანა და - ოთხ წელიწადში ათენში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, სოკრატემ შხამით სავსე თასი დაცალა. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორია იყო.

დიმიტრი მონიავა