February 23, 2023

18 ბრიუმერი ბიძინა ივანიშვილისა

„ვინმე გამოჩნდება...“. ეს ფრაზა მიეკრა ქართულ პოლიტიკას როგორც ეჰანი ზვიგენს. ის ხშირად თან სდევს მმართველი პარტიის და მისი ოპონენტების დამაკნინებელ დახასიათებას და უიმედო დასკვნას „საშველი აღარაა“. ოპტიმისტური ჩანს, მაგრამ ამავე დროს კვებავს მხსნელის მოახლოებული გამოცხადების რწმენას, რომელმაც ქვეყანას გაცილებით მეტი უბედურება მოუტანა, ვიდრე სიკეთე.

როდესაც IRI-ს მიერ 2022 წლის სექტემბერში გამოკითხული რესპონდენტების 72 პროცენტმა განაცხადა, რომ ახალი პარტიების ხილვა სურს, ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, გულისხმობდა, რომ ახალი ლიდერების გამოჩენას ელოდება, რადგან ქართველების უმრავლესობა აღიქვამს პარტიას, როგორც ერთი ადამიანის გარშემო შეკრულ ერთობას. პარტია დომინანტი ხელმძღვანელის გარეშე ხშირად აღიქმება როგორც რაღაც უგვანო და წარმოუდგენელიც კი, როგორც ხინკალი კიტრით. კომენტატორები არ ცდებიან, როდესაც ამაში ჩამორჩენილობის ნიშანს ხედავენ, და ქართველებს მხოლოდ ის გვანუგეშებს, რომ ოცნება მხსნელ პოლიტიკოსზე სულ ცოტა ხნის წინ იმ ერებსაც არ ასვენებდა, რომელნიც დღეს სიამოვნებით იმკიან განვითარებული დემოკრატიის ნაყოფს. სასურველია თვალი შევავლოთ მათ გამოცდილებას, ვიდრე ჩვენი უბედურების დაკვირვებას დავუბრუნდებით.

სახელგანთქმულმა ფრანგმა ისტორიკოსმა ჟან ტიულარმა მიუძღვნა ამ თემას წიგნი: „ნაპოლეონი: მხსნელის მითი“ და საკვანძო იდეა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „როდესაც საფრანგეთის ბურჟუაზია დგებოდა გარე და შიდა საფრთხეების წინაშე, რომლებიც მის ინტერესებს ემუქრებოდნენ, ის ყოველთვის პოულობდა „მხსნელებს“. ნაპოლეონმა გზა გაუკაფა კავენიაკს, ლუი ბონაპარტს, ტიერს, პეტენსა და დე გოლს. თუმცა ვინაიდან ბურჟუას მთავარი სათნოება უმადურებაა, ხოლო მთავარი ნაკლი - სიმხდალე, „მხსნელები“ თავიანთ შემოქმედებს, როგორც წესი, ეროვნული კატასტროფის შედეგად შორდებოდნენ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ამაზე ყოველთვის „მხსნელს“ ეკისრებოდა... „მხსნელი“, რომელიც ტრაგიკულ გარემოებებში ჩნდება (სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, მარცხი ომში), აპოკალიფსის ატმოსფეროში ქრება. მას ახალი „მხსნელი“ ენაცვლება, გამართული მექანიზმის ჭანჭიკები კვლავ ბრუნვას იწყებენ. ამ კანონზომიერების მიღმა შეიძლება დავინახოთ ლეგიტიმურობის იმ პრინციპზე უარის თქმის შედეგი, რომელსაც 1789 წელს მოშორებული ძველი მონარქია ეფუძნებოდა“.

ლეგიტიმურობის პრობლემის მყისიერი გადააზრება მართლაც შეუძლებელია, ხოლო დამშვიდობება ფეოდალური ეპოქის პოლიტიკურ არქეტიპებთან შეიძლება ათწლეულების თუ არა საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს. თუმცა ამ დასკვნამდე არაერთგზის სხვა მკვლევარებიც მივიდნენ, ამიტომ, ალბათ, აჯობებს ტიულართან ერთად გადავიტანოთ ყურადღება დამშეული და შეშინებული მასების მესიანისტური მოლოდინებიდან კონკრეტული სოციალური ჯგუფების სავსებით ხელშესახებ ინტერესებზე. „ყველაზე დიდი სარგებელი რევოლუციისგან, - წერს ის: მიიღო საშუალო ბურჟუაზიამ, შეძლებულმა გლეხობამ და წინდახედული საქმოსნების მცირე ჯგუფმა. მათ შეძლეს იმ ფულით, რომელიც 1789 წელს ჰქონდათ, შეეძინათ ეროვნული ქონება და ინფლაციის პერიოდში მიწის მსხვილი სამფლობელოები შეეკრათ... ბურჟუაზიის და გლეხობის კავშირი შესაძლებელს ხდიდა რევოლუციის დასრულებას ერთი ადამიანის ან პრინციპის ძალაუფლებით. ადამიანი მოიძებნა: ბონაპარტე. რაც შეეხება პრინციპს, ის დიდი ხანია ცნობილია: საკუთრება. ბონაპარტეზე დამოკიდებული იყო მიღწეული წარმატების შენარჩუნება - არ დაეშვა, ერთის მხრივ, უკუსვლა წარსულში, ხოლო მეორეს მხრივ - რევოლუციის შემდგომი გაღრმავება“.

მისი ძმისშვილის აღმასვლის ისტორია საბჭოთა სტუდენტებს დაამახსოვრა მარქსის თხზულებამ „18 ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა“. ნაპოლეონ III საკმაოდ მოქნილად სთავაზობდა ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურ ჯგუფებს მათთვის მიმზიდველ ბონუსებსა და ლოზუნგებს; მის ხელისუფლებას ამყარებდა მდიდარი და გავლენიანი ადამიანების სურვილი „დაესრულებინათ რევოლუცია“, ამჯერად 1848 წლის, - შეენარჩუნებინათ ზოგიერთი მისი მიღწევა, მაგრამ ბოლო მოეღოთ არეულობისა და საშიში სოციალისტური ილუზიებისთვის, დაენიშნათ უმაღლესი არბიტრი, რომელიც წესრიგს დაიცავდა. ტიულარმა გარკვეული სითამამე გამოავლინა, როდესაც ერთდროულად ახსენა კოლაბორაციონისტული რეჟიმის თავკაცი ფილიპ პეტენი და „თავისუფალი საფრანგეთის“ ბელადი შარლ დე გოლი. მან თითქოსდა შესთავაზა მკითხველს დაფიქრებულიყო იმაზე, რომ „მხსნელს“ პეტენში, შესაძლოა, ხედავდნენ არა მხოლოდ რეაქციონერები და ულტრამემარჯვენეები, არამედ ანგარიშიანი ადამიანებიც, რომელთაც ეროვნული კატასტროფის პერიოდში საკუთარი აქტივების და მაღალი სტატუსის შენარჩუნება აწუხებდათ.

თანამედროვე საქართველოს ოთხი ლიდერიდან თითოეულს ოდესღაც უწოდებდნენ „მხსნელს“ არა მხოლოდ მათ კმაყოფაზე მყოფი ლაქიები, არამედ ადამიანები, რომლებიც მათ მმართველობას მერკანტილურ ინტერესებს არ უკავშირებდნენ. თუ ტიულარის პრინციპს დავეყრდნობით, აღმოვაჩენთ, რომ მათი ბედის სინუსოიდა ირხეოდა სწორედ იქ, სადაც მასზე ზეგავლენას საკუთრების პრობლემა ახდენდა, რომლის მფლობელებს სურდათ რევოლუციის ნაყოფით ესარგებლათ, შემდეგ კი დაესრულებინათ ის.

ძველი საბჭოთა ელიტის და ზვიად გამსახურდიას ინტერესები დიამეტრალურად საპირისპირო ჩანდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირველ პრეზიდენტს არ შეეძლო თავისი მტრებისთვის სარგებელი მოეტანა. საბჭოთა კავშირის დაშლა რთული და საშიში პროცესი გახლდათ, ყველა რისკის გათვლა წარმოუდგენლად ძნელი იყო და იმის ალბათობა, რომ მოსკოვში გადატრიალება მოხდებოდა და სასტიკი დიქტატურა დამყარდებოდა, საკმაოდ მაღალი ჩანდა. რესპუბლიკის ელიტა აცნობიერებდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო მას ახალ შესაძლებლობებს მისცემდა. თუმცა მისთვის მოსახერხებელი იყო, რომ პოლიტიკური ფრონტმენის როლი საშიშ პერიოდში აღგზნებულ დისიდენტს შეესრულებინა - თუ საქმე ცუდად წავიდოდა, უბრალოდ გაკოჭავდა მას და მოსკოვიდან მოვლენილ მეფისნაცვალს ჩააბარებდა. ხელისუფლებიდან გამსახურდიას ჩამოშორება რეალურად მხოლოდ გკჩპ-ს პუტჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც თითქმის ყველა დარწმუნდა, რომ საბჭოთა კავშირი ვეღარ გადარჩებოდა.

პრივატიზაცია განხეთქილების ვაშლად იქცა. გამსახურდია დროს წელავდა და ცდილობდა მოეძებნა შუალედური მოდელი, რათა ყოფილ საბჭოთა ნომენკლატურას და „ცეხავიკებს“, რომლებმაც უზარმაზარი სახსრები დააგროვეს, სოციალისტური მემკვიდრეობა ხელში იოლად არ ჩაეგდოთ. შესაძლოა, საქმე მხოლოდ იმაში როდი იყო, რომ ისინი სძულდა (ნამდვილად სძულდა) და ასეთ პრივატიზაციას უსამართლოდ მიიჩნევდა (ნამდვილად მიიჩნევდა). ხელოვნებათმცოდნე ბორის გროისი წერდა, რომ „კომუნისტური რევოლუცია წარმოადგენს საზოგადოების გადაყვანას ფულის მედიუმიდან ენის მედიუმზე. ის წარმოდგენს ჭეშმარიტ შემობრუნებას ენისაკენ (linguistic turn) საზოგადოებრივი პრაქტიკის დონეზე“. მის შედეგად „ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიეცა შესაძლებლობა მიეღო გადაწყვეტილებები, რომელიც კერძო ეკონომიკურ ინტერესებზე დამოკიდებული არ იყო“. გამსახურდია ანტიკომუნისტი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ძველი პარადიგმის ჩარჩოებში რჩებოდა, სადაც სიტყვები ციფრებზე დომინირებდნენ და აქ მართებულია გროისის კიდევ ერთი დასკვნის გახსენება: „კომუნისტური საზოგადოება შეიძლება განვსაზღვროთ როგორც საზოგადოება, სადაც ხელისუფლება და ხელისუფლების კრიტიკა ერთსა და იმავე მედიუმს მიმართავენ“. ცდილობდა რა, შეეცვალა პრივატიზაციის ხასიათი ახალ ფორმაციაში გადასვლის პროცესში გამსახურდია, შესაძლოა, გრძნობდა, რომ როდესაც ის დასრულდება, მისი ვერბალური მაგია სრულად თუ არ გაქრება, - გაუფასურდება. ასე იყო თუ ისე, 1991 წლის აგვისტოს შემდეგ საბჭოთა სისტემის განადგურების საქმეში პრეზიდენტის წვლილის მიუხედავად, ძველი და ახალი „დიდებულები“ მას დაბრკოლებად აღიქვამდნენ.

თუმცა ათასობით ქართველი აღმერთებდა გამსახურდიას, როგორც მხსნელს, რომელმაც საბჭოთა იმპერიის უღელი მოაშორა და მათი ემოციები მის მთავარ პოლიტიკურ რესურსად იქცა. იმის გამო, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არ არსებობდა შეკავშირებული სამხედრო ელიტა, რომელიც საკუთარ კორპორატიულ ინტერესებს აცნობიერებდა, გამსახურდიას მოწინააღმდეგეებს გადატრიალების პროცესში კრიმინალური სამყაროს ძალისმიერი რესურსის გამოყენება მოუხდათ. როდესაც ბრჭყვიალა ციტატაების მოყვარულები იხსენებენ ალ კაპონეს ფრაზას პისტოლეტისა და კეთილი სიტყვის შესახებ, მათი ყურადღების ცენტრშია იარაღი, ხოლო სიტყვა თითქოსდა უკანა პლანზე გადადის. არადა კრიმინალიტეტის ძალაუფლება კომუნისტების მიერ ვერბალიზებულ (გროისის ტერმინს თუ მოვიშველიებთ საზოგადოებაში ეფუძნებოდა უპირველესად „ქურდული სიტყვით“ შედუღაბებულ წარმოდგენათა სისტემას, რომელიც ბევრს ოფიციალური იდეოლოგიის ალტერნატივად მიაჩნდა და გვიანდელი საბჭოთა პერიოდის არაერთი ქართველი იზიარებდა მას ნებაყოფლობით და არა იარაღის მუქარის ქვეშ.

თავდაპირველად მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ითხოვდნენ დაცვას „პროვინციული ფაშიზმისგან“, არსებითად კი - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იმ ლიდერებისგან, რომელნიც ელიტის სრულ გადაფორმატებაზე ოცნებობდნენ. შემდეგ იხვეწებოდნენ, რომ ისინი იმ კრიმინალი მოკავშირეებისგან გაეთავისუფლებინათ, რომელთა ინტეგრირება ახალ სისტემაში შეუძლებელი იყო. ედუარდ შევარდნაძემ ძველი საბჭოთა ბიუროკრატიის და ე. წ. ელიტარული ინტელიგენციის დახმარებით ორივე თხოვნა შეუსრულა, გარიყა პოლიტიკიდან „ზვიადისტები“, შექმნა პირობები სოციალისტური აქტივების პრივატიზაციისთვის (ან, თუ გნებავთ, დატაცებისთვის), დააშოშმინა ან გაანეიტრალა თავზეხელაღებული ბანდიტები და „ახალ ქართველებს“ დასავლეთში პირველი კონტაქტების დამყარებაში დაეხმარა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევარდნაძე მათთვის ძალზე სასარგებლო იყო და ისინი მზად იყვნენ მის წინაშე მუხლი მოედრიკათ, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც ეს მოხდა 1993 წლის 14 სექტემბერს, როდესაც მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ „მხედრიონის“ ლიდერთან, ჯაბა იოსელიანთან უმწვავესი კონფლიქტის შემდეგ. თუმცა მალევე ახალი „მხსნელი“ დასჭირდათ.

ყოფილი საბჭოთა ხელმძღვანელები უფრო ადეკვატური მოკავშირეები გახლდნენ, ვიდრე 90-იანების ბანდიტები, თუმცა კორუმპირებულები და ახალ პირობებში არაკომპეტენტურები იყვნენ. ინსტიტუტები ცუდად ფუნქციონირებდნენ, კრიმინალმა სახე იცვალა, თუმცა სისტემურ ფაქტორად დარჩა, ძველი რეგულაციები ბიზნესს ხელს უშლიდნენ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებამ დანერგა ბიზნესის წარმოების მოსახერხებელი წესები, გააუქმა უამრავი რეგულაცია (ხშირად უსაფრთხოების ხარჯზე), გაწმინდა კორუფციისგან სახელმწიფო მექანიზმის ქვედა რგოლები, შრომის კოდექსი დამქირავებლებისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი გახადა (მემარცხენეები მას არცთუ უსაფუძვლოდ მონათმფლობელურს უწოდებდნენ), ჩააჩოჩა კრიმინალი საზოგადოებრივი ცხოვრების პერიფერიაზე და ძალიან მცირე დროში შესთავაზა მოხერხებულ ადამიანებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა, ვიდრე წარმოიდგენდნენ. თუმცა გაჩნდა პრინციპული, გადაულახავი პრობლემაც, რომელიც საფრანგეთთან მიმართებაში კარგად აღწერა სახელმწიფო მოღვაწემ და პუბლიცისტმა მიშელ ლუი ეტიენ რენიო დე სენ-ჟან დ`ანჟელიმ: „დამფუძნებელი კრების პერიოდში გაჩნდა შეთქმულთა ჯგუფი, რომელმაც იერიში საკუთრებაზე მიიტანა. მას სათანადო წინააღმდეგობა არ გაუწიეს იმის ნაცვლად, რომ დაეთრგუნათ ის, ლაჩრულად უარი თქვეს პრინციპების ნაწილზე იმის ნაცვლად, რომ მედგრად დაეცვათ მათი ხელშეუხებლობა. თანდათან ამ, საზოგადოებრივ წესრიგის მიმართ მტრულად განწყობილმა ჯგუფმა საკუთრების ყველა გარანტია გაანადგურა. ყველა მცირე რევოლუცია, რომელიც დიდი რევოლუციის ფარგლებში ხდებოდა საკუთრების მორიგ ხელყოფად გადაიქცეოდა. 18 ბრიუმერის რევოლუცია [ანუ, ნაპოლეონ I-ის ხელსუფლებაში მოსვლა] პრინციპულად განსხვავდება ყველა წინა რევოლუციისგან: ის საკუთრების გამო მოაწყვეს“.

აქტივების ნებაყოფლობით-იძულებითი ჩამორთმევა სახელმწიფოს ან ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის მატიანეში ერთ-ერთი ყველაზე შავი ფურცელია წამებასთან და მედიასა თუ ოპოზიციაზე ხისტ ზეწოლასთან ერთად. ე. წ. ღამის ნოტარიუსების მიერ ფორმალური პროცედურების დაცვას ძალოვნები აკონტროლებდნენ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერი სულაც არ აპირებდა, რობესპიერის მსგავსად, ეღიარებინა, რომ ასეთი ქმედებები მართლაც უკანონო იყო: „ისეთივე უკანონო, როგორც რევოლუცია, როგორც ტახტის დამხობა და ბასტილიის აღება და თვით თავისუფლება... მოქალაქენო, ნუთუ თქვენ გჭირდებოდათ რევოლუცია რევოლუციის გარეშე?!“. თუმცა ეს არ ცვლიდა მოვლენების არსს - საკუთრებას უაღრესად ბრუტალური მეთოდების გამოყენებით ახალი ადამიანები ეპატრობებოდნენ, რომელთაც ძველი ელიტა აგდებულად, ისევე, როგორც გამსახურდიას მმართველობის წლებში, „ცალკალოშიანებს“ უწოდებდა. არსებობს გავრცელებული, თუმცა არცთუ მართებული მოსაზრება, რომ ამ ტერმინის ეტიმოლოგია 20-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბოლშევიკები იმორჩილებდნენ თბილისს პროვინციიდან ჩამოსული, ღარიბი, გაუნათლებელი კომკავშირლების ურდოს მეშვეობით. საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის (1938-52 წლებში) კანდიდ ჩარკვიანის მემუარებში არის სახასიათო მონაკვეთი, სადაც ის აღწერს მათ სიღატაკეს და ყვება, როგორ სჭირდებოდა პალტო და, სხვების მსგავსად, იმედი ჰქონდა, რომ გულმოწყალე ამერიკელები, რომლებიც აგროვებდნენ ტანსაცმელს სსრკ-ს გაჭირვებული მოქალაქეებისთვის პალტოს ჯიბეში ჩადებდნენ ფულს, საათს და ა. შ. მოგვიანებით ამ ტერმინმა შეიწოვა საზოგადოების ზედა ფენის სიძულვილი დაწინაურებული ხეპრე „ცალკალოშიანების“ მიმართ, მას იყენებდნენ მაშინაც კი, როდესაც მათი სასტარტო მატერიალური და კულტურული დონე აღარ იყო ისეთი დაბალი, როგორც 20-იანი წლების კომკავშირლების შემთხვევაში. მკვლევარები კვლავინდებურად არკვევენ, ხუჭავდა თუ არა სააკაშვილი თვალს ქონების მასშტაბურ გადანაწილებაზე (ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში შევიდა ათობით ათასი საჩივარი - მოქალაქეები წართმეულის დაბრუნებას მოითხოვდნენ) თუ აქეზებდა ამ პროცესს, რადგან ახალი, მასზე სრულად დამოკიდებული ელიტის ფორმირების იმედი ჰქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში მდიდარმა ადამიანებმა მორიგი „მხსნელის“ ძებნა დაიწყეს. კითხვებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მომავალზე გავლენიანი ოჯახების წარმომადგენლები, არც მეტი არც ნაკლები, 2009 წლიდან სვამდნენ (შესაძლოა, უფრო ადრეც, თუმცა ავტორი ამ შემთხვევაში მიუთითებს იმაზე, რის მოწმეც თავად გახლდათ).

მჭერმეტყველებასთან აშკარა პრობლემების მქონე, მოხერხებული საქმოსნის შედარებას ნაპოლეონ I-თან, ან თუნდაც ნაპოლეონ-III-თან მხოლოდ ხარხარი თუ მოყვება, მაგრამ მისია მსგავსი იყო - რევოლუციის დასრულება მისი საუკეთესო ნაყოფის შენარჩუნებით. მან ლოიალურობის სანაცვლოდ აქტივებისა და პრივილეგიების ხელშეუხებლობა უზრუნველყო და შეძლო საკუთრების ახალ მასშტაბურ გადანაწილებასთან დაკავშირებული რისკებისთვის თავის არიდება, რომელიც აუცილებლად გაჩნდებოდა თუ სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებული მესაკუთრეებისთვის ქონების დაბრუნება მყისიერად, ვოლუნტარისტული პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდებოდა. გარდაუვალი გადახრები ამ შემთხვევაში აუცილებლად დააზიანებდნენ ხელშეუხებლობის პრინციპს. მასშტაბური სოციალური პროგრამები ღარიბებისთვის, რომელსაც ახორციელებდა არაერთი „მხსნელი“ ტიულარის სიიდან, ან თუნდაც იგივე სააკაშვილი, კვებავდა მისი ოპონენტების „კრიტიკას მარჯვნიდან“, რომელსაც მინიმალური შანსები ჰქონდა ღარიბების გული მოეგო (მაგალითად, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის ან შრომის კოდექსის ნაწილობრივი გაუმჯობესების შემთხვევაში) და იმ მდიდრების ყურადღება მიეპყრო, რომლებმაც ივანიშვილისგან მიიღეს ის, რაც სურდათ. მეორე შემთხვევაში, ყველაზე კარგი შანსი, ალბათ, მამუკა ხაზარაძეს ჰქონდა, როდესაც ის საუბრობდა უხეშ პოლიტიკურ ჩარევაზე, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ჩაძირა, თუმცა არჩევნებში მისი პარტიის, „ლელოს“ სავალალო შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. რაც შეეხება „კრიტიკას მარცხნიდან“, ელიტური ჯგუფები მას, როგორც წესი, მტრულად აღიქვამენ, მაშინ როდესაც მათი პოზიცია ხელისუფლებისათვის ბრძოლის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია - გამსახურდიამაც და სააკაშვილმაც წააგეს, როდესაც მათ დაუპირისპირდნენ (ერთმა მყისიერად, მეორემ კი ოდნავ მოგვიანებით).

მეორე შემთხვევაში საკვანძო როლი შეასრულა ძველი რეჟიმის მოქმედების წარმოჩენა გააზრებულ დესპოტურ პოლიტიკად, რომელსაც იმპულსური ნაბიჯების, ძველი კომპლექსებისა და იმპროვიზაციების ერთობლიობა, შესაძლოა, არც წარმოადგენდა. რობესპიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცნობილი მკვლევარი ერვე ლევერსი წერდა: „როდესაც რობესპიერი აღწერს „რევოლუციურ მთავრობას“, ის საუბრობს „ტერორზე“. ეს სიტყვა არ მიიპყრობდა ასეთ ყურადღებას, თუ მისი მეშვეობით არ დაიწყებდნენ მრავალთვიანი დაყოფის, ხისტი იურიდიული ზომების და სამოქალაქო ომის აღწერას... სწორედ იმ კვირებში, რომელიც წინ უძღოდა და მოსდევდა რობესპიერის სიკვდილით დასჯას (და მხოლოდ მაშინ!) ამ სიტყვამ მმართველობის ნაირსახეობის აღწერისა და მისთვის განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა შექმნა, ისევე როგორც განსხვავებული, განცალკევებით მდგომი მოღვაწეების ინიციატივების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში მოქცევა და იმის სტრუქტურირება, რაც არც ერთგვაროვანი და არც საბოლოოდ გაფორმებული იყო. ისევე როგორც 1789 წლის ზაფხულში გამოიგონეს „ძველი წესრიგი“, 1794 წლის ზაფხულში გამოიგონეს „ტერორის სისტემა““. იმაში, რომ სააკაშვილი აბსოლუტურად მიუღებელი გახდა ბევრი მსხვილი ბიზნესმენისთვის და იმ საშუალო ბიზნესმენებისთვის, რომელნიც მათ (ხშირად არაცნობიერად) ბაძავენ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მხოლოდ ფაქტობრივმა კონფისკაციებმა და ძალოვნების უხეშმა, ხანდახან სადისტურმა ზეწოლამ, არამედ რეჟიმის ცალსახა დახასიათებამაც - მისი სისასტიკე და მტრული დამოკიდებულება აღიწერებოდა როგორც სისტემური მიდგომა.

ამ ბიზნესმენებს, ალბათ, მოსწონდათ ივანიშვილის ნაბიჯები, რომელიც ქართული პოლიტიკის „დევერბალიზაციისკენ“ გადადგა - „სიტყვების ძალაუფლების“ საზიანოდ და „რიცხვების ძალაუფლების“ სასარგებლოდ - ბალანსი პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ გავლენას შორის გარკვეულწილად უკანასკნელის სასარგებლოდ გადაიხარა. მიუხედავად ამისა, გაძლიერებულ, მოღორებულ ოლიგარქიულ ჯგუფებს ივანიშვილის ამბიციები რაღაც მომენტში გადაჭარბებულად მოეჩვენა, ხოლო მისი რეჟიმი არასაკმარისად ეფექტიანად. მორიგმა მავრმა გააკეთა თავისი საქმე და შეეძლო წასულიყო. მათ ისევ დაიწყეს განზე ყურება და ახალგაზრდების ფრონდიორობის (მაგრამ არა ოპოზიციურობის) ფარული წახალისება. ყველაფერი, სავარაუდოდ, დასრულდებოდა ისე, როგორც ყოველთვის, რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რომელმაც მმართველ პარტიას შესაძლებლობა მისცა ემტკიცებინა, რომ ივანიშვილი იცავს ქვეყანას „მეორე ფრონტის“ გახსნისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ფიქრებს ომზე საქართველოში უკავშირდება არა მხოლოდ დამანგრეველი ბრძოლებისა და გაჭირვების შიში, არამედ მოგონებები ქაოსზე და აქტივების თანმდევ „შავ გადანაწილებაზე“.

მიზანშეწონილია შევეხოთ კიდევ ერთ ასპექტს: „მხსნელის“ პოლიტიკური მითი ეყრდნობა კოლექტიურ არაცნობიერში დამკვიდრებულ გმირის არქეტიპს, რომელიც მზადაა ხალხისთვის თავი გაწიროს ისე, როგორც დემეტრე თავდადებულმა, რომელიც მონღოლ ყაენს ეახლა და ამით ქვეყანა შემოსევისგან იხსნა, დავით აღმაშენებელს, რომელიც მუდამ წინა რიგებში იბრძოდა და სხვა გამოჩენილ მონარქებს. ზვიად გამსახურდიას შემზარავი აღსასრული მისი თაყვანისმცემლების თვალში მისი პროვიდენციალური მისიის დამაჯერებელი დადასტურება გახდა, რაც დღემდე უშლის ხელს მისი იდეური მემკვიდრეობისა და რადიალური ნაციონალისტური ლოზუნგების კრიტიკულ გააზრებას, მითუმეტეს რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ყოფილი „ზვიადისტების“ ხმებზე ნადირობენ, მსგავს დისკუსიებს ხელს არ უწყობენ. ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის ცდილობდა დაეფიქსირებინა, რომ სიკვდილის არ ეშინია, მის წინააღმდეგ განხორცილებულ ტერაქტებთან, აგრეთვე, აფხაზეთში დაბომბვებთან დაკავშირებით. სააკაშვილის მოწინააღმდეგეები მუდამ უსვამდნენ ხაზს მის სიმხდალეს რეალური ან წარმოსახვითი საფრთხის წინაშე (2008 წლის ცნობილი ეპიზოდი გორში) და მის სწრაფვას სიამოვნებისადმი (უცხოელი მასაჟისტის დაქირავება საბიუჯეტო სახსრებით და სხვა) და ასეთ ბრალდებებს უფრო ხშირად უყენებდნენ, ვიდრე სხვას, უფრო წონადს და მნიშვნელოვანს, რადგან ეს პირდაპირი დამიზნებით ურტყამდა თავგანწირული „მხსნელის“ მითს. მათ ჩაატარეს მიზანმიმართული და მთლიანობაში წარმატებული კამპანია, რომლის ფარგლებში არწმუნებდნენ საზოგადოებას იმაში, რომ სააკაშვილის ფარული ჩამოსვლა საქართველოში 2021 წელს იყო ყველაფერი თავგანწირვის აქტის გარდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები გამუდმებით იმეორებდნენ, რომ ივანიშვილმა თავი უდიდეს საფრთხეში ჩაიგდო, როდესაც 2011-ში პოლიტიკით დაკავდა, რათა ქვეყანა სასტიკი რეჟიმისგან ეხსნა. შემდეგ ამ თემას გრადუსი მოაკლდა, როგორც ღვინოს გახსნილ ბოთლში, თუმცა დღეს ისინი ირწმუნებიან, რომ ივანიშვილმა მსხვერპლი გაიღო, რათა ქვეყანას ომი აარიდოს და გავლენიანი უცხოელი შანტაჟისტები, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ, მასზე ზეწოლას ახდენენ, სანქციებით ემუქრებიან, მისი კუთვნილი ფული გაყინეს (ცნობილი კონფლიქტი Credit Suisse-თან) და ა. შ. ბოლო ეპიზოდი ხელმოკლე ფენებისთვის თითქმის არაფეს ნიშნავს, მეტიც - ახალისებს მათ, თუმცა არსებობენ სხვა, სიმდიდრის მოხვეჭაზე ორიენტირებული ჯგუფებიც და მათ, სათანადო დამუშავების შემთხვევაში, მართლაც შეიძლება აღიქვან ეს, როგორც რეალური, გააზრებული მსხვერპლი. ღარიბებზე მიმართული პროპაგანდა სხვა, მარტივ და გულის ამაჩუყებელ აზრს ამუშავებს - ომის დაწყების შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, იბრძოლებენ და დაიღუპებიან სწორედ მათი შვილები.

ივანიშვილის ოპონენტები ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ზედაპირულად მოქმედებენ, არ ცდილობენ ჩასწვდნენ მითის არსს და მისი დეკონსტრუირება მოახდინონ, არამედ ქაოტურად ბომბავენ თანამემამულეების ემოციებს ცალკეული ლოზუნგებით, მემებით, ფრაზებით - მათ შორისაა ის, რომელსაც დაჟინებით მიაწერენ უინსტონ ჩერჩილს: „თუ ქვეყანა ომსა და სირცხვილს შორის აირჩევს სირცხვილს, ის ომსაც და სირცხვილსაც მიიღებს“. სხვათა შორის, მიუნხენის გარიგების კვალობაზე მას მსგავსი არაფერი უთქვამს. მართალია, მის ერთ-ერთ წერილში არის შემდეგი სიტყვები: „ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება ომსა და სირცხვილს შორის და თითქმის არ მეპარება ეჭვი იმაში, როგორი იქნება გადაწყვეტილება“. მაგრამ ეს დაწერილია მიუნხენში მიღებულ გადაწყვეტილებამდე და არა მის შემდეგ. ბოლოს და ბოლოს, ჩერჩილი იყო პოლიტიკოსი, რომელიც მომავლის განჭვრეტას ცდილობდა და არა თამადა, რომელიც ხატოვნად აღწერდა მომხდარს (კაცმა რომ თქვას, თამადაც იყო, თუმცა ძირითადი საქმიანობისგან თავისუფალ დროს). მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ოლიგარქიული და მათთან დაკავშირებული ჯგუფები მსგავსი ემოციული ზეგავლენისთვის ზედმეტად „სქელკანიანები“ არიან და მათ უპირველესად ომის ორი ასპექტი აინტერესებთ. ჯერ ერთი, გამდიდრების შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ მთავრობა მიუთითებს შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდაზე, ტრანზიტის გაფართოებაზე, ახალ სავაჭრო სქემებზე და ა. შ. ამასთანავე, ტიულარის თქმის არ იყოს, „ომი ქვეყნის ფარგლებს გარეთ [აქ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დავამატოთ „და მის პერიფერიაზე“] შთანთქავს მასების ენერგიას“ და, აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოს ხდის რევოლუციონერებისა და დამამხობლების იერიშს მაღალ ფენებზე - ის ერთგვარი მეხამრიდი ხდება. პასიონარები შორეულ ფრონტზე იღუპებიან, საზოგადოების ჭარბი ყურადღება საბრძოლო მოქმედებების მიმართ მას შიდა პრობლემებს აშორებს. შეგვიძლია გავიხსენოთ 90-იანების კონფლიქტები, როდესაც თითქმის ყველა ფიქრობდა და საუბრობდა ომზე, ხოლო მოხერხებული საქმოსნები ჩუმ-ჩუმად ხან ერთ, ხან მეორე აქტივს ისაკუთრებდნენ. რაც შეეხება სირცხვილს, საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მოიძებნება ფიგურა, რომელსაც მას დაუკავშირებენ - პეტენის ცნობილი მაგალითი ერთადერთი ნამდვილად არაა. სხვათა შორის, 2008 წლის ომის შემდეგ New York Times-ის კორესპონდენტმა შეამჩნია, რომ სააკაშვილმა თვითმფრინავში არა მხოლოდ სახალისო საკითხავი, არამედ ამ ფრანგი მარშალის ბიოგრაფიაც გაიყოლა. როდესაც 1945-ში კოლაბორაციონისტული რეჟიმის თავკაცს ასამართლებდნენ, მან საკუთარ თავს უწოდა „საფრანგეთის ფარი, რომელსაც სურდა ქვეყანა ყველაზე ცუდი დასასრულისგან ეხსნა“, ხოლო დე გოლს - „საფრანგეთის ხმალი, რომელმაც საკუთარ ხელში აიღო ბრძოლა ქვეყნის გარედან გათავისუფლებისათვის“ და გამორიცხული არაა, რომ მისი თანამემამულეების ნაწილი, რომელიც პეტენზე მრისხანებით საუბრობდა, სულის სიღრმეში როლების ასეთ განაწილებას საკმაოდ მოსახერხებლად და, შესაძლოა, ქვეყნისთვის მომგებიანად მიიჩნევდა.

„ვიღაც გამოჩნდება... აუცილებლად გამოჩნდება...“ ადამიანებს, რომლებიც ამ, უდავოდ სედატიური ეფექტის მქონე ფრაზას წარმოთქვამენ, როგორც წესი თვალები უბინდდებათ. ისინი იშორებენ ან, ყოველ შემთხვევაში, ყურადღებას არ აქცევენ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „მხსნელის მორიგი გამოცხადება“ არა ისტორიის წარმმართველი უხილავი ძალების სურვილიდან, არამედ სავსებით კონკრეტული გავლენიანი ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება. ბევრს სიზარმაცე და დაღლილობა სიტუაციის გაანალიზებაში ხელს უშლის და უბიძგებს აირჩიონ ორ ემოციურ, ინტუიტურ და, არსებითად მცდარ თეზისს შორის: „რევოლუცია უნდა დასრულდეს!“ და „რევოლუცია უნდა გაგრძელდეს!“. თუმცა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რევოლუციას არაფერი უნდა და არც ვინმეს ვალი მართებს.

დიმიტრი მონიავა

გამოქვეყნდა აქ