March 15, 2023

ომი, მშვიდობა და ღირსება

„ერთა ცხოვრებაში ხანდახან დგება საზეიმო ჟამი, როდესაც ღირსების ეროვნული გრძნობა სწრაფად დუღდება, უძლეველი ხდება, ყველა ინტერესზე მაღლა დგება და ქვეყნის ბედს მარტო წარმართავს“. ასეთი რამ მართლაც ხდება, მაგრამ ეს ფრაზა დამატებით დატვირთვას შეიძენს, თუ მის წყაროს გავიხსენებთ, ნაპოლეონ III-ს მანიფესტს საფრანგეთ-პრუსიის ომის დასაწყისში - 7 თვეში გერმანელები პარიზში შევიდნენ. მას სიამოვნებით შეიტანდნენ კოლექციაში ავტორები, რომელნიც „გრძნობების პოლიტიკას“ „ინტერესების პოლიტიკას“ უპირისპირებენ და არ სურთ აღიარონ, რომ ერთიც და მეორეც მინარევებს შეიცავს. ისინი ერწყმიან ერთმანეთს მთავრობის მოქმედებაში და პარტიების დამოკიდებულებაში ნებისმიერი აქტუალური პრობლემის მიმართ, იქნება ეს ომი უკრაინაში თუ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხე. თუმცა, ვიდრე ამ თემებს შევეხებით, ცოტა ხნით მეორე იმპერიის ეპოქას დავუბრუნდეთ, რადგან ყველა საინტერესო ისტორია შორიდან იწყება.

1866 წლის მაისში საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აზრთა გაცვლა მოხდა. ისტორიკოსი ადოლფ ტიერი (მაშინ ოპოზიციონერი, შემდგომ მესამე რესპუბლიკის პირველი პირი) ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკით გამოვიდა და განაცხადა, რომ იტალიის გაერთიანების ხელშეწყობის შედეგად საფრანგეთი გაუთვალისწინებელ პრობლემებს შეეჯახა, ხოლო გერმანიის მოახლოებული გაერთიანება მას გაცილების დიდ საფრთხეს შეუქმნის. შემდეგ ტიერმა თქვა, რომ სძულს 1815 წლის ტრაქტატები, რომელიც ნაპოლეონის საფრანგეთის ნანგრევებზე დაიწერა, მაგრამ „ყოველ შემთხვევაში დღევანდელ გარემოებებში“ ისინი იცავენ ქვეყანას და მათი ერთგულება - თავდაცვითი ზომაა. მისმა გამოსვლამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია, ემოციები დუღდა და საკვანძო აზრი ყველამ როდი შეამჩნია. საერთაშორისო ურთიერთობები სისტემურია, მიუხედავად იმისა, მოსწონდათ თუ არა ფრანგებს ვენის კონგრესის მიერ შექმნილი წესრიგი, გერმანელებს - ვერსალის ზავი, ხოლო რუსებს - ცივი ომის შედეგები. თუ ძველი სისტემის მსხვრევას დავიწყებთ იმაზე ადრე, ვიდრე ახლის წინასახეს დავინახავთ, შეიძლება ნანგრევებში მოვყვეთ. ნაპოლეონ III გაჩუმებას არ აპირებდა. სამი დღის შემდეგ, სულ სხვა, სამეურნეო საკითხებზე გამოსვლისას, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და „მაგრამ“-ის გარეშე, მან განაცხადა, რომ „ფრანგების უმრავლესობის მსგავსად, სძულს 1815 წლის ტრაქტატები, რომელთაგან ახლა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთადერთი საფუძვლის შექმნა სურთ“. ამგვარად, მან დაადასტურა წესებისა და ბალანსების მსხვრევაზე მიმართული კურსის ერთგულება, რადგან იმედოვნებდა, რომ საფრანგეთი ევროპაში ახალ, დომინანტურ როლს დაიმკვიდრებს და საზღვრებს გააფართოებს. ბისმარკმა სწორად გაუგო და ორიოდე თვეში პრუსიის არმია ავსტრიას დააცხრა, მას არ ეშინოდა, რომ ფრანგები ზურგში დაარტყამდნენ.

ნაპოლეონ III-სა და ტიერს სიძულვილი აერთიანებდა, თუმცა მუხრუჭი „ადუღებული გრძნობისთვის“ სხვადასხვა ჰქონდათ. რა თქმა უნდა, იმპერატორი მხოლოდ გრძნობებით არ ხელმძღვანელობდა, საკმაოდ გაქნილი, გონიერი პოლიტიკოსი იყო, თუმცა მუდამ ფიქრობდა იმაზე, როგორ გამოიყურება ისტორიის ავანსცენაზე, ხოლო მისი რეჟიმის აქილევსის ქუსლი იყო დამოკიდებულება საზოგადოებრივ აზრზე. საფრანგეთ-პრუსიის ომის წინ, უკვე მას შემდეგ, რაც ბისმარკმა რამდენჯერმე მოატყუა, ნაპოლეონ III-მ თითქოსდა იგრძნო, რომ ხაფანგში მოხვდა და მშვიდობის შესანარჩუნებლად რამდენიმე იმპულსური, თითქმის წარმატებული ნაბიჯი გადადგა, თუმცა საბოლოოდ დაემორჩილა გარემოცვის რჩევებსა და საზოგადოებრივ აზრს, რომელიც თვითმხილველთა გადმოცემით, ისტერიკაში იყო ჩავარდნილი. მოგვიანებით მან უზარმაზარი გავლენა მოახდინა საბედისწერო სამხედრო სტრატეგიის შერჩევაზე, ხოლო როდესაც იმპერატორმა სედანის კატასტროფამდე ერთი დღით ადრე ჯარს მიმართა, მან საზოგადოებრივი აზრი ორჯერ ახსენა, ხოლო საფრანგეთი მხოლოდ ერთხელ, რაც ნამდვილად სიმბოლური იყო.

ქართული სიძულვილის სამიზნეშია ორი რეგიონის რუსული ოკუპაცია, პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკა, რომლებიც წლების განმავლობაში კრემლთან თანამშრომლობას აფართოებდნენ, უსამართლობის წინაშე უძლურების განცდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბევრმა ისურვა, რომ საქართველოს „რუსული სამყაროს“ დემონტაჟში ქმედითი მონაწილეობა მიეღო, შური ეძია, თავი გამოეჩინა „მეორე ფრონტის“ გახსნით თუ არა, ყველა წარმოსადგენი სანქციის შემოღებით. დღევანდელ რეგიონულ წესრიგში, რომელიც შედგება ასობით შეთანხმებისაგან, ირიბი გარანტიისაგან თუ დაუწერელი წესისაგან, ისინი თითქოსდა დამტვერილ აბლაბუდას ხედავენ, ხოლო ნაბიჯებს, რომელსაც პარიზი, ბერლინი, ანკარა, ბაქო, ზოგჯერ კი ვაშინგტონი დგამენ, დაგვიანებულად ან უშედეგოდ თვლიან. ამ გრძნობებმა საქართველოს შეიძლება როგორც სიკეთე, ისე უბედურება მოუტანონ, იმისდა მიხედვით, რა კალაპოტში მოაქცევენ მათ. შიდა პროცესებს მცირე ქვეყნებში არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს, რაც დამაჯერებლად დაამტკიცა სერბეთმა XX საუკუნის დასაწყისში.

ცუდად შენიღბული სურვილების მიუხედავად, კრემლს არ შეუძლია სამხრეთკავკასიურ დერეფანზე პირდაპირი იერიში მიიტანოს, რადგან ეს მოუტანს ფატალურ დაპირისპირებას თურქეთთან და მის დასავლელ პარტნიორებთან. თუმცა ქაოსი საქართველოში მისთვის „შესაძლებლობების ფანჯარას“ გახსნის და სტრატეგიული თამაშის წამოწყების შანსს მისცემს. გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლი ვერ მოიგებს - მისი არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე, რომელსაც, დანინგ-კრიუგერის წესის თანახმად, სწორედ არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე ვერ აცნობიერებს - ის განაპირობებს არა მხოლოდ რუსეთის მარცხს, არამედ მსხვერპლსა და ნგრევას მეზობელ ქვეყნებში. თუმცა თქმულიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ რუსეთი თამაშს არ წამოიწყებს.

აქვე უნდა ითქვას ერთი, ეროვნული თავმოყვარეობისთვის უსიამოვნო რამ. განხილულ კონტექსტში საქართველო კრემლისთვის არა მიზანი, არამედ საშუალებაა - მისი დესტაბილიზაციით საფრთხე მთელ სამხრეთკავკასიურ დერეფანს ექმნება. აქედან გამომდინარე, მოსკოვისთვის მესამეხარისხოვანია, ვინ იჯდება თბილისში სასახლეში და ვინ შეუტევს მას ქუჩიდან - მთავარია, რომ ერთმანეთს გააფთრებით ებრძოდნენ, ხოლო „იდეალურ შემთხვევაში“ ისეთივე სასაკლაო მოაწყონ, როგორც 90-იანებში. ის დაპირისპირება გამოიწვია ობიექტურმა კონფლიქტებმა საბჭოთა აქტივების განაწილების და ძველ ელიტაში ახალი ჯგუფების ინტეგრაციის გარშემო, მაგრამ მათი გადაწყვეტა კონსტიტუციურ ჩარჩოებშიც შეიძლებოდა - ქვეყანა უფსკრულში სწორედ საზოგადოებრივმა აზრმა, მისმა უკომპრომისობამ, „გრძნობების დუღილმა“ გადაჩეხა. რუსეთის სპეცსამსახურებს ის გამოცდილება მშვენივრად ახსოვთ.

„ჯარისკაცებო! იმის გამო, რომ ომის დასაწყისი წარუმატებელი აღმოჩნდა, მე შესაძლებლად არ ჩავთვალე საკუთარ თავზე პირადი პასუხისმგებლობის აღება და მთავარი სარდლობა იმ მარშლებს გადავეცი, ვისზეც საზოგადოებრივმა აზრმა მიმითითა“. პირველი ფრაზა ნაპოლეონ III-ს მოწოდებიდან სედანის მარცხის წინ გიჟურად ჟღერს, თუმცა იმ დროისთვის შექმნილ სიტუაციას აბსოლუტურად ზუსტად აღწერს. ის ნაკარნახევია არა იმდენად არეულობის შიშით, რომელსაც რეჟიმი, ალბათ მაინც ჩაახშობდა, რამდენადაც გაკიცხვის შიშით. რა თქმა უნდა, პოლიტიკა საზოგადოებრივი აზრის გავლენის გარეშე წარმოუდგენელია - პრობლემა ზედოზირებაშია, რომელიც დემოკრატიის დეფიციტის პირობებში ჩნდება.

თუ თვალს 2018-19 და ბოლო დროის მოვლენებს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ხელისუფლების მოქმედება დამოკიდებული იყო მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მრისხანე ან, პირიქით, ინდეფერენტულ რეაქციაზე. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ე. წ. ნულოვან ბარიერზე მიიღეს ვნებების დასაშოშმინებლად „გავრილოვის ღამის“ შემდეგ და გადახედეს მას შემდეგ, რაც რისხვა ჩაცხრა (უპირველესად, იმის გამო, რომ ოპოზიციამ ჩააგდო კამპანია გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნით), რამაც, თავის მხრივ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაპირობები შექმნა. საკვანძო გადაწყვეტილებები, რომელიც ჰგავდა ზემოთხსენებული სარდლების დანიშვნას, არსებითად მიიღებოდა ემოციური სტიქიის ზეწოლის ქვეშ, რამაც საბოლოოდ განაპირობა ჰიბრიდული, მახინჯი საარჩევნო სისტემის შექმნა, რომელიც მიბმულია წუთიერ კონიუნქტურაზე და გაცილებით მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი. გამოვა ქუჩაში 50 000 კაცი, ათამაშდება რეიტინგები - ერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხოლო თუ ეს არ მოხდება - მეორეს. სხვათა შორის, ფრანგული არმიის საბედისწერო მანევრი, რომელმაც სედანთან მიიყვანა, დაიწყო სიტყვებით: „წაიწიეთ აღმოსავლეთით და არა ჩრდილოეთით, თორემ პარიზში რევოლუცია იფეთქებს“.

რა თქმა უნდა, უვარგისი მთავრობა მუდამ უნდა ამხილო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გადააყენო. მაგრამ თითოეულ შემთხვევაში უნდა გავარკვიოთ, რამ გამოიწვია პროტესტი - პოლიტიკამ, არასწორმა ნაბიჯმა თუ ცალკეულმა კომენტარმა, ინტერპრეტაციამ, ინტერპრეტაციის ინტერპრეტაციამ და ა. შ. მმართველი პარტიის და მისი ოპონენტების პროპაგანდამ აქცია უკრაინის ომი და უამრავი სხვა მოვლენა მანიპულირების ინსტრუმენტად და, როგორც ნარკოტიკზე, „შესვა“ რეციპიენტები საკუთარი სიმართლის შეგრძნებაზე, რომელიც ნებისმიერი ალტერნატიული პოზიციის ლეგიტიმურობას უარყოფს. ტიერის მიდგომა „მე მძულს, მაგრამ...“ (პირველი იმპერიის ისტორია მშვენივრად იცოდა და ესმოდა, სადამდე შეიძლება მივიდეს საქმე) მათთვის მეტისმეტად რთულია, ამბივალენტურია - მათ სჭირდებათ სიძულვილი მინარევების გარეშე.

ვიდრე ძველ წესრიგს გავანადგურებთ, ახალზე გარკვეული წარმოდგენა უნდა შევიქმნათ, ყურადღებით დავაკვირდეთ რეგიონში დასავლელი პარტნიორების და მეზობლების მოქმედებას და ჩვენი გეგმები და ნაბიჯები საერთო ტენდენციებს მივუსადაგოთ. ხოლო თუ „სწრაფად ადუღებული ღირსების გრძნობა“ ქვეყნის ბედს ისევ „მარტო წარმართავს“ (საკვანძო სიტყვაა - „მარტო“), კრემლს გაუადვილდება ერის შეტყუება იქ, სადაც ალყაში იოლად მოაქცევს. ამ დროს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ნაპოლეონ III-ს მსგავსად, საზოგადოებრივ აზრთან რთული სადომაზოხისტური ურთიერთობა აკავშირებს - თითქოსდა მართავენ მას, მაგრამ ამავდროულად დამოკიდებულნი არიან მის კაპრიზებსა და უმცირეს რყევებზე. გარემოებათა ბედნიერი თანხვედრა კი მუდამ ვერ გადაგვარჩენს.

დიმიტრი მონიავა