June 21, 2023

რატომ მარცხდებოდა და ისევ დამარცხდება სააკაშვილი?

ვიდრე სააკაშვილამდე მივალთ, მცირე შესავალი დაგვჭირდება. ის შეიძლება არცთუ სახალისოდ და ოდნავ გადატვირთულად მოგვეჩვენოს, თუმცა სასურველი მიზნის მისაღწევად ეს აუცილებელია. მაშ ასე,-

ჯონ რიჩარდ ბოიდი 1927 წელს დაიბადა, სწავლობდა აიოვის და ჯორჯიის უნივერსიტეტებში, 1945-51 წლებში აშშ-ს საჰაერო ძალების მფრინავი იყო, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საჰაერო ბრძოლაში კორეაში. 60-იანების დასაწყისში, მათემატიკოს ტომას კრისტისთან ერთად მუშაობდა საჰაერო ბრძოლის თეორიაზე ,,ენერგია-მანევრულობა” (,,ე-მ თეორია”), რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამერიკული თვითმფრინავების ,,ფ-15"-ისა და ,,ფ-16"- ის პროგრამებზე. 1975 წლიდან ის პენტაგონში, სისტემური ანალიზის განყოფილებაში მუშაობდა. მას მიაწერენ ერაყის პირველი ომის სტრატეგიის შემუშვებას; აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილი სარდლის ჩარლზ კრულაკის თქმით: ,,ბოიდი ამ გამარჯვების არქიტექტორი იყო”. ჯონ ბოიდი 1997 წელს გარდაიცვალა.

არსებითად, ბოიდმა კლაუზევიცის თეორიის მოდიფიცირება და თანამედროვე რეალიების მიმართ ადაპტირება მოახდინა. მისი თეორია ოთხ ძირითად საყრდენს ეფუძნება: ჰედელის თეორემას არასრულობის შესახებ, ჰეიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპს, თერმოდინამიკის მეორე კანონს და ბუნებრივი გადარჩევის პროცესს, რომელიც ბოიდმა სოციალურ გარემოს მიუსადაგა. ბოიდი მივიდა დასკვნამდე, რომ მოქმედება უნდა ხორციელდებოდეს განუწყვეტელ ციკლში იმის გათვალისწინებით, რომ გარემო მუდმივად იცვლება. მისი თეორიის მთავარ ელემენტს წარმოადგენს ციკლი „OODA” (Observe - Orient - Decide - Act). ქართულად თუ გადავთარგმნით (დაკვირვება - ორიენტაცია - გადაწყვეტილება - მოქმედება) შედეგად დასამახსოვრებელ აბრევიატუარას ,,დოგმ”-ას მივიღებთ. პენტაგონის მთელ რიგ ოფიციალურ, დოქტრინალური ხასიათის დოკუმენტებში ეს ციკლი განიხილება როგორც გადაწყვეტილების მიღების ერთიანი ტიპური მოდელი საკუთარი და მოწინაღმდეგის ძალების მართვის სისტემებისთვის.

დაკვირვება - გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი ინფორმაციის შეგროვების პროცესია, რომელიც გარე და შიდა (უკუკავშირი) წყაროებიდან მიიღება.

ორიენტაცია - ყველაზე რთული ეტაპია, რომელიც ორი ,,დესტრუქციის” და ,,შექმნის” ქვეეტაპისგან შედგება. დესტრუქცია გულისხმობს სიტუაციის დაშლას მცირე ფრაგმნტებად, რომელთაგან თითოეული აღსაქმელად უფრო იოლია და მისი გადაწყვეტისთვის სტანდარტული ან მასთან მიახლოებული სცენარი არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ხდება სიტუაციის იდენტიფიცირება იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომელთა გადაჭრა (ან ამის მოდელირება) უკვე მოხდა. როდესაც მოძებნილია გეგმები ყველა ქვეამოცანის გადაწყვეტისთვის, მათგან ერთიანი გეგმის ,,შექმნის”, აწყობის ეტაპი იწყება. თუ ამ ეტაპზე რეალისტური გეგმის შემუშავება ვერ ხერხდება, ხდება დაბრუნება უკან და გრძელდება პრობლემური სიტუაციის შემდგომი დაშლა მარტივ მამრავლებად.

გადაწყვეტილება - რამდენიმე გეგმიდან ერთ-ერთის შერჩევა და მისი რეალიზება, თუ ვარიანტი ერთია (იდეაში, თავისუფალი არჩევანი სამი ვარიანტიდან იწყება) უბრალოდ გადაწყვეტილების მიღება.

მოქმედება - ციკლის დასკვნითი ეტაპი, გეგმის პრაქტიკული რეალიზებით; მის ბოლოს ჩვენ შეცვლილი სიტუაციის დაკვირვების ეტაპზე გადავდივართ.

წარმატების მიღწევა ამ მოდელის ფარგლებში ორი გზით (ერთი მეორეს არ გამორიცხავს) შეიძლება: 1) საკუთარი ციკლების უფრო სწრაფი გავლა, რაც მოწინააღმდეგეს იძულებით რეაგირების რეჟიმში აგდებს და რაც უფრო მეტად ჩამორჩება ის, მით უფრო უახლოვდება სისტემურ კრიზისს 2) საკუთარი გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლება და მოწინააღდეგისთვის ამ კუთხით პრობლემების შექმნა.

თავის თეორიაში, რომელიც ნამდვილად არ არის უნაკლო, თუმცა მთელი რიგი უპირატესობებც აქვს, ჯონ ბოიდი ომს სამ ელემენტად ჰყოფდა და იგივეს გაკეთება პოლიტიკურ (ან ბიზნეს) კონფლიქტთან მიმართებაშიც შეიძლება.

მორალური ომი: მოწინააღმდეგის გამარჯვების მიღწევაზე მიმართული ნების გატეხვა, არსებული ან პოტენციური მოკავშირეებისგან იზოლირების გზით და მის რიგებში რღვევის ხელშეყობით.

მენტალური ომი: მოწინააღმდეგის მიერ რეალობის აღქმის დეფორმირება და დამახინჯება დეზინფორმაციის და სიტუციაზე არასწორი წარმოდგენის შექმნის გზით.

ფიზიკური ომი: მოწინააღმდეგის ფიზიკური რესურსების განადგურება (სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ეს შეიარაღების, ცოცხალი ძალის, ინფრასტრუქტურის და ა.შ. განადგურებას გულისხმობს.

საუბარი ბოიდის თეორიასა და ,,დოგმ”-ის თითოეულ ეტაპზე ძალიან დიდხნს შეიძლება, თუმცა, ალბათ, დროა დავუბრუნდეთ მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას და განვიხილოთ მათი მოქმედება ,,ბოიდის ციკლთან” მიმართებაში.

პრობლემები სააკაშვილის ხელისუფლებას, შემდგომ კი ოპოზიციაში მყოფ პარტიას, ,,დოგმ”-ის პირველსავე, ,,დაკვირვების” ეტაპზე ექმნებ(ოდ)ა. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოსად სრულად აკონტროლებდა სახელისუფლებო სტრუქტურებს, რომელთაც, პრინციპში, ძალიან მასშტაბური მონიტორინგის წარმოება შეუძლიათ, წლების განმავლობაში ხდებოდა ინფორმაციის დამახინჯება, მისი მისადაგება სამყაროს იმ სურათის მიმართ, რომლის ხილვა მიხეილ სააკაშვილს სურდა. უხეშად რომ ვთქვათ, სააკაშვილამდე ცუდი ამბების მიტანას ერიდებოდნენ.

ამიტომ, როდესაც სისტემა (უფრო ზუსტად კი მისი ,,საცეცები”, რომელთაც ინფორმაციის შეგროვება და პირველადი ანალიზი ევალებათ) დგებოდა არჩევანის წინაშე: შეაფასოს ესა თუ ის მოვლენა როგორც მოახლოებული კრიზისის ნიშანი თუ უფრო არხეინი ინტერპრეტაცია მისცეს ან სულაც მიაჩუმათოს, ის მეორე ვარიანტისკენ იხრებოდა. ამ მიდგომის შედეგია ის, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი (სააკაშვილი და მისი გარემოცვა) სიტუაციას თითქოსდა მრუდე სარკეში ხედავ(დ)ენ, რაც სწორი არჩევანის გაკეთებას მეტად ურთულებს. ახალი ამაში არაფერია, ეს გზა არაერთმა ავტორიტარმა, განსაკუთრებით კი მენტალურად არამდგრადმა მმართველმა გაიარა.

მართალია, ყველა პოლიტიკოსს სურს ზუსტ ინფორმაციას ფლობდეს, თუმცა როდესაც ის სააკაშვილამდე მიაქვთ, ,,მრუდე სარკის ეფექტი” მაინც მოქმედებს. სწორედ აქედან მოდის ის შოკი თანმდევი პანიკით, რომელშიც ხელისუფლება (და უპირველეს ყოვლისა სააკაშვილი) ვარდებოდა, როდესაც რაღაც მოულოდნელს ეჯახებოდა, არადა ეფექტური, ,,ნორმალური” ხელისუფლებისთვის 99% შემთხვევაში, შიდაპოლიტიკურ სფეროში არაფერი მოულოდნელი არ უნდა ხდებოდეს, რადგან სახელმწიფო სტრუქტურების რესურსები, რომელთაც მმართველი პარტია თავისი მიზნებისთვის იყენებს, საფრთხის საწყის ეტაპზე ამოცნობის, მის შესახებ პრაქტიკულად ამომწურავი ინფორმაციის მუდმივი მოპოვების შესაძლებლობას აძლევენ. ფაქტია, სააკაშვილი არ ელოდა ივანიშვილის მოსვლას პოლიტიკაში ამ ფორმით, ვერ განჭვრიტა წინასწარ მთელი რიგი მისი ნაბიჯები და სწორედ მაშინ დაიწყო ,,ნაციონალების” ჩამორჩენა ,,ბოიდის სპირალზე” გამართულ დოღში. ისიც ფაქტია, რომ წარმოდგენები 2021 წლის „დაბრუნებაზე" მეტისმეტად ოპტიმისტურ შეფასებებსა და წარმოდგენებს ეფუძნებოდა და, ყოველივე მომხდარის მიუხედავად, სავარაუდოდ, დღესაც კი ეფუძნება.

თქმული ეხება მხოლოდ პირველ საფეხურს - „დაკვირვებას“, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა ხდებოდა და რა ხდება დღეს ანალიზის, დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპებზე პარტიის მართვის არსებული, ორ თუ მეტ ნაწილად გაყოფილი სისტემის პირობებში (თუ ილუსტრაციას დავხედავთ, არაერთ საინტერესო დასკვნამდე მივალთ). მართალია, დღეს მიხეილ სააკაშვილის როლი მართვის პროცესებში შემცირებულია, თუმცა მისი და ახლო გარემოცვის გავლენა კვლავინდებურად საკმარისია იმისთვის, რომ უკლებლივ ყველა იმპულსს „შიდაპარტიულ სპირალზე“ მიმართულება შეუცვალოს იმისდა მიხედვით, რას უკარნახებს სუბიექტური აღქმა. ეს პრაქტიკულად გამორიცხავს სტრატეგიული გეგმების რეალიზაციას და, შესაბამისად, წარმატებას.

დიმიტრი მონიავა