March 2, 2023

მანქანები, ქართველები და აჩრდილები

თბილისი დაავადებულია სატრანსპორტო თრომბოფლებიტით - ქუჩები ვიწროა, ხოლო ავტომანქანების რაოდენობა მხოლოდ 2015-19 წლებში 24,5%-ით გაიზარდა.

მერია ირწმუნება, რომ პრობლემური მონაკვეთების განტვირთვა და ისეთი პირობების შემქნა სურს, როდესაც ცენტრალური უბნების ბინადრები უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ველოსიპედებს მიანიჭებენ. ქალაქი თანდათან შორდება ინდუსტრიულ ეპოქას, როდესაც მანქანების უპირობო ბატონობა ცენტრში ბუნებრივ მოვლენად ითვლებოდა. შესაძლოა, მთავარი გამზირები და მიმდებარე ქუჩები ოდესმე უფრო მყუდრო, ეკოლოგიური და, ასე ვთქვათ, კაცთმოყვარე გახდება. თუმცა თბილისელების მანქანებიდან გადმოყვანა საკმაოდ რთული იქნება. ბევრი მათგანი გააგრძელებს საცობებში დგომას, მაგრამ არც კი გაიხედავს ავტობუსის გაჩერების და ველობილიკის მიმართულებით.

ავტომობილი საქართველოში გადაადგილების საშუალებაც არის, სტატუსის მიმნიჭებელი ობიექტიც და ფეტიშისტური ვნების საგანიც. ამასთან, ერთგვარი სოციალური ნაჭუჭია, რომელიც დამფრთხალ მოქალაქეებს აგრესიული გარემოსგან იცავს, როგორც ჯავშანი - კუს. „ქალაქი ადამიანების დასახლებაა, სადაც უცნობი პირები შეიძლება ერთმანეთს შეხვდნენ“, - წერდა სოციოლოგი რიჩარდ სენეტი. ზიგმუნტ ბაუმანმა განავრცო მისი აზრი და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები განსხვავდება მეგობრების შეხვედრებისგან იმით, რომ წარსული და, როგორც წესი, მომავლიც არ გააჩნიათ და საკუთარ თავში ერთჯერად შესაძლებლობას შეიცავენ, რომელიც „აქ და ახლა“ რეალიზდება. უნარ-ჩვევების რთულ სისტემას, რომელსაც ქალაქის ბინადრები უცნობ პირებთან მუდმივი ურთიერთქმედების პროცესში გამოიმუშავებენ, სენეტი ზრდილობას უწოდებს - ის შესაძლებლობას აძლევს დაიცვან თავი სხვა ადამიანებისაგან და ამავე დროს, მათთან ურთიერთობით სიამოვნება და სარგებელი მიიღონ. მისი ტრანსფორმირება ქაოტური ურბანიზაციის, პოლიტიკური და სოციალური რყევების წლებში ხდება, ხოლო თბილისმა ეს იარები ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. ასეთ დროს მუდმივი შეხება უცხო პირებთან ხშირად აღიქმება როგორც დამღლელი, ხოლო ზოგიერთ მათგანთან შეხვედრა ვეფხთან შერკინებას ემსგავსება. ყოველივე სოციალურისგან დისტანცირების სურვილი სავსებით ბუნებრივად გამოიყურება მაშინ, როდესაც „თითოეული ცდილობს გადარჩეს დამოუკიდებლად, რადგან ნავში მარტოა თავის ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად“. ეს მერაბ მამარდაშვილმა მომიჯნავე პრობლემასთან დაკავშირებით თქვა, როდესაც საუბრობდა ქართველების დისტანცირებაზე საერთო საქმისგან, Res Public-ისგან. პირადი ავტომობილი საქართველოში, მოაგონებს ნავს ამ ცნობილი მეტაფორიდან, და, რა თქმა უნდა, არის თვითიზოლაციის ერთ-ერთი მთავარი საშუალება ღია, ხალხმრავალ სივრცეებში, რომელიც შიშს და სოციალურ აგაროფობიას იწვევს.

„დაერხა ვაკეს!“, - ჩაილაპარაკა ტაქსისტმა, რომელთანაც ერთად საცობში გავიჭედეთ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ვაკეში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვალა (სინამდვილეში უფრო მკვეთრი ტერმინი მოიშველია). ვერ გამოვრიცხავ, რომ არ უყვარდა ვაკელები და მათი წარმოდგენა საკუთარ თავზე, გაბერილი როგორც ბაყაყი ლაფონტენის იგავიდან. 2004-ში ახალ სატრანსპორტო „სამკუთხედს“ (უნივერსიტეტი - ფილარმონია - გმირთა მოედანი) ხშირად წარუმატებელ პროექტს უწოდებდნენ, თუმცა მოგვიანებით მიეჩვივნენ. ცვლილებები ვაკეში უფრო რადიკალურია და შეიძლება ლოკალური მასშტაბის ეკონომიკური და სოციოკულტურული ძვრები მოჰყვეს, ხოლო ადაპტაცია, სავარაუდოდ, მტკივნეული, თუმცა არც ისე ხანგრძლივი იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, ადგილობრივებმა პირვანდელი სქემის აღდგენა მოითხოვონ, რადგან ძველი სატრანსპორტო პრობლემები დავიწყებული არაა. უკმაყოფილო ადამიანებს იზიდავს არა „ძველი წესრიგი“ ან ალტერნატიული გეგმა, არამედ ჰონტოლოგიური ფანტომი, სურათი მომავლიდან, რომელიც არასოდეს დადგება. ეს ტერმინი ჟაკ დერიდამ შემოიტანა, როდესაც განიხილავდა კომუნიზმს როგორც აჩრდილს („აჩრდილი“ ჯერ კიდევ „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ უწოდეს) - ცოცხალი არაა, მაგრამ არც მკვდარია და ნამდვილად ძალუძს თავი შეგვახსენოს.

დერიდა წერდა, რომ წარსული აწმყოში წარმოდგენილია არა პირვანდელი სახით, არამედ როგორც ერთგვარი კვალი - ის იზიდავს მათ, ვინც თანამედროვე სამყაროში ადგილს ვერ პოულობს. თუმცა, აწმყოსა და მომავალზე გარკვეული სიფრთხილით უნდა ვისაუბროთ, რადგან ფრანგი ფილოსოფოსის მიერ აღწერილი აჩრდილები დროის ჩვეულ აღქმას ანადგურებენ. ტერმინი 1993 წლის წიგნიდან „მარქსის აჩრდილები“ მალევე ფართოდ გავრცელდა, უპირველესად, მუსიკის კრიტიკოსების წყალობით, მისი შინაარსი გაფართოვდა, საზრისმა მრავალი ახალი ასპექტი შეიძინა. ჰონტოლოგიის (აჩრდილოლოგიის) ფარგლებში შეიძლება განიხილებოდეს ნოსტალგია წარსულზე, რომელსაც რეალურად ადგილი არ ჰქონია, გამუდმებული ფიქრი მომავალზე, რომელიც ვერა და ვერ დადგა და გაუთავებელი თამაში ცნობილ აუდიოვიზიუალურ ფრაგმენტებთან, როგორც აჩრდილებთან, რომელნიც ჩვენს სიახლოვეს გამუდმებით, შემაშფოთებელი სიხშირით ჩნდებიან.

თუ ლეთე, დავიწყების მომტანი მდინარე მიმართულებას შეიცვლიდა, Facebook-ის ნიუსფიდს დაემსგავსებოდა. ასიათასობით ქართველის თვალწინ ამ ნაკადს ყოველდღიურად მიყვება უთვალავი ძველი ფოტო, ვინტაჟური არტეფაქტი, არქივში აღმოჩენილი სიმღერა და პათოსით გაჟღენთილი ციტატა ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც, ხშირად გაურკვეველი მიზეზით, გამოჩენილად უნდა ჩავთვალოთ. კოლექტიური არაცნობიერი დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში ახდენს ამ ნაგლეჯების კომპილირებას და ქმნის არა მხოლოდ იდეალიზებული თბილისის ხატს, რომელიც წარსულში (სინამდვილეში არასოდეს არ) არსებობდა, არამედ წარმოდგენას იმის თაობაზე, როგორი უნდა გამხდარიყო ის. ამ ქალაქ-მოჩვენებაში ბევრი მწვანე ნარგავია, ცოტა მანქანა და „ჩამოთრეული“, ქალაქელები სიბრძნესა და ხალისს აფრქვევენ, ხოლო იგივე ვაკე ბრწყინავს, როგორც პალატინის ბორცვი ძველ რომში და სულაც არ წარმოადგენს შენობების, ბიოგრაფიების და საზრისების ქაოტურ გროვას.

საინტერესოა, რომ ბოლო რუსული სიმღერა, რომელმაც თბილისში ლამის საყოველთაო-სახალხო პოპულარობა ჰპოვა, მოგვითხრობს „ქალაქზე, რომელიც არ არსებობს“ (ქართული ვარიანტი - „ქალაქი, რომელიც ჩემს ქალაქს აღარ ჰგავს“). ეს ქალაქი-მოჩვენება, ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, გაჩნდა არა 90-იანების კატასტროფის შემდეგ, არამედ საბჭოთა პერიოდის მიწურულს, როდესაც ქართული კულტურა ფორმალური თვალსაზრისით ყვაოდა, თუმცა შემოქმედებითი საწყისი კვდებოდა. ყველას ახსოვს იდეური კრიზისი, შენიღბული, მაგრამ მაინც მომაკვდინებელი პესიმიზმი, უნაყოფო დისკუსიები და აწმყოში წარსულის ზონის სიმპტომატური გაფართოება. საფლავის ქვების ზომა იზრდებოდა, ხალხი სასაფლაოზე მეტ დროს ატარებდა, ვიდრე უწინ, გარდაცვლილების პორტრეტები ბინებში ცენტრალურ ადგილს იკავებდნენ. ახალგაზრდობა, გერმანელების თქმის არ იყოს, შეპყრობილი იყო Ruinenlust-ით, ანუ ლტოლვით ნანგრევების მიმართ - როგორც შუა საუკუნეების, ისე მოდერნის პერიოდის. ფილმების და წიგნების გმირებს გზად ერთი სცენიდან მეორემდე (მოგვიანებით კი, დოზიდან - დოზამდე) ათას ფლეშბეკზე გადახტომა უხდებოდათ, ხოლო ორატორები მუდამ დიადი წინაპრების სულებს მიმართავდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაარსდა ჰონტოლოგიური თბილისი, რომლის ტერიტორია ბოლო 30-40 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

ჩვენ ვაკვირდებით დიდი ხნის წინ დანგრეული ან შეცვლილი შენობების ძველ ფოტოებს, გარდაცვლილი მსახიობების სახეებს და საკუთარ თავს მოგონებებით სულიერ ტკივილს ვაყენებთ, სავარაუდოდ, გაცილებით ხშირად, ვიდრე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ბევრი ჩვენგანი ხშირად უსადაგებს წარმოდგენებს არშემდგარ მომავალზე რეალური სამყაროს გამოვლინებებს, რომელიც, როგორ შოპენჰაუერმა შენიშნა, გულგრილია ჩვენი ზრახვების მიმართ. ვაკის რეკონსტრუქციის მთავარი განსხვავება აღმაშენებლის (ყოფ. პლეხანოვის), ორბელიანის მოედნის და სხვ. პროექტებისგან იმაში მდგომარეობს, რომ ის არ შეიცავს რევერანსებს წარსულის მიმართ, თუ ასეთად მრგვალი ბაღის აფგრეიდს არ ჩავთვლით. მოძრაობის ახალი სქემა, მეორე - თუ არა მეათეხარისხოვანია, მთავარია დედაქალაქის საკვანძო რაიონი შეეხოს აწმყოს, რომელიც აიძულებს შეიცვალოს, გადადგას რამდენიმე ნაბიჯი ახალი (შესაძლოა, ევროპული) ცხოვრების მიმართულებით და არა ძველის, რომელსაც დროის ლაბირინთში გზა-კვალი აებნა.

მეგობრები ხანდახან აღიარებენ, რომ მუდამ უბრუნდებიან უკვე ნანახ ფილმებს ისე, თითქოს ახალი ფილმების ეშინიათ. ხოლო როდესაც სოციალურ ქსელში კლასელებს ხვდებიან, აქტიურად ურთიერთობენ მათთან იქვე, მაშინაც კი, როდესაც ძალიან ახლოს ცხოვრობენ და ნანატრ შეხვედრას ელექტრონული იმპულსებით ურთიერთობას ამჯობინებენ - ძველ ფოტოებთან, თანმდევ ემოციებთან და ტექსტური შეტყობინებების კილომეტრებთან. თუმცა ზრდილობა შესაძლებლობას არ გვაძლევს ამ ელემენტების ერთობლიობას „აჩრდილი“ ვუწოდოთ.

2019 წლის ივლისში NDI-ს რესპოდენტების 78%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებას, 71%-მა ნატო-ში გაწევრიანებას, ხოლო 41%-მა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო (49%-მა ის კარგ მოვლენად ჩათვალა, 10%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა). ბევრმა კომენტატორმა მონაცემები არ შეაჯამა, ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ ევროკავშირის ზოგიერთი მომხრე სსრკ-ს დაშლას შეიძლება ცუდ მოვლენად თვლიდეს, და დაიწყო მრისხანე მსჯელობა ნოსტალგიაზე საბჭოთა კავშირის მიმართ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კონტექსტში. თუმცა რესპოდენტების დიდი ნაწილის თვალწინ, დიდი ალბათობით, იდგა არა ნამდვილი სსრკ უამრავი პრობლემით, არამედ აჩრდილი, რომელიც უხმობს ყველას, ვისაც ახალი ცხოვრება არ სწყალობს. ისინი გამუდმებული კომპილირებით ქმნიან რეალიზების შესაძლებლობას მოკლებული ალტერნატივის ხატს. მათი ცნობიერება ალყაშემორტყმულია - ის ხედავს ფოტოებს ფეისბუკ-ჯგუფებიდან „სსრკ-ში დაბადებულები“ (და სხვა მსგავსი), ნაწყვეტებს ძველი ფილმებიდან, სპექტაკლებიდან, სპორტული რეპორტაჟებიდან, სტალინის ციტატებს, მოგონებებს პირველ სიყვარულზე, მოპარულ „სგუშჩონკაზე“, ავ თუ კარგ სტაბილურობაზე, მაგრამ უპირველესად - არარეალიზებულ შესაძლებლობებზე. ნამდვილი სსრკ-სგან განსხვავებით, სსრკ-ს აჩრდილის განადგურება შეუძლებელია - მოჯადოებული ადამიანები მუდამ მოიგერიებენ ყველაზე წონად არგუმენტებსაც კი. ის უკან დაიხევს (მაგრამ არ გაქრება) მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იპოვის საკუთარ ადგილს აწმყოში, რაოდენ შეუხედავიც უნდა იყოს დღეს, და მომავალს ამ წერტილიდან შეხედავს.

1989-ში, „მარქსის აჩრდილების“ გამოქვეყნებამდე 4 წლით ადრე, „სახალხო ფრონტის“ ყრილობაზე გამოსვლისას მერაბ მამარდაშვილმა თქვა: „ახალგაზრდობა, რომელიც იღვიძებს, პირველი სხივი თვითცნობიერების შევა მის თავში, რომ გაახელს თვალს, ხედავს რომ არის გარშემორტყმული ვერტიკალურად მდგარი ცხედრებით, მკვდარი ხალხით. აი ეს არის პირველადი შეგრძნება ახალგაზრდის, რომელიც იღვიძებს ჩვენ საქართველოში, ან რუსეთში, ან ბელორუსიაში, ან ლიტვაში“. ვერ გაუგეს (და არც უცდიათ) - პოლიტიკოსებს დარბაზში უპირველესად ძალაუფლება აინტერესებდა, რომელიც მაშინ უკვე ქუჩაში ეგდო, სხვები კი ამ მეტაფორამ უბრალოდ შეაშინა. ის ახალგაზრდები დღეს, 50 წლის ასაკში, კვლავ გარშემორტყმულები არიან, ხოლო ხსენებული სხივი ჩაქრა (თუ არ ჩამქრალა?).

ბოლოს და ბოლოს ტაქსი საცობიდან გამოძვრა. ტაქსისტი მიქროდა როგორც მიხაელ შუმახერი საუკეთესო წლებში (ყოველ შემთხვევაში - ცდილობდა). საუბარმა თემა დაკარგა, გინებამ - აზრი; გაცილებით საინტერესო იყო ფანჯარაში ყურება. ადამიანების, ქუჩების, სახლების მიღმა შეუძლებელია დაინახო ქალაქი-მოჩვენება, რომელიც ცვლის, მეტიც - იმორჩილებს ჩვენს აღქმას, თუმცა შეიძლება შეიგრძნო ის. ფრანგი ეთნოგრაფი მარკ ოჟე წერდა: „ქალაქი თავის არსებობას წარმოსახვის სფეროს უნდა უმადლოდეს, რომელიც მასში იბადება და მასვე უბრუნდება, სწორედ იმ სფეროს, რომელიც იკვებება ქალაქით და კვებავს მას, რომელიც მისგან იღებს სიცოცხლეს და ახალ სიცოცხლეს აძლევს. ინტერესი ამ სფეროს ევოლუციის მიმართ სავსებით გამართლებულია: ეს სფერო ეხება როგორც ქალაქს (მისი კონსტანტებით და ცვლილებებით), ისე ჩვენს ურთიერთობას ხატოვნებასთან,რომელიც ასევე იცვლება ქალაქისა და საზოგადოების მსგავსად“. თუმცა ინტერესი განსხვავდება სრული ჩაძირვისაგან შემდგომი დახრჩობით, ხოლო ჰონტოლოგია სწორედ ამას მოითხოვს დაჟინებით.

„ქართველებს წინ გახედვა არ შეუძლიათ“,- თქვა ქვეყნის ერთ-ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა კერძო საუბარში, როდესაც ძალიან გაღიზიანებული იყო. ალბათ მაინც შეუძლიათ, მაგრამ ნამდვილად არ უყვართ.

დიმიტრი მონიავა