March 22, 2023

რატომ ჩამორჩება საქართველო? 

ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს ყოველთვის უჭირდა საქართველოში გასამართი არჩევნების შედეგების პროგნოზირება და იმ ფაქტორების გამოკვეთა, რომელნიც ელექტორატზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენენ. მკვლევარები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ იმ მოტივების გაშიფრვას, რომელიც მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილის არჩევანის უკან დგას. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი?

შესაძლოა, ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს დემოკრატიის იდეალებთან გადაულახავ წინააღმდეგობაში შესული მენტალური თავისებურებები წარმოადგენენ. უნიკალური და სპეციფიურად ქართული ამაში არაფერია - სიტუაცია, როდესაც ახალი და ძველი, დემოკრატიული და ანტიდემოკრატიული ეჯახება ერთმანეთს როგორც ორი, საპირისპირო მიმართულებით მიმავალი მატარებელი არახალია და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა ჩვენთვის შეიძლება სასარგებლო გამოდგეს. ევროპის ქვეყნებიდან საქართველო ყველაზე მეტად ალბათ მაინც იტალიას, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ ნაწილს ჰგავს, სადაც არცთუ შორეულ წარსულში ყველაზე აქტუალური სწორედ ის პრობლემები იყო, რომელიც დღეს ასე გვაწუხებს.

1955 წელს ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ედვარდ ბანფილდმა შეისწავლა პატარა სამხრეთიტალიური ქალაქის კიარომონტეს (ბაზილიკატას რეგიონი) და მისი შემოგარენის ბინადართა ცხოვრების წესი, გაეცნო მათ შეხედულებებს და 1958-ში გამოსცა ძალიან საინტერესო წიგნი ,,ჩამორჩენილი საზოგადოების მორალური ბაზისი”. ზოგი შეიძლება გაღიზიანდეს სათაურში გამოტანილი ,,ჩამორჩენილის” გამო და ის ზოგიერთი ამერიკელისთვის დამახასიათებელი აპლომბის გამოვლინებად ჩათვალოს, თუმცა ედვარდ ბანფილდს ეს ნაკლებად ეხება, მისი ცოლი იტალიელი გახლდათ, მას უყვარდა იტალია და პატივს სცემდა მის ბრწყინვალე კულტურას. შესაძლოა, სწორედ კონტრასტმა დიად წარსულსა და უმოწყალო აწმყოს შორის დააფიქრა ამერიკელი მკვლევარი მიზეზებზე, რომელიც იტალიური საზოგადოების განვითარებას აფერხებდა.

ოჯახი ქართველებისთვის, ისევე როგორც იტალიელებისთვის უზენაესი ღირებულებაა, თუმცა ჩვენ იშვიათად ვუფიქრდებით იმას, რომ მასთან დაკავშირებული ზოგიერთი მანკიერი სტერეოტიპი ხელს ნეპოტიზმის, კლანური ეგოიზმისა და, საბოლოო ჯამში, კორუფციის გავრცელებას უწყობს. აგრეთვე, არ აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას გააერთიანონ ძალისხმევა, რათა მნიშვნელოვანი პრობლემები გადაწყვიტონ. ბანფილდი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კიარომონტეს ბინადრები (ის არ ახსენებს რეალურ დასახლებულ პუნქტს და წიგნში მას ,,მონტეგრანოს” უწოდებს) უყურებენ ცხოვრებას როგორც ბრძოლის ველს, ხოლო მეზობლის წარმატებას აღიქვამენ როგორც საფრთხეს საკუთარი თავისთვის და ხშირად ცდილობენ მას საქმე გაუფუჭონ. მოკლედ, ამ ნაშრომში ბევრი ჩვენთვის კარგად ნაცნობი დეტალია, მსჯელობა თითოეულ მათგანზე ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ, ალბათ, აჯობებს იმ ფაქტორებზე ვისაუბროთ, რომელნიც არჩევნებზე და ელექტორატის სიმპათიებზე უშუალო გავლენას ახდენენ. ედვარდ ბანფილდმა ჩამოთვალა 17 წესი (აქ მათ ოდნავ შემოკლებული სახით განვიხილავთ), რომელიც მისი აზრით, ჩამორჩენილი საზოგადოების წევრების პრიორიტეტებსა და ქცევას განსაზღვრავს. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, უცხო თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის არც ერთი მათგანი არაა.

1) არავინ იზრუნებს ჯგუფის და საზოგადოების ინტერესებზე თუ ეს პირადად მისთვის მომგებიანი არ იქნება.

2) საზოგადოებრივ საქმეებზემხოლოდ საჯარო მოხელეები იფიქრებენ, იმიტომ რომ მათ ამისთვის ხელფასს უხდიან. კერძო პირის სერიოზული ინტერესი საზოგადოებრივი პრობლემების მიმართ აღქმული იქნება როგორც არანორმალური, ან სულაც სამარცხვინო.

3) მოხელეთა შემოწმება ძალზე იშვიათია, რადგან ეს მხოლოდ სხვა მოხელეების საქმეა.

4) ძალიან ძნელია ერთობლივი მოქმედების დაგეგმვა და მხარდაჭერა, რადგან მოტივები, რომელიც საჭიროა ორგანიზაციის შესაქმნელად უანგარო უნდა იყოს, ხოლო მისი წევრები ენდობოდნენ ერთმანეთს და ორგანიზაციის მიმართ ლოიალურები იყვნენ.

5) ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს არ აქვთ მის მიზნებთან იდენტიფიკაციის შეგრძნება. ისინი არ გააკეთებენ იმაზე მეტს, რაც საჭიროა თანამდებობის შენარჩუნებისთვის ან კარიერული წინსვლისათვის. ამასთანავე, პროფესიონალები და განათლებული ადამიანები საკუთარი მისიის, მოწოდების შეგრძნების ნაკლებობას განიცდიან. რეალურად, თანამდებობები და მომზადება განიხილება როგორც სხვის წინააღმდეგ მიმართული იარაღი.

6) როდესაც არ იარსებებს დასჯის რისკი - კანონი დაირღვევა. ამიტომ, ადამიანები არ დადებენ იმგვარ შეთანხმებებს, რომელთა შესრულება დამოკიდებულია სამართლებრივ პროცესებზე თუ არ იარსებებს იმის მაღალი ალბათობა, რომ კანონი დაცული იქნება, ხოლო მის აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გახდება იმდენად დიდი, რომ საქმე არარენტაბელურად გადააქციოს.

7) ჩინოვნიკი აიღებს ქრთამს როგორც კი შეძლებს. მიუხედავად იმისა, იღებს ის ქრთამს თუ არა, საზოგადოება მაინც ჩათვლის რომ იღებს.

8) სუსტი ყოველთვის დაუჭერს მხარს რეჟიმს, რომელიც წესრიგს ,,ძლიერი ხელით” დაამყარებს.

9) ნებისმიერი პირის ან ინსტიტუციის განცხადება, რომ ის საზოგადოებრივი და არა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, აღქმული იქნება როგორც თაღლითობა.

10) არ არსებობს არანაირი კავშირი აბსტრაქტულ პოლიტიკურ პრინციპებსა და ყოველდღიურ ქცევას შორის.

11) არ არსებობენ ლიდერები და მიმდევრები. არავინ აიღებს საკუთარ თავზე კურსის განსაზღვრის ინიციატივას და არ შეეცედება დაარწმუნოს სხვები ამ კურსით იხელმძღვანელონ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მის პირად ინტერესს შეესაბამება). როდესაც ის შესთავაზებს ჯგუფის წევრებს ლიდერად აირჩიონ, ისინი უნდობლობის გამო უარს ეტყვიან.

12) საარჩევნო ბიულეტენს მოკლევადიან პერსპექტივაში მატერიალური ამონაგების მიღებისთვის გამოიყენებენ. ამომრჩეველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ საქმე ეხება მის გრძლვადიან, კლასობრივ ან საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ ეს არ იმოქმედებს მის არჩევანზე თუ ოჯახის კონკრეტული მატერიალური ინტერესით ხელმძღვანელობს.

13) საზოგადოების მიერ მიღებული სარგებელი ფასობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც პირად და ოჯახურ მდგომარეობაზე აისახება.

14) ამომრჩეველი პარტიების დაპირებებს ნაკლებად ენდობა. ის მიდრეკილია იმისკენ, რომ ხმა მისცეს იმ სარგებელს, რომელიც უკვე მიიღო (ცხადია, იმ პირობით რომ ის მომავალში გაიზრდება) და არა ცარიელ დაპირებებს.

15) ითვლება, რომ ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი ჯგუფი კორუმპირებულია და საკუთარ თავს ემსახურება.

16) მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლები მზად არიან საკუთარი ხმები გაყიდონ, არ იქმნება ძლიერი და სტაბილური პოლიტიკური ორგანიზაციები და ამას, როგორც მინიმუმი, სამი მიზეზი განაპირობებს – ა) ამომრჩეველს არ ენდობიან, რადგან მან შეიძლება არ მისცეს ხმა იმ პარტიას, რომელმაც გადაუხადა ბ) არ ჩანს საკმარისი მატერიალური ამონაგები, რომელიც გაამართლებს ინვესტიციას ამორჩეველთა ხმების მობილიზებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებში გ) სხვა პუნქტებში ჩამოთვლილი მიზეზების გამო რთულია ნებისმიერი ორგანიზაციის შენარჩუნება.

17) პარტიული ფუნქციონერები მიეყიდებიან იმას, ვინც უფრო მეტ ფულს გადაიხდის. მათი მიდრეკილება პარტიების შეცვლისკენ საარჩევნო შედეგების მნიშვენლოვან ცვილებებს განაპირობებს.

შეიძლება ხანგრძლივი საუბარი იმ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ფსიქოლოგიურ მიზეზებზე, რომლებმაც საზოგადოება ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს. თუმცა მთავარი, ალბათ, არა მიზეზი, არამედ შედეგია – სიღარიბე, ჩამორჩენილობა და ქვეყნის კონკრენტუუნარობა.

ჩამოთვლილი პუნქტების გააზრება შესაძლებლობას გვაძლევს წინასაარჩევნო სიტუაცია და (ერთის შეხედვით, მოულოდნელი) ცვილებები ამომრჩეველთა განწყობაში უკეთ გავაანალიზოთ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ, სხვა მომენტია – თუ ედვარდ ბანფილდის აზრს განვავითარებთ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია უანგარო იდეალისტების გააქტიურება, რადგან მათი ფუნქციის შესრულება სხვას არავის შეუძლია, მიუხედავად იმისა რამდენი მილიარდი აქვს და რამდენი ზონდერი ჰყავს. საგულისხმოა, რომ ყველაზე მეტად ბოლო ათწლეულებში სწორედ ეს ადამიანები დაზარალდნენ, ზოგი დაიღუპა, ზოგი ემიგრაციაში წავიდა, ზოგი იყიდეს, ზოგიც გაყიდეს.

შესაძლოა, ოჯახი, კლანი თუ საძმო უნდა განვიხილოთ როგორც უკანასკნელი ციტადელი, რომელსაც ქართველების დიდმა ნაწილმა თავი შეაფარა მას შემდეგ, რაც თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების (და შესაბამისი სახელმწიფოს) შექმნის მცდელობა კრახით დასრულდა. გაბედავს თუ არა ის კიდევ ერთხელ გამოვიდეს გაშლილ ველზე, სადაც უამრავი მოწინააღმდეგე ეგულება? თუმცა მისი მთავარი მტერი, ალბათ მაინც შიშია.

თუ იტალიურ მოტივებს დავუბრუნდებით, ურიგო არ იქნება დაფიქრება იმაზე, თუ საიდან მოდის მაფიოზური ოჯახების, მათთან დაკავშირებული ეთიკისა და ესთეტიკის რომანტიზაცია. როდესაც ადამიანები უძლურნი არიან რაიმე შეცვალონ, ისინი ცდილობენ გაალამაზონ ის მძიმე რეალობა, რომელშიც ცხოვრება უწევთ. მაგალითად, ის მოქალაქეები, რომელთაც თავის დროზე არ ეყოთ გამბედაობა იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას დაპირისპირებოდნენ, დღეს ცდილობენ იმ ამაზრზენ რეჟიმს რაღაც დადებითი მიაწერონ. ზოგი კრიმინალურ ტრადიციებსა და 70-იანი წლების მექრთამეობას მისტირის და ა.შ. ბოროტების იდეალიზაციის მცდელობას რეგრესის გარდა არაფერი მოაქვს და სწორედ ამიტომ ჩამორჩა თავის განვითარებაში სიცილია და კონტინენტური იტალიის სამხრეთი ჩრდილოეთ იტალიასა და დანარჩენ ევროპას. იგივე მოგვივა ჩვენ თუ კოლექტიურ ცნობიერებაში ,,კოზა ნოსტრას” (,,ჩვენი საქმე” სიცილიურად) არ ჩაანაცვლებს ,,რეს პუბლიკა” (,,საზოგადოებრივი საქმე” ლათინურად).

მთავარი პრობლემა, ალბათ, იმის აღიარებაა, რომ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით, არა მხოლოდ და არა იმდენად პოლიტიკოსების (ამ კონტექსტში მიზანშეწონილია განვიხილოთ ისინი როგორც ბანალური წურბელები), არამედ საერთო საქმის მიმართ თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულების ბრალია. ეს აზრი ამსხვრევს ფსიქოლოგიურად კომფორტულ მითს იმის თაობაზე, რომ უბრალო მოქალაქეებს ქვეყნის დაქცევაში არანაირი ბრალი არ მიუძღვით, მაგრამ ამ მტკივნეული ეტაპის გავლის გარეშე წინ წაწევას, სავარაუდოდ, ვერ მოვახერხებთ.

დიმიტრი მონიავა