March 9, 2023

რატომ უჭირთ ქართველ კონსერვატორებს?  

ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში ცხარე დისკუსიების დროს, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეები ერთმანეთს ან საკუთარ თავს „ლიბერალებსა“ და „კონსერვატორებს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლიბერალიზმი ფრიად სპეციფიური ფენომენია, ასე თუ ისე, შესწავლილი და აღწერილია. კონსერვატიზმი კი - პირიქით; ერთის მხრივ, მიჩნეულია, რომ ის საზოგადოებაში დომინირებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, მის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით.

კონსერვატიზმის აღსაწერად არაერთი კლასიფიკაციის გამოყენება შეიძლება და, ალბათ, აჯობებს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გავიხსენოთ. 1957 წელს ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა სემუელ ჰანტინგტონმა ჩამოთვალა სამი გავრცელებული წარმოდგენა კონსერვატიზმზე როგორც იდეოლოგიაზე, რომელნიც ერთმანეთთან გარკვეულ კონფლიქტში შედიან. პირველი მათგანი განიხილავს კონსერვატიზმს მჭიდრო კავშირში კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტთან, XIX საუკუნის არისტოკრატიის რეაქციასთან საფრანგეთის რევოლუციის გამოწვევებზე. მეორე მიდგომის ფარგლებში, კონსერვატიზმი არ უკავშირდება ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდს და განიხილება როგორც იდეების ავტონომიური სისტემა, რომელიც, ჰანტინგტონის მიხედვით, „ორიენტირებულია სამართლიანობაზე, წესრიგზე, ბალანსსა და ზომიერებაზე“. და ბოლოს - მესამე წარმოდგენის თანახმად, კონსერვატიზმი უპირველესად იმ ინსტიტუტების დამცველთა იდეოლოგიაა, რომელთაც პერმანენტულად ფუნდამენტური საფრთხე ექმნება. ჰანტინგტონის აზრით, ეს სამი მიდგომა ღირებულებებთან დაკავშირებით პრინციპულ წინააღმდეგობას არ შეიცავს, განსხვავება კი იმაშია, როგორ განიხილება კონსერვატიული იდეოლოგიის და ისტორიული პროცესის ურთიერთკავშირი. ჰანტინგტონი თვლიდა, რომ საუკეთესოა ის, რომელიც უკეთ ხსნის ედმუნდ ბერკის (როგორც კონსერვატორის ერთგვარი არქეტიპის) იდეების გამოვლინებას ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში.

ზოგიერთი ქართველი ავტორი კონსერვატორების და ლიბერალების ამჟამინდელი დაპირისპირების წინასახედ XIX საუკუნის „მამების და შვილების ბრძოლას“ მიიჩნევს. ამ მოსაზრებას, ალბათ, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. არც გრიგოლ ორბელიანს, არც „მამების“ რომელიმე სხვა წარმომადგენელს საკუთარი იდეების საფუძვლიანი სისტემატიზაცია არ მოუხდენია, ისე როგორც ეს შატობრიანმა ან ჟოზეფ დე მესტრმა გააკეთეს. შესაბამისად, იქ, სადაც ქართული კონსერვატიზმის იდეური ქვაკუთხედი გვეგულება, რეალურად მხოლოდ რამდენიმე ზოგადი მოსაზრება და პოეტური მეტაფორების დიდი კრებული გვხვდება. მოგვიანებით, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალი ქართული ნაციონალიზმის მითოლოგიის შექმნაში, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა. „მამების“ რეაქცია ახალ იდეებზე არსებითად ცვლილებების უარყოფას წარმოადგენდა. მათ ვერ ჩამოაყალიბეს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, რაც მათი მარცხის მთავარი მიზეზი გახდა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იმ (ისევე როგორც ილია ჭავჭავაძის და მარქსისტების დაპირისპირების) პერიოდში, ქართული კონსერვატიზმი არ ჩამოყალიბდა როგორც მწყობრი იდეოლოგიური სისტემა და მომავალი ნახატის ესკიზს ჰგავდა. ის, რომ დღეს შეგვიძლია იმ ეპოქაში გამოქვეყნებულ რომელიმე მოსაზრებას „ჭეშმარიტად კონსერვატიული“ ვუწოდოთ, არსებითად არაფერს ცვლის.

„კონსერვატიული ალტერნატივა“ არც გასაბჭოების შემდეგ შექმნილა. საქართველოში ამისთვის სათანადო პირობები არ იყო, ხოლო ემიგრაციაში მენშევიკები დომინირებდნენ. ზოგიერთი ქართველი ნაციონალისტი ფაშისტური იდეებით მოიხიბლა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ „დააქორწინა“ კონსერვატიზმი და ფაშიზმი, როგორც ეს „ესპანური ფალანგის“ დამაარსებელმა ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერამ და მისმა თანამოაზრეებმა გააკეთეს.

საბჭოთა პერიოდის დასკვნით ეტაპზე ინტელიგენციის და სასულიერო პირების ნაწილში დამკიდრდა შეხედულებები, რომელიც ჰანტნგტონის „მეორე წარმოდგენის“ ფარგლებში ნამდვილად შეიძლება აღიწეროს როგორც კონსერვატიული, მაგრამ ის, ცხადია, ვლინდებოდა არა დოქტრინების ჩამოყალიბებაში, არამედ ცალკეულ მოზომილ ფრაზებში, ჟესტებში, ზოგადად რომ ვთქვათ - ეთიკასა და ესთეტიკაში.

ამავე პერიოდში საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, რომელიც „წითელი ელიტისგან“ თავს დაჩაგრულად გრძნობდა (უფრო ზუსტად - წარმოადგენდა ოჯახებს, რომელნიც მის ქვედა რგოლს მიეკუთვნებოდნენ) დაინახა ლიბერალიზმში უძლიერესი ინსტრუმენტი, ერთგვარი ტარანი, რომელიც ძველ საქართველოს დაანგრევდა და შესაძლებლობას მისცემდა ახალში წამყვანი როლი ეთამაშათ. ცხადია, იყვნენ ისეთებიც, ვისაც მხოლოდ იდეალისტური მოტივები ამოძრავებდა, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ. კომუნისტური იდეოლოგიის დისკრედიტაციის ფონზე ძველ ელიტას არ შეეძლო ლიბერალური იდეების გავრცელებისთვის ხელი შეეშალა და მან განსხვავებული ტაქტიკა აირჩია - ხელი შეუწყო ავანსცენაზე რადიკალი ლიბერალების გამოსვლას, რომელთა დანახვისთანავე საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეროვნული იდენტობა, ეკლესია, ოჯახი და ა. შ. საფრთხეშია. ამან ჰანტინგტონის მიერ ნახსენები „თავდაცვითი კონსერვატიზმის“ გააქტიურება გამოიწვია.

თანამედროვე ქართული ელიტისთვის, რომელიც სერიოზულად მხოლოდ ერთ „იდეოლოგიას“ - ანგარებას აღიქვამს, მომგებიანია, რომ პოლიტიკურ ავანსცენას ნაგიჟარი რადიკალები იკავებდნენ. ეს შესაძლებლობას აძლევს „გათიშე და იბატონე“-ს პოლიტიკა გაატაროს. „კონსერვატიულ უმრავლესობას“ „გიჟ-ლიბერალების“ ეშინიათ და მათ წინააღმდეგ ერთიანდებიან; ლიბერალებს კი - რადიკალი ფუნდამენტალისტების, რომელთაც ჯვარი ხელკეტი ჰგონიათ. ყველას ერთად ეშინია ნაცისტების, ისტერიული მემარცხენეების და ა. შ. შეშინებული საზოგადოების ცალკეული სეგმენტები ასეთ ვითარებაში ვერ ხედავენ თავის მთავარ მტერს - დანაშაულებრივ, კლეპტოკრატიულ ელიტას.

საქართველოში მძლავრი ქრისტიანულ-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების შექმნისათვის ყველა წინაპირობა არსებობს (აქ, ცხადია, იგულისხმება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპული პარტიები და არა შესაბამისი სახელწოდების მქონე, 2008-11 წლებში აქტუალური ქართული მოძრაობა). პრინციპში, შესაძლებელია ზომიერი ლიბერალების, აგრეთვე, თანმიმდევრული სოციალისტების გაერთიანებაც, მაგრამ მმართველი ელიტა და მთავრობა, როგორც მისი ინსტრუმენტი და უსაფრთხოების გარანტი, გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ „პარადი“ რადიკალებს მიჰყავდეთ.

„თავდაცვითი კონსერვატიზმის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის აერთიანებს ადამიანებს მხოლოდ გარკვეული, ზოგჯერ წარმოსახვითი საფრთხის მოგერიებისათვის, მაგრამ იმის იქით აღარ მიდის. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი - კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას კულტივაციას ითვალისწინებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საზოგადოება აღშფოთდა - ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია. ამით ყველაფერი თითქოსდა დასრულდა. მარიხუანას ექსპორტის და ლეგალიზაციის მომხრეებს აქვთ თავისი ხედვა, ბიზნეს-გეგმა და პროგრამა, მათ კონსერვატორ მოწინააღმდეგეებს კი - მხოლოდ მათი შეჩერების სურვილი. მაგრამ თუ ისინი არ ჩამოაყალიბებენ ალტერნატიულ ხედვას და არ შექმნიან განსხვავებულ პროგრამას, ადრე თუ გვიან დამარცხდებიან, რადგან საზოგადოებას არ შეუძლია მხოლოდ ცუდი იდეების უარყოფის რეჟიმში იცხოვროს, მას პოზიტიური პროგრამების შემუშავება და რეალიზება სჭირდება.

„თავდაცვითი კონსერვატიზმი“ არასაკმარისად შემოქმედებითია იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების სრულყოფილი გეგმა ჩამოაყალიბოს, მისი იდეოლოგიური ბაზისი, არსებითად, უცხოური წყაროებიდან ამოკრეფილი ციტატების უსისტემო ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებმაც შეიძლება შექმნან ხმაური, მაგრამ არა დოქტრინა. იმ ადამინების უმრავლესობას, რომელნიც თავს კონსერვატორებს უწოდებენ, პრობლემის არსი გაცნობიერებული არ აქვს, ხშირად ისიც კი არ ესმის, რომ არსებობს სხვა საოპერაციო სივრცეც იმ არენის გარდა, სადაც ლიბერალებს უპირისპირდებიან. საბოლოო ჯამში, ქართული კონსერვატიზმი შეიძლება შევადაროთ ნაყოფს - ის ცოცხალია, მაგრამ მშობიარობამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო რჩება.

საქართველოს აშკარად სჭირდება ახალი კონსერვატიზმი, რადგან როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ორიენტირებულია „სამართლიანობაზე, წესრიგზე, ბალანსსა და ზომიერებაზე“ (ჰანტინგტონს თუ დავესესხებით) და მისი ინტერესები უზრუნველყოფილია საპარლამენტო წარმომადგენლობით, მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას დანაშაულებრივი პოლიტიკა გაატაროს. მაგრამ, როგორც ყოველთვის, თეორიული ფუნდამენტის შექმნაზე მუშაობა თითქმის არავის სურს, ყველას მოქმედება სწყურია. ალბათ, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში დღემდე თუნდაც ერთი მკაფიო დოქტრინის ან პოლიტიკური პროგრამის ფორმულირება არ მომხდარა. არსებობს მხოლოდ ერთი, ყოვლად უვარგისი პრინციპი - მთავარია ხელისუფლებაში მოვიდეთ! (დანარჩენი მერე, დანარჩენს ეშველება და ა. შ.).

ცნობილი გერმანელი კონსერვატორი, მწერალი ერნსტ იუნგერი აღნიშნავდა, რომ კონსერვატიზმი უნდა განისაზღვროს „არა როგორც ლტოლვა იმის მიმართ, რაც იყო გუშინ, არამედ როგორც ცხოვრება იმის საფუძველზე, რაც მარად ღირებულია“. ის ეწინააღმდეგებოდა კონსერვატიზმის დაკავშირებას ძველი, მომაკვდავი ფორმების დაცვასთან და თვლიდა, რომ ეს აპრიორი წამგებიანია. ,„ამიტომ, - წერდა იუნგერი: ეს სიტყვა ტრადიციის ჩარჩოდან უნდა ამოვგლიჯოთ“... „იმის ჩაბღაუჭება, რის შენარჩუნებაც შეუძლებელია კონსერვატიულ კრიტიკას უნაყოფოს ხდის“...

ქართული კონსერვატიზმის აწმყო და მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებენ იდეალისტები, რომელნიც კონსერვატიულ შეხედულებებს გულწრფელად იზიარებენ, საკუთარი კრედო ჩამოაყალიბონ. ამაში ხელს უპირველესად ისინი შეუშლიან, ვინც „თავდაცვით კონსერვატიზმში“ პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტს ხედავს. თუ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდება, „კონსერვატორი“ მხოლოდ „ანტი-ლიბერალის“ სინონიმად დარჩება და მმართველ ელიტას ამ მხრიდან არანაირი რეალური საფრთხე არ შეექმნება.

დიმიტრი მონიავა